ზაზა ხატიაშვილი – “შოთაძის დაბრუნება ივანიშვილის ხუშტურია”

ზაზა ხატიაშვილი - “შოთაძის დაბრუნება ივანიშვილის ხუშტურია”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ზაზა ხატიაშვილი პასუხობს.
– ბატონო ზაზა, ჩვენი მოლოდინი გამართლდა, საპროკურორო საბჭომ 11 ხმით ირაკლი შოთაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი და პარლამენტს გადაუგზავნა დასამტკიცებლად. უმრავლესობა წინასწარ აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს შოთაძის კანდიდატურას.
– ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა ეს გადაწყვეტილება მიღებული, რომ შოთაძე უნდა დაბრუნებულიყო გენერალურ პროკურორად. შოთაძეს დაუფასა გაკეთებული საქმეები. მას სჭირდება შოთაძე.
მე მინდა გაგახსენოთ კაბელების საქმე. სწორედ შოთაძე იყო ის პირი, რომელმაც პარლამენტში მიიტანა და დეპუტატებს აჩვენა სისხლის სამართლის საქმის დეტალები. თქვენ თუ გახსოვთ, საგანელიძემ განცხადება გააკეთა გრიფით საიდუმლო საქმეზე, რომელსაც ადვოკატებსაც კი არ აჩვენებდნენ, ჩვენ ვნახეთ საქმის დეტალები და დანაშაული ჩადენილი აქვთო. ეს იყო ტრაგიკომედია. სწორედ მაშინ თქვეს, ბიძინა გენერალურ პროკურორობას შეპირდა შოთაძესო. წინასწარ იცოდნენ, რომ შოთაძე გახდებოდა პროკურორი. მერე წავიდა შოთაძე, თუმცა კულუარულად სულ იყო საუბარი, ბიძინას შოთაძის დაბრუნება უნდაო. ამ შუალედებში დანიშნა უდიპლომო პროკურორი.
– თადუმაძე?
– დიახ, თადუმაძე. ეს იყო მართლაც სირცხვილი ამ ქვეყნის ისტორიაში. თადუმაძემდე დანიშნა ყაჩაღობაში მსჯავრდებული პროკურორი. გენერალური პროკურორი გვყავდა, რომელსაც ყაჩაღობა ჰქონდა ჩადენილი, ბოტასები ჰქონდა მოპარული.
ეს ადამიანი ეთამაშება ქართულ საზოგადოებას. ეუბნება, როგორც მე მინდა, ისე იქნება, როგორც ხე გადავრგე აჭარიდან ჩემ კარ-მიდამოში, ისე გადავრგავ ნებისმიერ პიროვნებას ნებისმიერ თანამდებობაზე!
აი, ეს არის დიდი პრობლემა. იქ შოთაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ამით პრობლემა არ მოგვარდება. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ბიძინას უნდა.
– საპროკურორო საბჭოც ფორმალობაა? ერთხმად დაუჭირეს მხარი შოთაძეს.
– რა თქმა უნდა, ფორმალობაა. ფეოდალს ნებისმიერი ადამიანი რომ წარედგინა და ეთქვა, ეს უნდა გავიდესო, რომელიმე პროკურორი გაბედავდა შეპასუხებას?! ან პარლამენტში რა მოხდა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან მიმართებაში რა სამარცხვინო მოქმედება ჩაიდინა “ქართულმა ოცნებამ”.
– რატომ მოაბრუნა შოთაძე, რა მიზნები აქვს ივანიშვილს, რისთვის სჭირდება?
– ეს მისი მორიგი ხუშტურია. მისი წინამორბედი, თადუმაძე, როგორც გენერალური პროკურორი, გახდა სასაცილო ფიგურა.
