ბოლო თვეები,ა საქართველო მკვლელობების სერიამ მოიცვა. გუშინ, გვიან ღამით, თბილისში საზარელი ფაქტი მოხდა – 29 წლის ბიჭმა, საკუთარი დედა, დედის დღის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლა და გვამს ცეცხლი წაუკიდა.
როგორც “ნიუპოსტს” ისნის რაიონში მცხოვრებლები უყვებიან, მეზობლებმა სახანძრო მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ბიჭმა ნაგვის დაწვის მოტივით, ხანძარი გააჩინა, ცეცხლის კერების მატებამ კი ადგილობრივები შეაშინა.
ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, რომ ბიჭი პოლიციას წინააღმდეგობას უწევდა და ის თავდაპირველად სწორედ სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. დაკითხვისას, საეჭვო საქციელის გამოკვეთის შემდეგ პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დაბრუნება გადაწყვიტა და ეზოში ნახევრადდამწვარი 62 წლის ქალის ცხედარი იპოვა.
საქმის მასალების თანახმად, მიმდინარე წლის 2 მარტს, ახალგაზრდა კაცმა ბ.ს.-მ დედას – 1958 წელს დაბადებულ თ.ტ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, გარდაცვლილი ქალის ცხედარს მათსავე საცხოვრებელი სახლის ეზოში ცეცხლი წაუკიდა.
გეთიას ქუჩაზე მცხოვრებლები ამბობენ, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველია და ჩაკეტილი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ადგილობრივების მონაყოლით, ქალი ხშირად სვამდა, რაც კონფლიქტის მიზეზი არაერთხელ გამხდარა. როგორც “ნიუპოსტს” ადგილობრივმა მოუყვა, ქალი საკმაოდ კარგად ხატავდა, რაც თავის რჩენის ერთერთი საშუალება იყო.
“ხმაურმა გაგვაღვიძა, ნაგავს წაუკიდააო, ბოლოს გაირკვა, რომ მოკლული დედის ცხედრის მოშორება უნდოდა… ქალი კარგად ხატავდა და რესტორნებში ხალხის ხატვით ირჩენდა თავს” – აცხადებს ჩვენთან ერთ-ერთი მეზობელი.
მისი თქმით, რესტორნები ხშირად სოციალურად დაუცველს მორჩენილ საჭმელებს ატანდნენ, რაც ქალს შვილისთვის მოჰქონდა.
რაც შეეხება მკვლელობაში ბრალდებულს, მეზობლები ახალგაზრდა მამაკაცს ფაქტობრივად არ იცნობენ, რადგან, მათი თქმით, ის სახლიდან იშვიათად გამოდიოდა. “ნიუპოსტთან” საუბრისას ადგილობრივები აცხედებენ, რომ ბიჭი არაკონტაქტური იყო, “ხშირად სვამდა და ბომჟივით ცხოვრობდა… თითქმის არავის ეკონტაქტებოდა.”
ადგილობრივების თქმით, მკვლელობის მომენტში მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და იგინებოდა.
„შეურაცხადივით იქცეოდა, საკუთარ სახლში ნაგვის დაწვასაც არ მაცდიანო, პოლიციასაც ხელი ჰკრა. ქალის ცხედარი მეორე დღეს იპოვეს, ნახევრად დამწვარია, დანა ზურგში ჩაურტყამს, ხალიჩაში გაახვია და ცეცხლი წაუკიდა“- აცხადებს მეზობელი.
უმძიმეს საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ნიუპოსტი

