ლადო სადღობელაშვილი – “ვანო მერაბიშვილს ამ ხელისუფლების დამთავრება შეუძლია”

ლადო სადღობელაშვილი - “ვანო მერაბიშვილს ამ ხელისუფლების დამთავრება შეუძლია”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.
– ლადო, კეთდება შეფასებები, რომ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლამ მთლიანად შეცვალა პოლიტიკური დღის წესრიგი. რას ფიქრობთ თქვენ?
– თავიდან მეც ვფიქრობდი, რომ არავითარი გავლენა არ ექნება-მეთქი ვანოს გამოსვლას პოლიტიკურ პროცესებთან, რაც უნდა იყოს, სისხლიანი რეჟიმის მამად არის შერაცხული და ასეც იყო, აქ ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ დავინახეთ ძალიან საინტერესო ნიუანსი, რომ ეს ადამიანი აღმოჩნდა ის პიროვნება, რომელმაც, სააკაშვილისგან, ბოკერიასგან და ადეიშვილისგან განსხვავებით, მოიხადა თავისი წილი ციხისა და დღეს მასთან აღარ არსებობს კითხვა და არ არსებობს არავითარი საფუძველი მისი დევნისა.
შესაბამისად, ამ ადამიანმა დააშავა, მოიხადა, გამოვიდა და იწყებს თავიდან ცხოვრებას ასეთ სტილში.
– თუმცა მუქარა მოვისმინეთ მის განცხადებებში.
– მივალ მანდამდეც. მე ვიხსენებ იმ პერიოდს, სანამ მას დაიჭერდნენ. არჩევნების წაგების შემდეგ, რაც სააკაშვილმა დატოვა ხელისუფლება და გაიქცა ქვეყნიდან, მერაბიშვილმა ჩაიბარა რეალურად ნაციონალური მოძრაობა. გუშინ თამარ ჩერგოლეიშვილმაც განაცხადა, ნაციონალური მოძრაობა ვანომ ააწყოო. მეც ვიზიარებ ამ აზრს, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც პარტია, არის მისი შექმნილი და აწყობილი. ბრენდი იყო სააკაშვილი, ხოლო ხერხემალი – მერაბიშვილი.
სახელმწიფოს დონეზე სამი ხერხემალი ჰყავდა სააკაშვილის. ერთი იყო მერაბიშვილი, ასევე ბოკერია და ადეიშვილი. სანამ მერაბიშვილი იყო პარტიაში, ნაციონალური მოძრაობა იყო ურყევი და არ დაშლილა. ამ პარტიამ რღვევა და რყევა დაიწყო სწორედ მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილს მიუსაჯეს.
მე ვიტყოდი, რომ დღეს ვანო მერაბიშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი პარტიაში, სააკაშვილზე მეტადაც კი. მე კი არ ვაქებ ვანოს, მას ვახასიათებ ნაციონალების გადმოსახედიდან და რატომ აქვს ამ მთავრობას მისი შიში, ამაზე მინდა, ვისაუბრო.
– იმის თქმა გინდათ, რომ “ოცნების” ხელისუფლებას მერაბიშვილის ეშინია?
– ვანო მერაბიშვილს რომ იჭერდნენ, მან თქვა, ბიძინა ივანიშვილს ავუფეთქებ ხელისუფლებასო. აფეთქება ფიზიკურად კი არ იგულისხმა, როგორც ჩანს, მას ისეთი სერიოზული კომპრომატები აქვს, რომლებიც ძალიან მძიმედ აისახება ამ ხელისუფლების წარმომადგენლებზე.
– ასეთი რა უნდა ჰქონდეს ვანოს?
– შინაგან საქმეთა მინისტრი ეგ იყო და თუ უსმენდა ვინმე ვიღაცას, პირველი ვანო მერაბიშვილი იყო. მაშინ რაღაც პერიოდი შს სამინისტრო და უშიშროება გაერთიანებული იყო და ამ ორი ძლიერი უწყების მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი.
ის უბრალო ადამიანი არ არის. ვანო საშიშია ამ მთავრობისთვის. სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ამ მთავრობისთვის. მოიხადა სასჯელი, თავისუფალია და ისიც აჩვენა, რომ მისთვის ციხე არ არის შემაბრკოლებელი. ეს ადამიანი რომ გააჩერონ, მაშინ პირდაპირ უნდა ესროლონ, სხვანაირად ვერ გაანეიტრალებენ.
– უგულავასავით რომ შეაბრუნონ?
