ირაკლი ოქრუაშვილი მატროსოვის ციხიდან სასამართლოში დისტანციურად ჩაერთო

ირაკლი ოქრუაშვილი მატროსოვის ციხიდან სასამართლოში დისტანციურად ჩაერთობუტა რობაქიძის საქმეზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბრალდებული ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე სპეციალური პროგრამის საშუალებით ე.წ. მატროსოვიდან დისტანციურად ჩაერთო. ირაკლი ოქრუაშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში სასამართლო განხილვებში მონაწილეობას არ იღებდა და სხდომებს არ ესწრებოდა. დღეს ის პირველად ჩაერთო საკუთარი საქმის განხილვაში.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და მოსამართლის გადაწყვეტილებით, ის ძალაში დარჩა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განუცხადა.

„სხდომა გაიხსნა, არსებითი განხილვის პირველი სხდომა იყო, მოსამართლემ აღკვეთს გადახედა და პატიმრობა ძალაში დატოვა. შესავალი სიტყვა თქვა დღეს ბრალების მხარემ, დაცვის მხარე 21 აპრილს ვიტყვით. ირაკლი ოქრუაშვილი დისტანციურად ჩაგვერთო, დღეს არც არაფერი ჰქონდა სათქმელი, თავისი პოზიცია დააფიქსირა აღკვეთთან დაკავშირებით, რომ საერთოდ არ იყო აღკვეთის გამოყენების საჭიროება. როგორც წესია, ბრალდების მხარე აპელირებდა, რომ ახალი გარემოება არაფერი იყო და ა.შ. მაშინ, როცა გაეროს უმაღლესი კომისარი ქვეყნებს მოუწოდებს, თუ შეგიძლიათ პატიმრების რაოდენობა შეამცირეთო, ამ პირობებში, პროკურატურა აცხადებს, რომ ახალი გარემოება არაფერია და ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვეს“, – განაცხადა ჭაბაშვილმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ახალი ბრალი ნოემბერში წაუყენეს. ორივე მათგანს ბუტა რობაქიძის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ადეიშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით.