დავით დარჩიაშვილი – “პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე შეთანხმება შესრულებული ვერ იქნება”

დავით დარჩიაშვილი - “პოლიტპატიმრების გამოშვების გარეშე შეთანხმება შესრულებული ვერ იქნება”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრი დავით დარჩიაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო დავით, მიღწეული შეთანხმების შემდეგ რამდენად ელოდებით ნორმალურ წინასაარჩევნო გარემოს?
– ნორმალურ არჩევნებს არ ველოდები, მაგრამ ყველაფერი შედარებითია. თან, ჯობია, შეთანხმებული წესებით ჩატარდეს, ვიდრე შეუთანხმებლად. პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება ჯერ ისევ ჰაერშია გამოკიდებული. მე ვგულისხმობ პოლიტპატიმრების თემას, რომელიც ისევ გადაუჭრელია.
საუბარია იყო კონკრეტულ ადამიანებზე, დღეს ეს საუბარი უარყოფილია. ამიტომ, მე არ გამოვრიცხავ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს საერთოდ შეთანხმება.
– შეთანხმების პირველი ნაწილი?
– დიახ. “ქართულ ოცნებას” არ ჰყოფნის საკონსტიტუციო ცვლილების გასატარებლად პარლამენტში დეპუტატთა რაოდენობა, მათ სჭირდებათ ოპოზიციური ხმები. ამიტომ, თუ შეთანხმება არ იქნება ბოლომდე დაცული, კანონპროექტი ვერ გავა და შეთანხმება ჩაიშლება. რომც ჰყოფნიდეთ ხმები კანონპროექტის გასატანად, შეთანხმება მაინც ჩაშლილად ჩაითვლება, რადგან მთელი ქართველი საზოგადოების, საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინი იყო, რომ პოლიტიკურ სპექტრს შორის შეთანხმება მოხდებოდა. ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმებული თამაშის წესებით გავიდოდნენ არჩევნებზე, ეს იყო მიზანი, სხვა კი არაფერი. თუ ოპოზიციური ძალები უარზე არიან, ე.ი. შეთანხმება არ მომხდარა.
– ელოდით, რომ ხელისუფლება აღიარებდა ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დაპატიმრებას?
– არა, არა, რა თქმა უნდა, ამას არ ველოდი! გასაგებია, ხელისუფლება თავზე ნაცარს არ დაიყრის, მაგრამ რაც უნდათ, ის განცხადებები გააკეთონ, როგორც უნდათ, ისეთი ფორმულირებით, მაგრამ კონკრეტული საქმეებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ. პროცესი უნდა დაიძრას. ასევე, გასაგებია, რომ ვერც იმას იტყვიან, სასამართლოს ვუბრძანებთ, როგორ იმოქმედოსო.
– სწორედ ამას ამბობენ, რომ დამოუკიდებელ ინსტიტუტს ვერ უკარნახებენ.
– დიახ, სწორია, მაგრამ საქმით უნდა გამოჩნდეს, რომ შეთანხმების ყველა ნაწილს ასრულებენ. უნდა შეწყდეს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა, დაკავებულები უნდა გამოვიდნენ ციხიდან ეს იქნება შეწყალებით თუ სხვა გზებით. ეს უნდა მოხდეს სწრაფად, რადგან ნიშნისმოგებით საუბრები უკვე მეტისმეტია, რადგან ასეთი განცხადებები და პოზიციები შეთანხმების ჩაშლის სუნს აჩენს.
– სალომე ზურაბიშვილმა თქვა, ჩემი საქმეა, შევიწყალებ თუ არა უგულავასო. შეიძლება გაუჯიუტდეს “ქართული ოცნება”?
– შეიძლება ასე ილაპარაკოს სალომე ზურაბიშვილმა, მაგრამ ჩემიც, საზოგადოების და საერთაშორისო შუამავლების, ელჩების, ევროპარლამენტარების, ამერიკელი კონგრესმენების, სენატორების მოლოდინი ახლა მის მიმართ სხვა არის. თუ ადეკვატური ნაბიჯები არ გადაიდგა და დარჩეა მხოლოდ განცხადებები, ჩემი საქმეა და მე ვიცი, რასაც ვიზამო, ეს იქნება პირდაპირ უარის თქმა პროცესის ნორმალურ გარემოში დაბრუნებაზე.
– მაინც რამ იქონია გადამწყვეტი გავლენა შეთანხმების მიღწევაში?
– ასეთ დროს ერთი მიზეზი არასდროს არ არის. ყველაფერმა თავისი წვლილი შეიტანა. ოპოზიციის კოორდინაციამ, საზოგადოების განწყობამ, ამ ყველაფერმა საერთაშორისო საზოგადოებას შესაძლებლობა მისცა, მხარი დაეჭირა პროცესის გაჯანსაღებისთვის. ყველაფერმა ერთად მოიტანა ეს შედეგი.
– არჩევნებში ოპოზიციისა და მმართველი პარტიის შანსებზე როგორია თქვენი პოზიცია? მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ “ოცნება” 60%-ს აიღებს და კოალიცია არ დასჭირდება.
– ეს წინასაარჩევნო ბაქი-ბუქია. ეს არის ამომრჩევლის მობილიზებისთვის, მისი გამხნევებისთვის გაკეთებული განცხადება და ასეთი განცხადებები ამისთვის სჭირდებათ. ეს გასაგებია. არავინ ამბობს, არჩევნებში წასაგებად ვმონაწილეობო. თუ არჩევნები მეტ-ნაკლებად ნორმალურად ჩატარდა, მაშინ გამორიცხულია, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მოიგოს. მას “პატრიოტთა ალიანსის” ხმებიც ვერ დაეხმარება კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად.
– და რა შეიძლება მოხდეს?
– ოპოზიცია მოვიდეს კოალიციური მთავრობით. ოპოზიციური კოალიცია იქნება ხელისუფლებაში.
– ოპოზიცია საერთო კანდიდატებით უნდა გამოვიდეს მაჟორიტარულ ოლქებში?
– ამა თუ იმ ფორმით კოორდინაცია რომ იქნება ოპოზიციურ ძალებს შორის, ვიცი. საერთო კანდიდატები იქნება თუ ერთმანეთს კონკურენტებს არ დაუყენებენ, კონკრეტული ფორმა დღეს არ არის ცნობილი, ეს ყველაფერი მოლაპარაკების საგანია.
ოპოზიციაში კოორდინაცია იქნება. ხელისუფლება ყოველმხრივ შეეცდება, ეს კოორდინაცია ჩაშალოს, მაგრამ ოპოზიციამ შეძლო, აქამდე შეენარჩუნებინა ერთიანობა და ეს გაგრძელდება.