გურამ ჩალაგაშვილი – „პოლიტპატიმრები ციხეებიდან 25 აპრილამდე უნდა გამოუშვან“

გურამ ჩალაგაშვილი - „პოლიტპატიმრები ციხეებიდან 25 აპრილამდე უნდა გამოუშვან“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს.
– ბატონო გურამ, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ ოპოზიცია აქტიურად საუბრობს ხარვეზებზე. რა არ კეთდება ხელისუფლების მხრიდან, თუ ეს არის კრიტიკა კრიტიკისთვის?
– იმას, რომ სერიოზული პრობლემის წინაშე დგას არამარტო ჩვენი ქვეყანა, არამედ მთელი მსოფლიო, ყველა ვხედავთ. რაც შეეხება ჩვენთან არსებულ სიტუაციას, ვიტყვი, რომ ექიმების ძალისხმევა და მათი მონდომებაა დადებითად შესაფასებელი. კორონავირუსს დავამარცხებთ, მაგრამ დღეს მარტო ეს არ არის მთავარი. გარკვეული პერიოდის შემდეგ დავამარცხებთ ამ ვირუსს, მაგრამ…
– მაგრამ რა?
– ისეთ პატარა და სუსტ ქვეყანას, როგორიც საქართველოა, სერიოზული ეკონომიკური პრობლემები შეექმნება. ვისმენთ ხელისუფლების განცხადებებს, თუმცა მათგან ვერ მოვისმინეთ ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა. მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს. ლარი გაუფასურდა, 3,5-ს მიაღწია დოლართან მიმართებით. გაჩერებულია ყველა საწარმო, მხოლოდ და მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები მუშაობს.
– რა უნდა ექნა, არ უნდა გაეჩერებინა და ვირუსის გავრცელების კიდევ მეტი საფრთხე შეექმნა? ჩვენ ასევე ვისმენთ შეფასებებს, რომ ოპოზიცია ზედმეტად კრიტიკულია. კონკრეტულად რა უნდა გაკეთდეს და არ აკეთებენ? სთავაზობთ ასეთ გეგმას?
– როდესაც ადამიანს, ადამიანთა ჯგუფს აქვს ხელისუფლებაში ყოფნის პრეტენზია, მათ უნდა ჰქონდეთ აბსოლუტურად ყველანაირი, ნებისმიერი კრიზისული ვითარებიდან გამოსვლის გეგმა. ჩვენს ხელისუფლებას ჯერჯერობით არანაირი გეგმა არ დაუდია. ვინმეს, გარკვეულ ჯგუფებს რომ რამე სახის შეღავათს გაუკეთებენ, ამაზეც არ არის საუბარი.
– კონკრეტულად რომელ ჯგუფებს გულისხმობთ?
– მათ, ვინც უმუშევარი დარჩა, იგივე სამარშრუტო ტაქსის მძღოლები, გარემოვაჭრეები, თვითდასაქმებული ადამიანები, რომლებიც ყოველდღიური შემოსავლის იმედად იყვნენ და ცდილობდნენ, ამ კაპიკებით ოჯახები ერჩინათ. დღეს მათ არანაირი შემოსავალი არ გააჩნიათ. საქართველოში მოსახლეობის 90% ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაზე ვართ დამოკიდებული, ჩვენს ყოველდღიურ თუ ყოველთვიურ შემოსავალზე, რითაც ჩვენი ოჯახები უნდა ვარჩინოთ და გამოვკვებოთ.
დღეს ძალიან ბევრ ადამიანს აქვს ეს პრობლემა შექმნილი და ამ ფონზე არანაირი გეგმა არ არსებობს. არის გარკვეული სახის შემოთავაზებები, იმავე ბანკების მხრიდან, რომ ადამიანებს გადაუვადონ სესხები, თუმცა აქაც პრობლემებია, გადავადებულ სესხებზეც დანამატი კეთდება ბანკების მხრიდან. პირადად ჩემს მაგალითზე გეტყვით, სესხი მაქვს ბანკიდან გამოტანილი, თავადვე დამიკავშირდნენ, გადამივადეს სამი თვით, მაგრამ ამ გადავადების პროცენტი მაინც მემატება.
– ანუ რეალურად ეს არ არის შეღავათი, ამის თქმა გინდათ?
