“ირაკლი ოქრუაშვილი ბერა ივანიშვილის პირადი პატიმარია”

"ირაკლი ოქრუაშვილი ბერა ივანიშვილის პირადი პატიმარია"

ლადო სადღობელაშვილი: “პრეზიდენტი რურუასა და უგულავას შეიწყალებს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.

– ლადო, საპარლამენტო ოპოზიციამ გადაწყვიტა, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო კომისიის შექმნას. ბევრი ფიქრობს, რომ ოპოზიციამ მიიღო გარანტიები პატიმრების გამოშვების თაობაზე, თუმცა, ხომ არის შანსი, რომ კიდევ გადააგდოს “ოცნებამ” ოპოზიცია?

– მე ვუსმინე რომან გოცირიძის კომენტარს. მან განაცხადა, მხოლოდ ერთი საკითხის განხილვას ვესწრებითო. მე სწორად მიმაჩნია მათი გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მათ ერთპიროვნულად არ მიუღიათ.

– ვისთან შეათანხმეს?

– ეს არის შეთანხმებული ელჩებთან. ეს ადამიანები აქამდე აცხადებდნენ, სანამ პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებთ, ჩვენ ვიქნებით ბოიკოტის რეჟიმშიო. თუმცა ვნახეთ, რომ პროცესში მაინც ჩაერთვნენ, ანუ მათ მიიღეს სერიოზული გარანტიები, რომ ამ პოლიტპატიმრებად წოდებულ პირებს გამოუშვებენ.

– რატომ პოლიტპატიმრებად წოდებულები. თქვენ არ ეთანხმებით მათ სტატუსს?

– სიმართლე გითხრათ, არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ეს ადამიანები არიან პოლიტპატიმრები, მაგრამ, ამავდროულად, ვიზიარებ იმ აზრს, რომ ეს ადამიანები ძალიან საეჭვო გარემოში დააპატიმრეს.

– ეს ადამიანები ძალიან საეჭვო გარემოებებში დააპატიმრეს, თუნდაც გიგი უგულავა. ეს ყველაფერი კითხვებს აჩენს.

– ზუსტად მაგას ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ეს ადამიანები, ჩემი გადმოსახედიდან, არ არიან პოლიტპატიმრები, მაგრამ მათი განცხადებების მერე არიან დაპატიმრებულები. იგივე ოქრუაშვილი რომ ავიღოთ, ეს ადამიანი არაფერშია დამნაშავე. ის ერთადერთი დამნაშავე იყო იმაში, რომ ბერა ივანიშვილსა და ბიძინა ივანიშვილს აკრიტიკებდა. დამცინავი და ირონიული ტონით აკრიტიკებდა. ირაკლი ოქრუაშვილი ბერა ივანიშვილის პირადი პატიმარია.

– რატომაა ბერას პირადი პატიმარი, მისი დაკვეთით არ უშვებენ?

– ასეა. ირაკლი ოქრუაშვილი ყოველთვის დამცინავად მოიხსენიებდა ბერა ივანიშვილს, ცინიკურად ეუბნებოდა, მამაშენს გადაეციო, პირადად ბიძინა ივანიშვილს კი არ მიმართავდა, კონკრეტულად ბერა ჰყავდა ამოჩემებული და ამიტომ ვამბობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არის ბერას პირადი პატიმარი.

ანუ ოქრუაშვილის შემთხვევაში საქმე გვაქვს პირად შურისძიებასთან?

– კი, ასეა. ირაკლი ოქრუაშვილს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში დანაშაული არ ჩაუდენია. ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშირებით იყო კითხვები, სდებდნენ ბრალს, მაგრამ ბოლო წლებია, მას არაფერი ჩაუდენია.

იგივეა უგულავასთან დაკავშირებით. თუ ასეა, თამლიანთან და ოქრუაშვილთან ერთად, მაშინ ნიკა მელია და გიგი უგულავაც იმ პერიოდში უნდა დაეჭირათ. ან თუნდაც ბოკერია. ბოკერიას რატომ ვერ იჭერენ?!

– რატომ?

– მაპატიოს მკითხველმა, მაგრამ ამ ხელისუფლებას ერთი ადგილი არა აქვს ბოკერიას დასაჭერად. გიგა ბოკერიას ძალიან ბევრი მფარველი ჰყავს დასავლეთში და ამიტომ ვერ აკავებენ, თორემ ზუსტად იმწილად, რა წილადაც, მაგალითად, დამნაშავეა ოქრუაშვილი, ან გიგი უგულავა, ზუსტად ისეთივე დამნაშავეა გიგა ბოკერიაც.

