ირაკლი დეკანოიძეს ნათია გოგალაძის მკვლელობისთვის 20 წელი მიესაჯა

ირაკლი დეკანოიძეს ნათია გოგალაძის მკვლელობისთვის 20 წელი მიესაჯაგორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის, ნათია გოგალაძის, განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული ირაკლი დეკანოიძე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 11 ოქტომბერს, ხაშურში ირაკლი დეკანოიძე ყოფილ მეუღლესთან სამსახურში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით და სამი ხელყუმბარით მივიდა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა.

ვინაიდან ირაკლი დეკანოიძემ დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ყოფილი მეუღლის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, რომელიც არ აფეთქდა.

ნათია გოგალაძემ სიცოცხლის გადარჩენის მიზნით იქვე მდებარე სუპერმარკეტში შეაფარა თავი, სადაც ირაკლი დეკანოიძე შეჰყვა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავისა და სხეულის არეში ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მიღებული ოცზე მეტი დაზიანების შედეგადაც ნათია გოგალაძე საავადმყოფოში გარდაიცვალა,

სამართალდამცველებმა ირაკლი დეკანოიძე 2019 წლის 12 ოქტომბერს ქ. ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი დეკანოიძე სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.