გუკა რჩეულიშვილზე ძებნა გამოცხადდა

გუკა რჩეულიშვილზე ძებნა გამოცხადდაგენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტზე პოლიციაში დაბარებულმა გურამ რჩეულიშვილმა გუშინ ფხვიერი მასა წარადგინა, რაც მისი განმარტებით „კოკაინი“იყო, რომლის ნაწილიც მოიხმარა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გუკა რჩეულიშვილის მიმართ გამოძიება ნარკოდანაშაულის ფაქტზეც დაიწყო, რადგან მას ნარკოტიკების, მათ შორის “კოკაინის” მოხმარება დაუდგინდა.

„თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და გურამ რჩეულიშვილს მეუღლის, ლელა კილაძის მიმართ შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა, ვინაიდან გურამ რჩეულიშვილი არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე და თავს არიდებს გამოძიებას.

პროკურორის დადგენილებით, მასზე გამოცხადდა ძებნა.

გამოძიებით დადგინდა, რომ გურამ რჩეულიშვილს, 2020 წლის 25 თებერვალს გამოცემული შემაკავებელი ორდერით, 30 დღით აეკრძალა მეუღლესთან, ლელა კილაძესთან, რაიმე ფორმით, მათ შორის სატელეფონო ან სხვა რაიმე ტექნიკური საშუალების გამოყენებით კომუნიკაცია.

მიუხედავად აღნიშნულისა, გურამ რჩეულიშვილმა 2020 წლის 8 მარტს ღამის საათებში ლლელა კილაძის ადგილსამყოფელის დადგენისა და შეხვედრის ორგანიზების მიზნით, მოკლეტექსტური და ხმოვანი შეტყობინებები გაუგზავნა, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები.

აღსანიშნავია, რომ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით დაბარებულმა გურამ რჩეულიშვილმა 11 მარტს, პოლიციის განყოფილებაში მოთეთრო ფერის ქაღალდში შეხვეული, ასევე თეთრი ფერის ფხვიერი მასა წარადგინა, რომელიც მისი განმარტებით იყო ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ და რომლის ნაწილიც მან მოიხმარა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მუხლით (260-ე მუხლის პირველი ნაწილით) დაიწყო.

სამართალდამცველებმა ზემოაღნიშნული ნივთიერება ამოიღეს, ხოლო მისი პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა ერთჯერადი მოხმარების ე.წ. „ინსულინის“ შპრიცი მასში არსებული მოთეთრო ლაქით. ამოღებულ ნივთებზე დაინიშნა ქიმიური ექსპერტიზა.

გურამ რჩეულიშვილს ნარკოლოგიური კვლევის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების – „კოკაინის“, „ტეტრაჰიდროკანაბინიოლისა“ და „ტრამადოლის“ მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იპნ