„გახარია დღეს ყველა დავალებას ივანიშვილისგან იღებს“

„გახარია დღეს ყველა დავალებას ივანიშვილისგან იღებს“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.

– ლადო, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ჩვენს ქვეყანაში. როგორ აფასებთ ხელისუფლების მუშაობას, რამდენად ართმევს თავს ამ პროცესებს?

– აქამდე მეც მეგონა, რომ ხელისუფლება ყველა პრობლემას იდეალურად ართმევდა თავს, რომ ყველაფერი კარგადაა ქვეყანაში, რომ კონტროლდებოდა ყველა და ყველაფერი და შესაბამისად მშვიდადაც ვიყავი, მაგრამ…

– მაგრამ რა მოხდა, რა შეიცვალა?

– სამწუხაროდ, ორი დღის წინ საკმაოდ სამწუხარო ფაქტი მოხდა ამერიკიდან ჩამოსულ ექიმთან დაკავშირებით და ინციდენტმა მე კიდევ უფრო დამაფიქრა.

ექიმი ქალი ჩამოვიდა ამერიკიდან და მეორე დღესვე სამსახურში გავიდა. ზუსტად იმავე რეისით ჩემი ძალიან ახლობელი ხალხი მგზავრობდა. ეს თვითმფრინავი ამერიკიდან ბაქოში ჩაფრინდა და შემდეგ ბაქოდან ჩამოვიდა თბილისში. დეტალებს არ მოვყვები, მაგრამ იცით, რისი თქმა მინდა? ეს ქალი, თანაც ექიმი, მოფრინავდა ამერიკიდან და იმის მაგივრად, რომ წასულიყო თვითიზოლაციაში, მეორე დღესვე გადის სამსახურში და მესამე დღეს ამ ქალბატონს უდასტურდება კორონავირუსი.

მას პაციენტებთანაც ჰქონდა შემხებლობა და კოლეგებთანაც. რამდენიმე ექიმი თვითიზოლაციაშია. თვითმფრინავი რომ ჩამოდის და შემდეგ ეს ადამიანები მიჰყავთ თვითიზოლაციაში, შემდეგ ამას პატრული ან აკონტროლებს ან არა. როგორც ჩანს, არსებობს ის კატეგორია, რომელსაც ვერ აკონტროლებს ან არ აკონტროლებს პატრული. შესაბამისად, ასეთ ადამიანებს აქვთ რაღაცა სურვილები და არღვევენ კიდეც ამ კარანტინებს.

ამ ექიმის შემთხვევა ამის თვალნათელი მაგალითია, რომელმაც დაარღვია კარანტინი და გავიდა ქუჩაში. უამრავი ემიგრანტი ბრუნდება სამშობლოში, წარმოდგენაც კი არ მინდა, რამდენი იქცევა მისნაირად. განა ასე რთულია, რომ ერთი რომელიმე დაბა გამოიყოს და უცხოეთიდან დაბრუნებული ხალხი ერთ რაიონში, დაბაში, ან სოფელში მოათავსონ?!

– აჯობებს, ყველა ერთად ჰყავდეთ და ასე უკეთ გააკონტროლებენ?

– დიახ. გამოყონ რომელიმე საკურორტო ზონა და გადაკეტონ ისე, როგორც მარნეული და ბოლნისი გადაკეტეს. ასე რომ გაფანტეს ეს ხალხი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ძალიან რთულია მათი კონტროლი. პატრულისთვისაც რთულია. ამხელა რესურსს ხარჯავს სახელმწიფო, რომ ასობით და ათასობით ადამიანს უყარაულოს სახლთან. ეს ხომ ძალიან რთული გასაკეთებელია. ამას ვერც ერთი სახელმწიფო ვერ აკეთებს.

– რისკენ მოუწოდებთ, რა უნდა გააკეთონ?

– ერთადერთი სწორი სცენარი არის ის, რაც გაკეთდა მარნეულში. შემოისაზღვროს ერთი დაბა იქნება თუ ქალაქი და სწორედ იქ მოეწყოს საკარანტინე ზონა, სადაც აღირიცხებიან ეს ადამიანები, რომ ეს კონკრეტული პირი, მაგალითად, შევიდა დღეს და 20 დღის მერე უნდა გამოვიდეს. ამის გაკეთება გაცილებით მარტივია, ვიდრე მთელ საქართველოში სდიო ამ ხალხს.

– უფრო მკაცრი ზომების მომხრე ხართ?

– დიახ, შეშფოთებული ვარ და მოველი, რომ სახელმწიფო გამოაცხადებს უფრო მკაცრ კარანტინს. გინდ სამხედრო კარანტინი დაარქვით და გინდ კომენდანტის საათი. სხვანაირად ამ ხალხს ვერ შეაკავებს. უნდა შემოიღონ რაღაცა ისეთი ფორმა, რომელიც ადამიანებს არ მისცემს იმის უფლებას, რომ ასე წინდაუხედავად მოიქცნენ. მოთმინებით შევხვდეთ ამ სიტუაციას, გამოვიკეტოთ სახლში 2-3 კვირა, რომ სიტუაცია ჩაწყნარდეს. სწორედ ამით მოერია ჩინეთი.

