ვინ არის გიგა აბრალავა, რომელიც ცოლის, სალომე ბოხუას, მკვლელობისთვის დააკავეს

ვინ არის გიგა აბრალავა, რომელიც ცოლის, სალომე ბოხუას, მკვლელობისთვის დააკავეს„პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი ხდება სამტრედიაში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის ვინაობა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი მეზობლებზე დაყრდნობით ადგილიდან იუწყება, ბრალდებულის სახით დაკავებულია 28 წლის გიგა აბრალავა.

ის დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია, გიგა აბრალავა და მისი მეუღლე, 26 წლის სალომე ბოხუა უკვე ერთი წელია ერთად აღარ ცხოვრობენ. დღეს კი სამოქალაქო რეესტრში განქორწინება ოფიციალურად უნდა გაეფორმებინათ, როდესაც გიგა აბრალავამ მოულოდნელად მეუღლეს ყელის არეში დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

გიგა აბრალავას და სალომე ბოხუას ორი მცირეწლოვანი შვილი – რვა და ექვსი წლის გოგოები ჰყავთ.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზში, განქორწინების პროცედურის დაწყებამდე, ცოლს – 1994 წელს დაბადებულ ს.ბ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ა. მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს სამტრედიის ფილიალის მოქალაქეთა მომსახურების დარბაზშივე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

პრაიმ ტაიმი