ასლან ბჟანია კომიდან გამოვიდა – ის სოჭიდან კრასნოდარში გადააფრინეს

ასლან ბჟანია კომიდან გამოვიდა - ის სოჭიდან კრასნოდარში გადააფრინესოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრ თამაზ ცახნაკიას დავალება მისცა რუს კოლეგებთან ინტენსიურ კავშირზე იყოს ასლან ბჟანიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

გუშინ, ოკუპირებული აფხაზეთის ერთ-ერთი ე.წ. საპრეზიდენტო კანდიდატი, ასლან ბჟანია მოწამვლის ნიშნებით სოჭის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სოჭიდან კი ის ვერტმფრენით კრასნოდარში გადააფრინეს.

აფხაზეთის პარლამენტის სპიკერ ვალერი კვარჩიას თქმით, სოჭის კლინიკაში ასლან ბჟანიას ინსულტი დაუდგინეს.

კრასნოდარის კლინიკაში ასლან ბჟანია კომიდან გამოვიდა. ამის შესახებ მისმა წარმომადგენელმა რენატ ქარჩაამ თქვა.

“პოზიტიური დინამიკაა. კომა იყო ხელოვნური, მედიკამენტოზური, გამოყენებული მის დასაცავად. ახლა ეს დაცვა მოხსნილია. ასლან ბჟანია კომიდან გამოვიდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა მან.

რენატ ქარჩაას თქმით, ასლან ბჟანია ადექვატურად რეაგირებს ყველა კითხვაზე, მაგრამ ჯერჯერობით მხოლოდ თავის ქნევით პასუხობს.
“მოტორიკა, ხელები, ფეხები მოძრაობაშია. გუშინ თქვეს, რომ მას ინსულტი აქვს, მაგრამ მისი ახლანდელი მდგომარეობა ამ ხმებს აქარწყლებს” – აღნიშნა მან.

ქარჩაას თქმით, ექიმები ფრთხილ ოპტიმიზმს გამოთქვამენ.

“ექიმების დიაგნოზი წინასწარია, ამიტომ მისი დაზუსტებაა საჭირო”, – ხაზი გაუსვა მან.