ეს ადამიანები ძალიან საეჭვო გარემოებებში დააკავეს, ამიტომ არის კითხვის ნიშნები და ამიტომ მოიხსენიებენ მათ უკანონო პატიმრებად, თორემ გიგი უგულავას მართლაც რომ ბევრი დანაშაული აქვს თავის დროზე ჩადენილი.

ხაზგასმით აღვნიშნავ აქვე, რომ გიორგი რურუა არამც და არამც არ არის პოლიტპატიმარი. მე ჯერ კიდევ წლების წინ ვამბობდი და ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ ეს ადამიანი არის მოსიარულე კრიმინალი. მას მფარველობდნენ მისი ძმა და პრეზიდენტი მარგველაშვილი.

– მარგველაშვილი?

– დიახ, ხაზგასმით ვიძახი, ჟორიკა რურუას მფარველობდა პრეზიდენტი მარგველაშვილი. მარგველაშვილი რომ პრეზიდენტი აღარ იყო, ეტყობა, დაუდგა მას ეს პერიოდი. ის წლებია, უკანონო იარაღს დაატარებდა აქეთ-იქით. გაუფორმებელი იარაღი ნიშნავს იმას, რომ ის სასროლად და დანაშაულის ჩასადენად არის გამზადებული. ვინც არის მთაწმინდელი და ვერელი, ყველამ კარგად იცის მისი ბიოგრაფია.

– თუმცა, ისეთ სიტუაციაში დააკავეს, რომ ხელისუფლებასთან არის კითხვები.

– კი ბატონო, მაშინ მეც მაქვს კითხვა, ასე რომ სდომებოდათ, რაღა მაინცდამაინც რურუას იჭერენ? დაიჭირონ გვარამია, თუკი ამ ტელევიზიის მოყუჩება უნდათ. ლოგიკა არ არის ამაში. ამიტომ მე რურუას ვერ მოვიხსენიებ უკანონო პატიმრად.

– თუმცა გარიგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ ამ პირების გამოშვებაა.

– აი, ეს არის ზუსტად უბედურება, რომ მავანს ეძლევა იმის უფლება, ამ ხელისუფლების დამსახურებით, რომ ცნობილ კრიმინალებს, რომლებსაც სისხლში აქვთ ხელები გასვრილი, დღეს ეწოდონ პოლიტპატიმრები! აქცია რომ მოაწყვეს, ამ მუხლებით არ უნდა იყვნენ დაკავებულები. აქციის მოწყობა დანაშაული სულაც არ არის. აქ მთავარი ის არის, რომ გიგი უგულავა გამოდგებოდა ტელევიზიებით და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს. გინების გამო არ შეიძლება ადამიანების დაჭერა. ხელისუფლების ლანძღვის გამო რომ გაუშვეს ეს ხალხი ციხეში, აი, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება.

ახლა კი დგება ის სიტუაცია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ეს ადამიანები ჩათვალოს პოლიტპატიმრებად და ისინი შეიწყალოს.

– ანუ სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს?

– მე მაქვს ინფორმაცია, რომ რურუას და უგულავას შეიწყალებს პრეზიდენტი. რა გამოდის ახლა, დეკანოზ გიორგი მამალაძეს საპატრიარქომ აპატია, პრეზიდენტსაც მიმართეს შუამდგომლობით და მამალაძე არ შეიწყალა სალომემ და რურუა უნდა შეიწყალოს?! სერიოზულ კრიტიკას დაიმსახურებს “ოცნება” და მერე აღარ გამოუვათ ის საუბრები, სალომე ჩვენი პარტიის წევრი არ არისო.

– ანუ გამოუშვებენ და სალომეს გადააბრალებენ?

– რაღაცით ხომ უნდა იმართლონ თავი. გამოუშვებენ და სალომეს შეაწმენდენ ხელებს. ჰოდა სალომეს რომ ქუჩაში ლაყე კვერცხი მოხვდება, არ გაუკვირდეს.

– ანუ უკვე გადაწყვეტილია ამ პირების გამოშვება?

– კი, არსებობს გეგმა ამ ადამიანების გამოსაშვებად.

– რურუას და უგულავას პრეზიდენტი შეიწყალებსო და რა ბედი ელის ოქრუაშვილს?

– ყველაზე უდანაშაულო ამ პირებს შორის არის სწორედ ოქრუაშვილი და თუ ვინმე შეიძლება ვცნოთ პოლიტპატიმრად, სწორედ ის არის. ან თამლიანს რომ ედავებიან რაღაცებს, გრიგოლ ვაშაძეს რატომ არავინ უბედავს დაპატიმრებას?! კამერები ჩამოარტყა პოლიციელს თავში. რა, ეს არ იყო დანაშაული?!

