გიორგი ვაშაძე – “ოქრუაშვილს და რურუას გამოუშვებენ, უგულავას პრეზიდენტი შეიწყალებს”

გიორგი ვაშაძე - “ოქრუაშვილს და რურუას გამოუშვებენ, უგულავას პრეზიდენტი შეიწყალებს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ვაშაძე პასუხობს.
– ბატონო გიორგი, როგორც იქნა, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა. ძირითადათ რა საკითხებზე შეთანხმდით? პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით ისევ გაურკვეველი განცხადებები ისმის.
– მართლა ვულოცავ ყველას. ჩვენმა საერთო ძალისხმევამ და სწორმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო. თუ გავიხსენებთ ნოემბრის და დეკემბრის პერიოდს, იყო მოლოდინი რომ არაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ მივედით კონკრეტულ შედეგამდე. მეორეა ის, რომ ეს შედეგი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან. კი ბატონო, მათ არ მოსწონთ ეს ტერმინი – პოლიტპატიმრები, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ამ ადამიანების აღმკვეთი ღონისძიება უნდა შეეცვალოს, მათ ვისაც წინასწარი პატიმრობა აქვთ. გიგის შემთხვევაში, სავარაუდოდ, შეწყალების გზით მოხდება მისი განთავისუფლება.
– იყო კონკრეტულ გვარებზე საუბარი? ოქრუაშვილი, რურუა, უგულავა და ასე შემდეგ. ყველას გამოუშვებენ?
– რა თქმა უნდა, კონკრეტულ გვარებზე იყო საუბარი და სწორედ ეს იყო შეხვედრის მთავარი საკითხი. კი ბატონო, შეხვედრისას დავადასტურეთ, რომ ვერ ვთანხმდებით ტერმინზე – პოლიტმატიმრები. ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი. ჩვენი მიზანია, რომ ეს ხალხი იყოს თავისუფალი და ამ საარჩევნო გარემოში ციხეში არ გყავდეს პოლიტიკური ლიდერები.
რაც შეეხება მეორე საკითხს, შევთანხმდით 120/30-ზე. პირდაპირ ვიტყვი, რომ ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა. რა თქმა უნდა, სრულად პროპორციული გვინდოდა, ყოფილიყო, მაგრამ ამ ვითარებაში ყველას კარგად ესმის, რომ კომპრომისი ორივე მხრიდან არის საჭირო. ჩვენ ეს კომპრომისი გავაკეთეთ ჩვენი მხრიდან.
– და ყველასთვის მისაღები ვარიანტია 120/30-ზე?
– ასეა ნამდვილად, რადგან პროპორციულის ნაწილის ხმები ოთხჯერ მეტია პარლამენტში, ანუ დიდი უპირატესობაა პროპორციულის მხარეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია.
ასევე მესამე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ეს საკმაოდ საინტერესოც არის, რომ მაჟორიტარული ოლქების დაჭრა არ მოხდება. 15%-იანი ცდომილება შეიძლება იყოს ოლქებს შორის.
შემდეგი საკითხი არის ბარიერი. ეს მნიშვნელოვნად აწუხებდა გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს და ამაზეც მოხდა შეთანხმება, იქნება 1%-იანი ბარიერი.
– შეიძლება ითქვას, რომ კარგ დათმობაზე წამოვიდა ხელისუფლება?
– დათმობა იყო ყველა მხრიდან.
– დიდი როლი იყო ასევე ამერიკის ელჩის.
– არამარტო ამერიკის. ევროკავშირის ელჩის, ასევე საოცარი სამუშაო გააკეთა გერმანიის ელჩმა, იგივე ევროსაბჭოს წარმომადგენლობამ. დიპლომატიურმა კორპუსმა სერიოზული სამუშაო გაწია. მე მადლობას ვეტყვი ოპოზიციის ყველა ლიდერს, რადგან ძალიან სიმეტრიული და სწორი ნაბიჯები გადავდგით, რომ ეს მომხდარიყო. ისეთი რამ გაკეთდა, რასაც ალბათ ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა.
– ბატონო გიორგი, ანუ არანაირ საპროტესტო მუხტს აღარ უნდა ველოდეთ? 4 აპრილის აქციაც აღარ გაიმართება და გადადიხართ წინასაარჩევნო სამუშაოზე?
– თუ არ მოგვატყუეს და კიდევ არ გადაგვაგდეს, რა თქმა უნდა, აქციები აღარ გაიმართება. ვიწყებთ აქტიურ მუშაობას და წინასაარჩევნო კამპანიას.
– არის იმის შანსი, რომ კიდევ გადაგაგდოთ ხელისუფლებამ? უშვებთ ამას?
– შანსი ყველაფრის შეიძლება იყოს, მაგრამ არსებობს დოკუმენტი, რომელსაც ყველა მხარემ ხელი მოვაწერეთ. ამ ხელმოწერილ დოკუმენტშიც თუ მოიტყუებიან, რა გითხრათ აბა… თუ ეს მოხდა, საზოგადოებასაც შესაბამისი რეაქცია ექნება. ცვლილებების პაკეტი უკვე 9 მარტს შევა პარლამენტში.
– პოლიტიპატიმრების გათავისუფლება როდიდან დაიწყება, ამაზე რა თქვეს?
– უახლოეს დღეებში. საკმაოდ კარგი გზავნილი იყო, როდესაც კოშაძე გათავისუფლდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოჰყვება სხვების გათავისუფლებაც.
გიგი უგულავასთან დაკავშირებით, პროცედურა ცოტა გრძელია, ეს სხვა შემთხვევაა, მაგრამ წინასწარი პატიმრობების შეცვლას დიდი დრო არ სჭირდება და იმ კვირაში ველოდებით. სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში.
იმდენად კარგად წავედით წინ, რომ ახლა ვერ მოვთხოვდით, 1 საათში გამოუშვითო. შესაბამისი დრო და პროცედურები ყველაფერს სჭირდება.
– რომ დავკონკრეტდეთ, უგულავას პრეზიდენტი შეიწყალებს?
– იყო საუბარი, რომ ამ მექანიზმის გამოყენება შეიძლება და რომ პრეზიდენტი მზად არის, ამ მექანიზმით ჩაერთოს ამ პროცესში.