ბესიკ თამლიანი დღეს ციხიდან გამოვა

ბესიკ თამლიანი დღეს ციხიდან გამოვა20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი თითქმის, 9-თვიანი პატიმრობის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებას დღეს დატოვებს.აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თამლიანის ადვოკატმა ლევან იოსელიანმა განუცხადა.

როგორც იოსელიანი განმარტავს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა ბესიკ თამლიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 4 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა. ადვოკატის თქმითვე, აღნიშნულის მიზეზი დაცვის მხარისთვის დაცვის ეფექტური განხორციელების საშუალების მიცემაა, ვინაიდან ბესიკ თამლიანს 9-თვიანი საპატიმრო ვადა 4 აპრილს ეწურებოდა, ამ პერიოდის განავლობაში კი, დაცვის მხარე მოწმეების დაკითხვას ვერ მოასწრებდა.

ლევან იოსელიანის თქმითვე, ბესიკ თამლიანი დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია, ვინაიდან ის სხდომათა დარბაზიდან გაძევებული იყო. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც თამლიანს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსამართლის განჩინება ჩაბარდება, ის საპყრობილეს დატოვებს.

ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა.

აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.