– მაშინ რა პრინციპით მოხდა დასაკავებელი პირების შერჩევა?

– დაიჭირეს ისინი, ვინც შეკრულები არ არიან ხელისუფლებასთან და ვისაც მფარველები არ ჰყავს დასავლეთში. ყველაფრის ორგანიზატორი გიგა ბოკერიაა, მაგრამ უბედავს ვინმე რამეს?! ყველაფერი უკვე შეთანხმებული და გადაწყვეტილია და ვისზეც არის მოთხოვნა, მათ გამოუშვებენ. დასხდნენ ელჩები და ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკა მათ გადაგვიწყვიტეს.

– ხომ შეიძლება, რომ სულაც არ შეასრულოს ხელისუფლებამ დადებული პირობა, არ გამოუშვას დაკავებულები და სულაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზეც თქვას უარი?

– კორონავირუსმა მარტო საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოში შეცვალა დღის წესრიგი. ეუთომ გადადო თავის შეხვედრები. ყველა ორგანიზაცია თავშეკავებულად იქცევა.

– სწორედ ამას გეკითხებით, ამ ფონზე ამ ცვლილებებსაც ხომ არ დაემუქრება საფრთხე?

– მოდით, ეს თემა ძალიან ლოგიკურად გავშალოთ. ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი და “ქართული ოცნება”, ხოლო მეორე მხარეს მთელი ოპოზიცია და დასავლეთი. გასულ ზაფხულს ხომ შედგა ეს შეთანხმება დასავლეთსა და მმართველ ძალას შორის, რომ ეს ცვლილებები იქნებოდა?! თუმცა ეს შეთანხმება მერე რაღაცა ხრიკებით დაირღვა. ამ დარღვევამ გამოიწვია ის, რომ ივანიშვილმა დაკარგა თავისი გუნდის ერთი ნაწილი, რომელიც ყველაზე მეტად იყო დასავლეთთან დაახლოებული. მე ასეთი კითხვა მაქვს, მაშინ რატომ დაკარგა ბიძინა ივანიშვილმა ეს ხალხი, თუ მაინც დათმობაზე უნდა წასულიყო?! სად რის ლოგიკა?

– რა არის თქვენი კითხვის ქვეტექსტი?

– ის, რომ მაშინ რად უღირდა ამხელა დარტყმის აღება, მუქარა სანქციებით დასავლეთიდან, თუკი მაინც უნდა დაეთმო?! მე გეტყვით, რაც იქნება: რაღაც გადამწყვეტ მომენტში, ეს მომენტი კი გაიწელება და არჩევნებამდე ძალიან ახლოს მივა, მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ “ქართული ოცნება” უკან წაიღებს თავის სიტყვას და არჩევნებს ჩაატარებს ძველი სისტემით.

ისეთი სიტუაციაა, რომ სულაც არ არის გამორიცხული, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს, ყოველდღე ახალ-ახალი აკრძალვები და რეგულაციებია. საქართველოში პანიკა აპრილის შუა რიცხვებში მიაღწევს პიკს. თუ გამოცხადდა სამხედრო კარანტინი, შესაძლოა, არჩევნები არც კი ჩატარდეს.

– ანუ ივანიშვილს იმედი აქვს, რომ ამ სიტუაციით დაიძვრენს თავს?

– დიახ, ასე იქნება. კორონა გადაარჩენს “ქართულ ოცნებას”. ისევე, როგორც 2008 წელს, ჩვენდა სამწუხაროდ, ომმა გადაარჩინა სააკაშვილი, ასე გადაარჩინა კორონამ “ქართული ოცნება” და ივანიშვილი!

დღეს კორონა მთლიანად სამყაროს საფრთხეა და არჩევნები მაჟორიტარული წესით ჩატარდება თუ პროპორციულით, მაპატიეთ, მაგრამ ალბათ მოსახლეობის დიდ ნაწილს ფეხებზე ეკიდება. ირანში ყველაზე მეტად ვირუსის გავრცელება მოხდა არჩევნებისას. იმ პერიოდში სწორედ არჩევნები იყო.

თუკი ჩვენთანაც ისე დამძიმდა სიტუაცია, როგორც სხვა ქვეყნებშია, რა ცივგულიანი უნდა იყო, რომ გამოხვიდე და არჩევნებზე ისაუბრო. ამიტომ გაძლევთ პირობას – არჩევნები თუკი საერთოდ ჩატარდა, ჩატარდება ძველი სისტემით.