– ვერ შეაბრუნებენ, იმიტომ, რომ ყველა მუხლს, რომელიც შეიძლება ივარაუდო ვანო მერაბიშვილის საწინააღმდეგოდ, რომელიც შეიძლება იყოს მისჯილი, ეს 7 წელი შთანთქავს, რადგან აღარ არის შეკრებითობის პრინციპი. ერთადერთი იმ შემთხვევაში შეაბრუნებენ, თუ გამოიკვეთება ვანოს ხელიდან ვიღაცის მოკვლის ფაქტი, რაც მეეჭვება, რომ მას ჩაედინა.
ვანო მერაბიშვილი იყო ადამიანი, რომელმაც შემოიკრიბა და გააძლიერა ნაციონალური მოძრაობა მაშინ, როცა ყველას ეგონა, რომ ნაცმოძრაობა დაიშლებოდა, მაგრამ არ დაშლილა ნაციონალური მოძრაობა. ეს იყო 2013 წლის ჩათვლით. ამის შემდეგ ვანო მერაბიშვილს იჭერენ და იგი ემუქრება ხელისუფლებას, ჯერ კიდევ მაშინ 2013 წელს, 7 წლის წინ, შიგნიდან აგაფეთქებთო.
7 წლის თავზე გამოდის სასჯელმოხდილი, გასუფთავებული მერაბიშვილი უზარმაზარი ფულადი რესურსით. მას უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვს, არაფრით ჩამოუვარდება სააკაშვილს.
– მის მუქარაზე რას იტყვით?
– ვანო გამოვიდა თუ არა, პირველი ფრაზა რაც თქვა, ეს იყო ის, რომ წლის ბოლომდე ეს ადამიანები დატოვებენ ხელისუფლებას. ამის თქმის საფუძველს აძლევს ის, რომ გარდა იმისა, რომ აქვს დიდი ფული, მას აქვს ძალიან ძლიერი და ბევრი კომპრომატი ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ამას კიდევ ემატება ის, რომ ხელისუფლების ძალოვანი სტრუქტურების, პირველი თუ არა, მეორე და მესამე პირები, არიან ვანო მერაბიშვილის მიერ მიყვანილი პირები შსს-ს უწყებაში. შემდეგ ეს პირები დაწინაურდნენ წლების განმავლობაში და დღეს გვევლინებიან, როგორც მინისტრის მოადგილეები და სამსახურების უფროსები.
– ამით რისი თქმა გინდათ?
– მე იმის თქმა მინდა, რომ შს სამინისტრო და სუსი რეალურად რაღაც ბმაში არიან ვანო მერაბიშვილთან. გარდა ამისა, ციხიდან გამოსულ ვანოს ხვდება ძალიან შესუსტებული “ოცნება”. ეს ყველაფერი ვანო მერაბიშვილს უქმნის იმის ნიადაგს, რომ ეს ხელისუფლება მართლაც დაამთავროს.
– სად წავა ვანო მერაბიშვილი, ნაცმოძრაობაში?
– მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ნაციონალურ მოძრაობაში წავა. ციხიდან რომ გამოვიდა, იცით, ვინ ელოდებოდა? ვინ იყო ძირითადი მასა? ესენი იყვნენ ის პოლიციელები, რომლებიც ამ 7-8 წლის განმავლობაში გამოყარეს ამ სტრუქტურებიდან. ერთ-ერთი საარჩევნო და მთავარი ფრაზა, რაც ვანომ გამოსვლისას თქვა, იყოს ის, რომ მე პოლიციას დავუბრუნებ ღირსებასო.
ნაცმოძრაობა სწორედ რომ რევანშისტული ძალაა, მას სწორედ რომ დამხობა უნდა ამ ხელისუფლების. ნაციონალებმა ძალიან კარგად იციან, რომ “ქართული ოცნება” ლეგიტიმურად წამსვლელი არ არის. დამხობა და რევოლუციური სცენარია მათი თვითმიზანი, რადგან აქ ძირითადად თავმოყრილი არიან ყოფილი ძალოვნები. მათ იციან დამხობა, მათ არ იციან პოლიტიკა.
– რა მნიშვნელოვან ინფორმაციას უნდა ფლობდეს მერაბიშვილი? ციხის კადრების გავრცელებაც ბევრმა მის გვარს დაუკავშირა.
– თუ ვინმეს ჰქონდა კადრები ციხიდან, ეს იყო სწორედ ვანო მერაბიშვილი. სწორედ მაშინ გავრცელდა ციხის კადრები, როდესაც ვანო მერაბიშვილი შს სამინისტროდან პრაქტიკულად მოაშორა სააკაშვილმა და გადაიყვანა პრემიერად. პრემიერი უფრო გლობალური თანამდებობაა და ის ვეღარ ძვრება ამ ნიუანსებში და ვერ უჭირავს საყრდენი ძალა სახელმწიფოსი. ამიტომ იყო, რომ გადააგდეს.