– შეღავათი არის ის, რომ ამ სამი თვის განმავლობაში, როდესაც არაფერი ხდება, ყველაფერი გაჩერდა და არაფერი მუშაობს, ადამიანებმა დაკარგეს შემოსავლის წყარო, ამ ადამიანებს სამი თვის განმავლობაში არ მოუწევთ ის, რომ მათ სახლში მიადგეს ბანკის წარმომადგენელი და გაუყიდოს საცხოვრებელი სახლი.
– თუმცა პროცენტულად მეტს გადაიხდის?
– კი, ასე იქნება, ამ გადავადების გამო ადამიანებს კიდევ პროცენტები დაემატებათ, თუმცა დღეს სხვა გამოსავალი არ აქვთ და ამ შეთავაზებაზეც თანახმა არიან, მაგრამ იგივე მიმართულება არ არის საფინანსო ორგანიზაციების მხრიდან. ისინი ყოველდღიურად აგზავნიან სმს-ბს და ატყობინებენ ადამიანებს, რომ გადასახდელი აქვთ მიმდინარე პროცენტი, მიმდინარე დავალიანება და ასე შემდეგ. რით გადაიხადონ?! არ არსებობს გეგმა, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან.
– მსგავსი საკითხები არ განიხილება ხელისუფლებაში?
– ჩვენ არ მოგვისმენია. მხოლოდ ვისმენთ მოწოდებებს, განცხადებებს, რომ აი, უახლოეს დღეებში და რეალურად გეგმა არ არსებობს. ახლა საუბარია საგანგებო მდგომარეობის უფრო რთულ ფორმებზე, კარანტინზე და ასე შემდეგ.
– ეს კიდევ უფრო გაამწვავებს მდგომარეობას?
– რა თქმა უნდა, გაამწვავებს. თუ ადამიანებს აღარ ექნებათ ქალაქიდან ქალაქში გადაადგილების საშუალება, სოფლიდან რაიონში, თუ ყველგან ჩაიკეტება საზღვარი და ადამიანები ვერ გადაადგილდებიან საერთოდ, ესეც სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ვხედავთ, რა ხდება ბოლნისსა და მარნეულში. დისტრიბუციის მანქანებსაც კი უჭირთ დროულად შესვლა და სურსათის შეტანა.
კი ბატონო, გვესმის, რომ უნდა შემოწმდნენ, ჩაუტარდეთ დეზინფექცია, მაგრამ საინფორმაციო საშუალებებით ვისმენთ, რომ სოფლებში ამოწურულია პროდუქტების მარაგი, რომ დისტრიბუცია ვერ მიდის და არ მუშაობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ ის მდგომარეობა შეიქმნას, რაც მარნეულსა და ბოლნისშია, წარმოგიდგენიათ, რა მოხდება?!
ამ ფონზე ხელისუფლება გვისახელებს 9 დასახელების პროდუქტს და გვაიმედებს, არ გაძვირდებაო. მე გეტყვით, რომ საკმაოდ გაძვირებულია. დაახლოებით 1.20-1.30 ლარით არის გაზრდილი თუნდაც წიწიბურას ფასი.
– პრემიერმა დაასახელა 9 სახეობის პროდუქტი, რომლებზეც ფასი არ უნდა გაზრდილიყო.
– კი ბატონო, დაასახელეს, მაგრამ გაიზარდა. მეც მყავს ოჯახი, შეიძინა გუშინ ჩემმა მეუღლემ წიწიბურა და გადაიხადა ლარი და 30 თეთრით მეტი, ვიდრე იხდიდა. მე მხოლოდ წიწიბურას მაგალითი მოვიყვანე, ასეა ყველა დანარჩენ პროდუქტზე. მარტო კარფური ხომ არ არის? როგორც ჩანს, ამ პატარ-პატარა მარკეტებს ვერ აკონტროლებენ და ეს პრობლემა სერიოზულად დგას.
ასე რომ, თუ ხელისუფლება არ დადებს სამოქმედო გეგმას მაქსიმუმ ორ დღეში, თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, დამერწმუნეთ, კორონავირუსი გადაივლის და მერე გაჩნდება უფრო დიდი პრობლემა.
– შიმშილი ემუქრება ხალხსო. ასე იქნება?
