გიორგი გაგნიძე – ”ამერიკაში პანიკა არ არის – მეტროპოლიტენ ოპერამ კორონავირუსთან დაკავშირებით განსაკუთრებული ზომები მიიღო”

გიორგი გაგნიძე - ”ამერიკაში პანიკა არ არის - მეტროპოლიტენ ოპერამ კორონავირუსთან დაკავშირებით განსაკუთრებული ზომები მიიღო”,,ბრავო, ჯორჯ”, ,,ბის, ჯორჯ”, _ მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ბარიტონს, გიორგი (ჯორჯ) გაგნიძეს მსოფლიოს სცენებზე ასე ეგებებიან და აპლოდისმენტების გამო ფარდა დიდხანს არ იხურება, ცოტა ხნის წინ საქართველოში მიღებულმა ჯილდომ განსაკუთრებულად გაახარა. შვეიცარიის ბიზნეს-სარეიტინგო ასოციაციამ მსოფლიოში ცნობილ ბარიტონს გადასცა სპეციალური ჯილდო მსოფლიო კულტურაში შეტანილი წვლილისთვის.

_ მე ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ საქართველომ დაინახა ჩემი წვლილი ქართულ კულტურაში. გამოკითხვებითა და რეიტინგებით გადაწყდა და წლის ხელოვანის ჯილდო გადმომეცა, რაც ჩემთვის ძალიან საამაყო და ძვირფასია. ბედნიერებაა, როცა შენი ხალხი გაფასებს, _ გვითხრა გიორგიმ. ბარიტონი წელს თავისი შემოქმედებითი ცხოვრების 25 წლის იუბილეს გალა კონცერტით აღნიშნავს. 27 ივნისს თბილისში, ჯანსუღ კახიძის სახელობის სიმფონიური ორკესტრის დარბაზში ჩატარდება კონცერტი “25 წელი მსოფლიო სცენებზე”.

გიორგი გაგნიძე - ”ამერიკაში პანიკა არ არის - მეტროპოლიტენ ოპერამ კორონავირუსთან დაკავშირებით განსაკუთრებული ზომები მიიღო”გიორგი გაგნიძემ წლევანდელი სეზონი გრანდიოზულად გახსნა. 7 იანვარს ლონდონის ,,კოვენტ გარდენში” (სამეფო ოპერის თეატრი) გამოვიდა, მერე იყო პრემიერა იტალიაში, ნეაპოლში ახალი ,,ტოსკის”, რომელიც კინოსა და თეატრის ცნობილმა იტალიელმა რეჟისორმა, ედუარდო დე ანჯელიმ და ცნობილმა იტალიელმა დორიჟორმა დონატო რენძეტიმ დადგეს. წარმოდგენები ტრიუმფით ჩატარდა. პირველივე წარმოდგენიდან ბოლო სპექტაკლის ჩათვლით ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ამჟამად გიორგი ნიუ იორკში, მეტროპოლიტენ ოპერაში იმყოფება მუდმივად მიწვეული სოლისტის სტატუსით.

,,ორი მეგა ვარსკვლავი ერთ სცენაზე” _ ასეთი ანონსი უძღვნეს ,,ტოსკას”, სადაც მთავარ როლებს გიორგი გაგნიძე და ანა ნეტრებკო 26 მარტიდან 18 აპრილამდე ითამაშებენ. ყველა სპექტაკლის ბილეთები გაყიდულია.

ქართველ მომღერალს მეტროპოლიტენში 100 წარმოდგენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. გიორგისთან საუბრის საშუალება რადგან მოგვეცა, ბუნებრივია, გვერდი ვერ ავუარეთ მთელი მსოფლიოს პრობლემას, კორონავირუსს, რის გამოც ბევრი თეატრი დაიხურა, მათ შორის ლა სკალაც.

_ აქ არანაირი პანიკა არ არის. მეტროპოლიტენიდან მივიღეთ ოფიციალური წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ თეატრი ყველანაირ ზომებს მიმართავს, რომ ვირუსი არ გავრცელდეს. ასევე მომღერლებს გვთხოვეს, რომ თუკი ვინმე რაიმე სიმპტომს შეამჩნევს, თეატრს მაშინვე აცნობოს.

ეს ის შემთხვევაა, როცა მთელი მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და სოლიდარულები ვიყოთ ერთმანეთის მიმართ. ბევრი იტალიელი მეგობარი მყავს და მათ გამძლეობას, ჯანმრთელობას ვუსურვებ.

ჩემი ოჯახი საქართველოშია, სადაც ასევე 20-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და მინდა, ყველას მიმართ გამოვხატო თანადგომა. დარწმუნებული ვარ, ყველა ერთად დავძლევთ ამ გამოწვევას და ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ, _ აღნიშნა გიორგი გაგნიძემ ”ახალ თაობასთან” საუბარში.