– რატომ უნდა გაევრცელებინა ვანოს ეს კადრები, ეს ხომ მათ ხელისუფლებას გამოუთხრიდა ძირს?
– ვანო მერაბიშვილი ებრძოდა ბაჩო ახალაიას, მაშინ სწორედ ბაჩო ახალაია იყო ციხის უფროსი. ვანომ ეს კადრები იმიტომ გამოიტანა სააშკარაოზე, რომ ბაჩანა ახალაია ჩამოეშორებინა მმართველობას, თუმცა ეს ყველაფერი ისე აგორდა შემდგომ, რომ მათვე შემოუბრუნდათ და დაემხო კიდეც ნაციონალური მოძრაობის მთავრობა.
– ფიქრობთ, რომ ვანოს “ოცნებაზეც” სერიოზული კომპრომატები აქვს?
– ვფიქრობ კი არა, დარწმუნებული ვარ! გადახედეთ “ქართულ ოცნებას”, იქ რამდენი ნაციონალების დროინდელი ჩინოვნიკია. ზოგი პარლამენტშია, ზოგიც – სამინისტროებში. ვანო მერაბიშვილს აუცილებლად ექნება ინფორმაციები და ჩანაწერები. როგორც ვიცი, კიდევ ბევრი ფლეშკა აქვთ.
ძალიან კარგად მახსოვს ის დღე, ვანო რომ დაიჭირეს. ვანო მერაბიშვილს გაუკვირდა, რომ დაიჭირეს. აი, უგულავას კი არც პირველ ჯერზე გაკვირვებია და არც მეორეჯერ, რომ იჭერდნენ. ვანოს კი ხელი რომ მოკიდეს დასაჭერად, მას გაუკვირდა. გაიხსენონ ის განცხადებები, რაც მაშინ ვანომ აკეთა.
– რატომ გაუკვირდა?
– იმიტომ, რომ მას, როგორც ჩანს, ისეთი კომპრომატები აქვს, რომ ვერ წარმოედგინა, რომ დაიჭერდნენ. რადგან ასეთი წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე, როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილთან მიმართებაში აქვს სერიოზული კომპრომატები. ვანო მერაბიშვილი ძალიან ჭკვიანი გამოდგა.
– რაში გამოიხატა მისი სიჭკვიანე?
– მან თავისი ტყვიები არ დახარჯა მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” იყო ძლიერი. მან შეინახა ეს ტყვიები. ამ ადამიანს აქვს სერიოზული კომპრომატები და ამ კომპრომატების ახლა სროლას აპირებს. ვანო მერაბიშვილი, ვფიქრობ, რომ ნაცმოძრაობას ჩაუდგება სათავეში. თუ არა და ახალ სერიოზულ დაჯგუფებას შექმნის.
– “ევროპული საქართველო” დიდად აღფრთოვანებული არ შეხვდა ვანოს.
– კი, ეს ვერ დამალეს. “ევროპული საქართველოს” ლიდერები მასთან არაერთხელ იყვნენ შესულები, ბოკერიები და სხვები. მას ემუდარებოდნენ, წამოგვყევი კოაბიტაციაში ივანიშვილთანო, მაგრამ არ წაყვა.
ამიტომ არის, რომ ვანო ვანოა, ბოკერიას კი ყოველთვის დაადებენ თითს და იტყვიან, რომ დარბის ბიძინასთან და ამ ხელისუფლებასთან ბმაშია. ვანოზე შეიძლება თქვან, პირსისხლიანიაო, მაგრამ ესენი ხომ ყველანი ერთი რეჟიმის წევრები არიან და თანაბრად პირსისხლიანები არიან.
– პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით?
– მე დავაკვირდი “ოცნების” ლიდერების სახეებს, მათ გამოსვლებს და დავრწმუნდი, რომ ვანო მათთვის დიდი საფრთხეა. გახარია ამას ვერ მიხვდება, იმიტომ, რომ გახარია საერთოდ არ ყოფილა მაშინ, როდესაც მერაბიშვილი იყო.
– სააკაშვილი შორს არის, მისგან არ იქმნება ძლიერი ბუა. ახლა ვანოსგან ხომ არ იქმნება ახალი ბუა?
– კი, ახლა დაიწყებენ ვანოზე შავი პიარის აგორებას, სააკაშვილი აღარავის გაახსენდება. აქ ბევრი რამე ვანოზე იქნება დამოკიდებული, რა სტრატეგიას აირჩევს.
ის თავისუფალია, სასჯელი მოიხადა და ხელისუფლებამ მეტი ბრალი ვეღარ დაუდო.