ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯოჯიშვილს პატიმრობა შეეფარდა

ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯოჯიშვილს პატიმრობა შეეფარდათავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდებით დაკავებულ ვიცე-პოლკოვნიკ გიორგი ჯოჯიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ ამ წუთებში გამოაცხადა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი 5.000-ლარიან გირაოს ითხოვდა.

გიორგი ჯოჯიშვილი გიორგი ჯოჯიშვილია და არა რობინ ჰუდი, რომ მდიდარს წაართავს და ღარიბს მოახმაროს, – ამის შესახებ გიორგი ჯოჯიშვილის საქმის პროკურორმა დავით კვინიკაძემ განაცხადა.

აღნიშნულით მან დაცვის მხარის განცხადებას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული მითვისებული ქონების ნაწილით სხვას დაეხმარა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დავით კვინიკაძემ განუცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ის სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს, ვინაიდან მითვისებული ქონებით სხვისი დახმარება არასერიოზულად მიაჩნია.

გიორგი ჯოჯიშვილის ადვოკატი ნოდარ ცინცაძე აღნიშნულ საკითხზე სრულყოფილი ინფორმაციის გაცემის აუცილებლობას ვერ ხედავს და საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე ინფორმაციას ვერ გააჟღერებს.

მისივე განმარტებით, გიორგი ჯოჯიშვილმა თავდაცვის სამინისტროსთვის მიყენებული ზიანი საკუთარი სურვილით უკვე აანაზღაურა.

„გამოძიების მიერ ზიანი 9.228 ლარით განისაზღვრა. ჩვენ ძალიან დიდი ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ შესაბამისი ანგარიშის ნომერი მოგვეპოვებინა და ეს თანხა ნებაყოფლობით აგვენაზღაურებინა. ბრალდების მხარეს ამაში წვლილი არ მიუძღვის“, – აცხადებს ადვოკატი.

მოსამართლე ზვიად შარაძის განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხე არ არსებობს, თუმცა, იმისათვის, რომ გამოძიება სათანადოდ მოხდეს და მტკიცებულებები არ განადგურდეს, დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უნდა შეეფარდოს.

აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა 26 მარტს დაინიშნა.