– რა თქმა უნდა, ასე იქნება! ძალიან ბევრი ადამიანისგან გვესმის უკვე, რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, კორონა მომკლავს თუ შიმშილიო. ხალხში არის ასეთი განცდა, ასეთი შიშები, იმიტომ, რომ ხელისუფლება ამაზე არ მუშაობს.
ჯანდაცვის სისტემა მუშაობს, ამაზე პრეტენზია არ გვაქვს, თუმცა ეკონომიკური გუნდის მიერ გადადგმული ნაბიჯები ჯერჯერობით არ ჩანს. ხომ შეიძლება, ოპოზიციასაც მოუსმინონ. ათასი საინტერესო ინიციატივა ისმის.
დღეს ნორმალური ხელისუფლება დაუძახებდა ოპოზიციასაც და მასთან ერთად განიხილავდა ყველა არსებულ საკითხს. რატომ ფიქრობენ, რომ არ შეიძლება, ოპოზიციასაც ჰქონდეს სწორი პოზიცია?! ამ ქვეყანაში ხელისუფლებების პრობლემა, იცით, რა არის? ის, რომ მათ არასდროს უნდათ თანამშრომლობა ოპოზიციასთან, ფიქრობენ, რომ ეს უკან გადადგმული ნაბიჯია.
– ბატონო გურამ, ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურმა პროცესებმა მეორე პლანზე გადაინაცვლა, თუმცა არჩევნები გვაქვს წინ და საკონსტიტუციო ცვლილებებია გასატარებელი. ამ ყველაფერზე რას ფიქრობთ, გატარდება ეს ცვლილებები?
– მე ვფიქრობ, რომ კორონავირუსი ვერ იქნება ამ პროცესის შემაკავებელი და შემაფერხებელი. ჩვენ მოვისმინეთ პარლამენტის თავმჯდომარის აბსურდული განცხადებები, სექტემბრამდე გააგრძელა მან საგანგებო მდგომარეობა და არჩევნები მომავალ გაზაფხულამდე გადაგვიწია, მაგრამ კონსტიტუციონალისტები ამბობენ, რომ არჩევნების ჩატარება თავისუფლად არის შესაძლებელი დანიშნულ დროს ანუ ოქტომბერში. თუმცა აქ ყველაზე მთავარია ის, რომ კორონავირუსი ვერ შეუშლის ხელს იმ პირობას, რომელიც არის ხელისუფლების მხრიდან დადებული საქართველოს მოსახლეობისთვის.
– თქვენ ფიქრობთ, რომ არ გახდება აუცილებელი არჩევნების გადადება?
– თუ დავიცავთ ყველა იმ წესს, იმ მოწოდებას, რასაც გვეუბნება ჯანდაცვის სისტემა, მაშინ აპრილის ბოლომდე ეს პიკი გადაივლის. მინდა მჯეროდეს, რომ ერთ-ერთი პირველი და წარმატებული ქვეყანა კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოა.
– ბატონო გურამ, გასულ კვირას გაერომ ხელისუფლებებს პატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ჩვენს ქვეყანაში პატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება არ გაკეთებულა. რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ მსუბუქი დანაშაულის მქონე პირებს გაათავისუფლებენ ან სულაც საპროცესოებს გაუფორმებენ?
– ერთ-ერთი მთავარი პუნქტი იმ შეთანხმებისა, რომლის დროსაც საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებზე, არის ის, რომ გამოეშვათ ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ ბატალიებში მონაწილეობდნენ.
ჩვენ ველოდებით, რომ ხელისუფლება ამ პოზიტიურ ნაბიჯს გადადგამს. მჯერა, ხელისუფლების მიერ დადებული პირობა შესრულდება და ეს ადამიანები გათავისუფლდებიან.
ამ ყველაფერს გაეროს მოწოდებაც დაემატა, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პირები გამოუშვან ციხეებიდან. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი ეტაპობრივად, ნელ-ნელა მოგვარდება.
25 აპრილს არის დაგეგმილი პარლამენტის პირველი საგანგებო სხდომა, სადაც უნდა მოხდეს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პირველი მოსმენით გატანა და ამ დრომდე ეს შეთანხმება უნდა შესრულდეს. დარწმუნებული ვარ, ის ადამიანები, რომლებზეც იყო შეთანხმება, 25 აპრილამდე აუცილებლად გათავისუფლდებიან.