ბათუმში 6 მაღაზია დაიწვა

ბათუმში 6 მაღაზია დაიწვადღეს, 25 მარტს, გამთენიისას, ბათუმში, პუშკინის ქუჩაზე,6 სავაჭრო ობიექტს ცეცხლი გაუჩნდა.

ხანძარი დილით, 05:00 საათზე გაჩნდა.

ადგილზე მეხანძრეების 4 ჯგუფი მუშაობდა. „ხანძარი ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა,“ – ამბობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

როგორც სავაჭრო ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, COVID-19-ის რეჟიმის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის შემდეგ, მათი მაღაზიები უკვე რამდენიმე დღეა, რაც დაკეტილია.

დაიწვა ლაქ-საღებავების და სარემონტო მასალების მაღაზიები. მეპატრონეების თქმით, თითოეულ მათგანს მინიმუმ 15 ათასი ლარის ზიანი მიადგა, ზოგ მაღაზიას კი 30 ათასზე  მეტი ლარის. არც ერთი მაღაზია დაზღვეული არ იყო. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.