აქვე გეტყვით, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ გახარიას მენეჯმენტით. კარგი კრიზის-მენეჯერი ყოფილა ეს ადამიანი.

– ძველი ცოდვები ჩამოირეცხა და პოზიციები გაიმყარაო. ასეთ შეფასებებს ვისმენთ მასზე. ასეა?

– დღეს რთულია ამაზე საუბარი. ასეთ დროს მე ასეთ მკვეთრ შეფასებებს არ გავაკეთებდი. თუმცა ჩამოირეცხა თუ არ ჩამოირეცხა, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ არეულობის ჟამს ე.წ. პოლიტპატიმრების გამოშვებაც დაიწყეს. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ეს პროცესი გაგრძელდება. სწორი ტენდენციაა, დადებითად შეფასდება ხელისუფლების ეს ნაბიჯები. ეს ასტაბილურებს სიტუაციას.

– როგორ ფიქრობთ, დაიდება ზავი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის?

– ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ, მე მგონი, სხვა გამოსავალი არც არის. ეს პანდემია გვაიძულებს ყველას, რომ გავხდეთ უფრო კეთილები. უფრო მეტად მივიტანოთ გულთან თითოეული მოქალაქის გასაჭირი და ამბავი.

– რამდენად იმატებს ასეთ დროს “ქართული ოცნების” რეიტინგი? მოვისმინე შეფასებები, რომ ახლა რომ არჩევნები იყოს, “ოცნება” მოიგებს. თქვენ რას ფიქრობთ ამაზე?

– მე ასე ხელაღებით არ ვიტყოდი ამას. ხელისუფლების ქმედებებს და გადაწყვეტილებებს აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. დღეს ჩვენი ხელისუფლება უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს არ ეხმარება. ძალიან ბევრი ქვეყნის ხელისუფლებამ გადადგა ეს ნაბიჯი, ზოგმა გადასახადი მოუხსნა და ზოგმა ფულადი კომპენსაცია გაიღო. ჩვენს ხელისუფლებას ამ კუთხით ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია.

იმ ადამიანებს, ვინც ყოველდღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულები, ავტობუსის, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს და კიდევ რამდენი ადამიანი დარჩა ლუკმა-პურის გარეშე, გამოყოფილი უნდა ჰქონდეთ სუბსიდია სახელმწიფოს მხრიდან.

კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და ეკონომიკური ჯგუფის მეშვეობით აღრიცხოს ასეთი ადამიანები და დახმარება გაუწიოს.

– ბიძინა ივანიშვილი საერთოდ განერიდა ამ პროცესებს და მართვის სადავეები მთლიანად გახარიას გადააბარა?

– მე სულ სხვანაირი ინფორმაცია მაქვს. დღეს ზოგი რისთვის უხდის მადლობას ბიძინა ივანიშვილს და ზოგი რისთვის. ძირითადათ იმისთვის, რომ სერიოზულ თანხებს მართავს. მე კი სულ სხვა რამის გამო ვარ კმაყოფილი. რომ არა ამ კაცის ფრთხილი ხასიათი, თუნდაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, დღეს ჩვენთან ეს სიტუაცია არ იქნებოდა და ისევე იქნებოდა მიშვებული ვითარება, როგორც ესპანეთში და იტალიაში.

ზუსტი ინფორმაცია მაქვს, რომ ამ კაცის ფრთხილმა ხასიათმა განაპირობა ასეთი მობილიზაცია და იმ ღონისძიებების გატარება, რაც გატარდა. სწორედ მისგან მიიღო გახარიან ეს დავალებები. სწორედ ამ ადამიანმა გასცა საჭირო ადამიანებში საჭირო განკარგულება.

– ლადო, დადგება იმის საჭიროება, რომ საგანგებო მდგომარეობის ეს ფორმა კიდევ უფრო გამკაცრდეს?

– მე ასე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია, რათა თავიდან ავირიდოთ მასობრივი გავრცელება. ხელისუფლებამ უნდა გამოაცხადოს მკაცრი კარანტინის წესი. დაუმორჩილებელი ერი ვართ. ბევრს არ ესმის, რას ნიშნავს საგანგებო მდგომარეობა. გეუბნებიან, რომ სახლში უნდა იჯდე და ლისის ტბაზე რა ამბავი იყო ორი დღის წინ, ჯგუფური სეირნობები მოაწყვეს.

მე ამ ყველაფერს ვემიჯნები. მოქალაქეებს უნდა ეყოთ იმის ტვინი, რომ გამოიკეტონ საკუთარ სახლებში და, გადაუდებელი შემთხვევის გარდა, გარეთ არ გავიდნენ. უფრო მეტი გამკაცრებაა საჭირო. არ უნდა დაელოდოს ხელისუფლება ფატალურ შედეგებს, მანამდე უნდა გაამკაცრონ სიტუაცია.