ლაშა ჩხარტიშვილი – “კარანტინში მყოფ პირებს 500-500 ლარი უნდა დაურიგდეთ”

ლაშა ჩხარტიშვილი - “კარანტინში მყოფ პირებს 500-500 ლარი უნდა დაურიგდეთ”ნათია ხურცილავა, ახალი თაობა 
ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.
– ლაშა, რამდენად უშვებთ, რომ საპარლამენტო არჩევნები გადაიდოს? პარლამენტში დეკრეტის დამტკიცების დროს პრეზიდენტმა არ გამორიცხა არჩევნების გადადება.
– ძალიან ადრეა ამაზე საუბარი. იმედი მაქვს, გონიერება ეყოფა ხელისუფლებას. ასე ნაადრევი საუბარი არჩევნების გადადებაზე მათ ცუდ ოცნებებზე მეტყველებს. იმედი მაქვს ამ ოცნებებს და ცდუნებებს არ აყვებიან.
ახლა არჩევნების გადადებაზე საუბარი ბევრი მიმართულებით არასწორია: ერთი, ეს ძალიან ამძიმებს საზოგადოებაში განწყობებს, რომ შეიძლება ოქტომბრამდე გასტანოს ვირუსმა. განწყობის თეორიის ქვეყანაში განწყობის ასე ბოროტად გამოყენება დანაშაულია.
მეორე, ეჭვებს აჩენს პოლიტიკურ სპეკულაციებზე. ეს ეჭვები პირადად მეც მიძლიერდება, როდესაც ვხედავ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეალურ ბერკეტს ვერ ან არ იყენებს ხელისუფლება.
– რას გულისხმობთ?
– რეალურად შეკრების, თავყრილობის უფლება არ იზღუდება. რასაც ვუყურებთ ეკლესიასთან მიმართებით. თავად მართლმადიდებელი ვარ და მიხარია ეკლესიის მხრიდან დადებითი მაგალითები. სასიხარულო იყო მეუფე გრიგოლის ინიციატივა სახლში ზიარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამიტომ, მთავრობამ უნდა აიღოს სრულად პასუხისმგებლობა.
საპატრიარქოსთვის კონკრეტულად უნდა აეხსნათ, რა საფრთხეზეა საუბარი, იმედი მაქვს, გაგებით მოეკიდებოდნენ და შეთანხმება მოხდებოდა. პირველ რიგში ხელისუფლებას აქვს ვალდებულება, დაიცვას საზოგადოების ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ეს უნდა გააცნობიერონ და შესაბამისად იმოქმედონ. იმედი მაქვს, ახლა მაინც მიაღწევს ხელისუფლება საპატრიარქოსთან შეთანხმებას.
ნებისმიერი შეკრება უმძიმეს რისკებს შეიცავს, ყოფნა-არყოფნის საკითხზეა საუბარი, ეს უნდა გავაცნობიეროთ ერმაც და ბერმაც.
სხვა მიმართულებითაც არის პრობლემები, რაც ხდება მსხვილ მარკეტებში, ხალხი რიგებში დგას, ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება. მაქსიმალური იზოლაცია და საზოგადოებრივი დისტანცირება არის გადამწყვეტი. პრაქტიკულად ეფექტური ზომები არ ტარდება ამ მიმართულებით. თითქოს, პრემიერ გახარიას განცხადებით, დეკრეტით უნდა შეზღუდულიყო 10 კაცზე მეტის შეკრება, რაც არ ამოქმედდა. ეს შეზღუდვა გაქრა სხვადასხვა მიზეზით. არანაირი მიზეზი არ არსებობს ადამიანების სიცოცხლის გასარისკად.
ჩვენ რეალური მიზეზი გვაქვს ეპიდემიური აფეთქების, თუ არ ამოქმედდება შეკრების შეზღუდვა. ამას ვამბობ, როგორც ბიოლოგი და არა როგორც პოლიტიკოსი. შეკრება იყო ვირუსის გავრცელების წინა მიზეზი, ახლაც მარნეულის შემთხვევაშიც, შეკრება არის მიზეზი, უკვე საუბარია 1.700 კონტაქტზე.
გამოდის, რომ აქციებისა და მანიფესტაციების გარდა არც არაფერი შეუზღუდავს ხელისუფლებას. ყველა სხვა სახის შეკრება, როგორც ჩანს, ნებადართულია. არადა, არანაირი აქციები არ ტარდებოდა და ოპოზიცია ამ გამოწვევას სრულიად ადეკვატური შეხვდა.
საგანგებო მდგომარეობა, რომელიც ხელისუფლებამ გამოაცხადა, არ აღიჭურვა ძირითადი უფლებით, რომელიც უნდა გამოეყენებინა მთავრობას. პირველ რიგში, ეს არის შეკრების მაქსიმალური შეზღუდვა ყველა გარემოში და, პირველ რიგში, დახურულ სივრცეში.
ხელისუფლება პრაქტიკულად უგულვებელყოფს საკუთარ ვალდებულებებს ადამიანების სოციალურად დაცვის კუთხით.
– რას სთავაზობთ ხელისუფლებას ამ მიმართულებით?
– კარანტინში ადამიანებს არ სთავაზობდე არანაირ კომპენსაციას, წარმოუდგენელია. კარანტინის გამო ვინც დაკარგავს შემოსავლის წყაროს, ერთჯერადი 500 ლარიანი კომპენსაცია უნდა მისცეს სახელმწიფომ. ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ კომუნალური გადასახადებისგან. ასევე, სტუდენტები უნდა გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისგან დროებით მაინც.
ეს თანხები ბიუჯეტში მოიძებნება. სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერებაც კი შეიძლება, რადგან ახლა მთავარია, ადამიანები არ დავტოვოთ ლუკმაპურის გარეშე. ახლა ადამიანების გადარჩენაზეა საუბარი.
ბრიტანეთი, ამერიკა, ყველა ცივილიზებული სახელმწიფო ასე მოიქცა. იმედი მაქვს ჩვენს ხელისუფლებასაც ეყოფა გონიერება, რომ ამ მიმართულებითაც იფიქროს და ადამიანები უკვე საშიმშილო კარანტინისთვის არ გაიმეტოს.