ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი და ექსპრემიერი, ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ ის მოქმედ შს მინისტრს არ შეაფასებს. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ როგორც ყოფილი შს მინისტრი რჩება “სტანდარტად” და მისგან მოქმედი მინისტრის შეფასება “ეჭვიანობის ნიშანი” იქნება.
“მე მომავალში არასოდეს არ გავაკეთებ შეფასებას მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრის. იმიტომ, რომ ჩემი მხრიდან ეს გამოჩნდება სუბიექტურად. სხვადასხვა მიზეზების გამო მე ვრჩები სიმბოლოდ, ასე ვთქვათ, სტანდარტად და ყველა შემდგომ მინისტრს უწევს ჩემთან შედარება. ნებისმიერი ჩემი ნათქვამი იქნება რაღაც პირადი ეჭვიანობის ან სუბიექტურობის ნიშანი”, — განუცხადა ვანო მერაბიშვილმა მთავარ არხს.
ვანო მერაბიშვილმა ციხე 20 თებერვალს დატოვა. მისი განცხადებით, პოლიტიკაში აქტიურად ჩართვას აპირებს და იბრძოლებს, რომ ეს რეჟიმი წელსვე ჩამოშორდეს საქართველოს.
მერაბიშვილმა ციხე 6 წლისა და 9 თვის შემდეგ დატოვა. ის 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვისა და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს. მოგვიანებით, მას სხვა ბრალდებებიც წაუყენეს — 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
ამჟამად საქალაქო სასამართლოში მერაბიშვილს 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და იმედში შეჭრის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან. მისი ადვოკატის, ოთო კახიძის განმარტებით, ამ საქმეზე გამტყუნების შემთხვევაშიც კი, უკვე მოხდილი წლები ამეტებს ახალ შესაძლო სასჯელს და მერაბიშვილს ამის გამო ვერ დაიჭერენ.