სააკაშვილის დროს მოხდა ერთი ფაქტი – კაცი მეზობლის მკვლელობაზე გაასამართლეს, დანაშაული აღიარებინეს და მერე აღმოჩნდა, რომ ეს კაცი ცოცხალი იყო. გამოცხადდა ეს კაცი მოსამართლესთან და უთხრა, ცოცხალი ვარ, რისთვის გაასამართლეთ ეს კაციო და იცით, რა უთხრა მოსამართლემ? შენ პროკურორზე უკეთ იცი, ცოცხალი ხარ თუ არაო?! და ეს მოსამართლე, ვინც ეს განიხილა, სამუდამოდ დანიშნა ივანიშვილის რეჟიმმა!
თადუმაძემ რა გააკეთა? ადამიანი მისცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში, დღეს სასამართლო მიდის, ბრალი წაუყენეს, როცა იმ დღეს, როდესაც დანაშაულის ჩადენას აბრალებენ, მამის დაკრძალვაზე იმყოფებოდა ათენში. საქართველოში საერთოდ არ იყო! აი, ასეთი პროკურატურა გვაქვს.
– სანდო პირებს აბრუნებს ივანიშვილიო და შოთაძეზე მეტად არავის ენდობა?
– შოთაძე არის გათვლა 5 წლის შემდგომ პერიოდზე, როცა ივანიშვილი ან კოალიციით დარჩება ხელისუფლებაში, ან ხელისუფლების მიღმა აღმოჩნდება. ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ორი ადამიანი, შოთაძე – როგორც პროკურორი და უსაფრთხოების სამსახური. ივანიშვილს უმრავლესობა ვეღარ ექნება, თუ პოლიტიკოსები არ მიეყიდნენ, სხვანაირად გამორიცხულია.
– ანუ ივანიშვილი თავს იზღვევს შოთაძის დანიშვნით?
– რა თქმა უნდა, თავს იზღვევს სანდო კადრების დანიშვნით. ვერავინ იტანს ივანიშვილს, ხალხს სძულს. პრემიერი ან სხვა თანამდებობოს პირები არავის გაახსენდება, მთელი რისხვა ივანიშვილს დაატყდება თავზე.
ქვეყანას მილიონებს ახარჯავსო. 10 მილიონს რომ იშოვის უკანონოდ ამავე ქვეყანაში და 2 მილიონს რომ დახარჯავს ქვეყნისთვის, ეს ქველმოქმედება არ არის, ეს თაღლითობაა.
ცაიტნოტშია დღეს ივანიშვილი. შოთაძის დაბრუნებით ივანიშვილმა თავისი შიშები აღიარა. ივანიშვილს რომ აღარ ექნება ეს ძალაუფლება, რაც დღეს აქვს, შოთაძე დარჩება პროკურატურაში და დაიცავს ივანიშვილს და “ქართულ ოცნებას”. სავარაუდოდ, ეს გათვლა აქვს ბიძინას. სწორედ ამიტომ სჭირდება უსაფრთხოების სამსახური და პროკურორი.
– რა გარანტიები აქვს, რომ შოთაძე დაიცავს?
– მაშინ სხვა მონა პროკურორს გაიყვანდა. როგორც ჩანს, იმდენად კომპრომეტირებულია შოთაძე, რომ ივანიშვილს ყურებით უჭირავს, სწორედ ამიტომ დააბრუნეს.
ყველაზე უბინძურესი, რაც ამ ხელისუფლებამ გააკეთა, იყო ბავშვთა სამყაროს გადაწვა. არსებობს დასკვნა, რომ ნავთობპროდუქტების აალების შედეგად გადაიწვა და ბრალდებული პირი ვერ იპოვეს. იმ ტერიტორიაზე დაახლოებით 20 კამერა დგას, რომ ნდომოდათ, რა უნდოდა დამნაშავის პოვნას?! სწორედ შოთაძე იყო იმ დროს პროკურორი და, ვიღაცეების მითითებით, შოთაძემ ეს საქმე დაამუხრუჭა, ჩაფარცხა. ახლა ამბობს, უნდა დავბრუნდე და ძველი საქმეები გამოვიძიოო. ნუ გამაცინა, რისი გამომძიებელი შოთაძეა!\
– სკანდალურად წავიდა შოთაძე, ხორავას საქმის გამო.
– ხორავას საქმეზე დიდი უბედურება იყო ბავშვთა სამყარო. 5 ადამიანია მკვდარი! გულები გაუსკდათ ადამიანებს, რომ დაინახეს, რომ ბანკები გამოასახლებდნენ. და ეს უბედურება დააკონსერვა შოთაძემ! ერთ-ერთი დამსახურება, რისთვისაც შოთაძე ბრუნდება, არის ბავშვთა სამყაროს საქმის გამოუძიებლობა და დაკონსერვება.
– ეს დაუფასა ივანიშვილმა?
– დაუფასა, აბა რა ქნა?! ივანიშვილთან დაახლოებული პირები თუ არ მონაწილეობდნენ ბავშვთა სამყაროს გადაწვაში, მაშინ ხომ გამოიძიებდნენ?!
– წინ არჩევნებია, რა გარანტია აქვს ივანიშვილს, რომ დარჩება ხელისუფლებაში?
– ივანიშვილმა დაამტკიცა, რომ მას არ აქვს გონივრული გათვლები. ის არის ხუშტურებს აყოლილი კაცი. მაგას ჰგონია, რომ ამ სამყაროს მეფეა. თავი ჰგონია რომის იმპერატორი და ვერცერთი მრჩეველი ამ “რომის იმპერატორს” წესიერ რჩევას ვერ უბედავს. ეშინიათ, იმპერატორის რისხვა არ დაიმსახურონ.
– ფაქტია, რომ დასარჩენად ემზადებიან. თავისუფლად გადავლახავთ 50%-იან ზღვარსო. 60%-საც კი ავიღებთო. როგორ, რანაირად?
– თუ მაგისი შნო აქვთ, ამხელა საზოგადოებრივ და საერთაშორისო რეზონანსს გამოიწვევდნენ და პროპორციულ არჩევნებზე უარს იტყოდნენ?! ეს ხომ ბლეფია.
– ანუ გაყალბებისთვის ემზადებიან?
– ვერც გაყალბებით შეძლებდა 50%-ის გადაგორებას. ივანიშვილმა გააერთიანა მთელი ოპოზიციური სპექტრი. თუ მაჟორიტარული არჩევნები დარჩა, ოპოზიცია შეთანხმდა და ყველგან საერთო კანდიდატი დააყენეს, ეს რას ნიშნავს, იცით? “ოცნებას” წაგებული აქვს არჩევნები. ნაციონალური მოძრაობა, “ევროპული საქართველო” ან ხაზარაძის პარტია – აქედან ერთ-ერთი ივანიშვილმა უნდა იყიდოს, რომ ხელისუფლებაში დარჩენა შეძლოს. ამ სამივე პარტიას შეუძლია, 10%-იანი ბარიერი გადალახოს. მათგან ერთ-ერთი თუ იყიდა, შეძლებს დარჩენას. სხვა ვარიანტი არა აქვს, ისე ვერ დარჩება ხელისუფლებაში.
– უშვებთ იმას, რომ მიეყიდება ოპოზიცია?
– სამწუხაროდ, ვუშვებ. ვუშვებ კი არა, დარწმუნებული ვარ, მიეყიდებიან. ოპოზიციაში არიან ის ადამიანები, რომლებსაც არჩევნების წინ უკვე გადაუხადა მილიონები ივანიშვილმა. თუ მაშინ მიეყიდნენ, ახლაც მიეყიდებიან, რა, შერცხვებათ?! გააჩნია, ივანიშვილი რას გადაიხდის.
დათა თუთაშხიასი არ იყოს, 30 ოქროდ პოლიცმეისტერის ცოლიც გაიხდისო. აი, ასეთი სიტუაცია გვაქვს დღესაც. წლების მანძილზე ვუყურებთ, თუ როგორ იყიდება ჩვენი პოლიტიკური სპექტრი. ერთ პოლიტიკოსს ვერ იპოვი, რომელიც ერთი პარტიის ერთგული იყოს – დარბიან პარტიიდან პარტიაში.
სადაც დიდი ხორცის ნაჭერია, იქ მირბიან ყველანი.