ლევან ჩაჩუა – “დაზარალებულ მოქალაქეებს კრედიტების გადავადებაში პროცენტებს გადაახდევინებენ”

ლევან ჩაჩუა - "დაზარალებულ მოქალაქეებს კრედიტების გადავადებაში პროცენტებს გადაახდევინებენ"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებაზე “ახალი თაობა” ესაუბრა მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერ ლევან ჩაჩუას
ლევან ჩაჩუა:
– საქართველოს ხელისუფლებას ჩემგან კრიტიკა არ აკლია, თუმცა, ჩასაფრებული პოზიცია არ მიკავია. კორონავირუსის და მის წინააღმდეგ მიღებული ზომების გამო ხელისუფლებასთან სასაყვედურო თითქმის არაფერი მაქვს. ჩვენი მედიკოსები კი შექებას იმსახურებენ. ხდება მაქსიმალური მობილიზება. როგორც შეუძლიათ, ებრძვიან ვირუსის შემოტევას.
– მოსახლეობაში, პანიკას, ვირუსის გარდა, მომატებული ფასები, ასევე ბევრი ადამიანის დროებით უმუშევრობა იწვევს.
– დიახ. არაერთი ობიექტის, საწარმოს მეპატრონეებმა თანამშრომლები დროებით დაითხოვეს. თვითონ ბიზნესმენებს კრედიტები აქვთ აღებული. სახელმწიფო მათ უნდა დაეხმაროს.
– კრედიტების დაფარვა უკვე გადაუვადდათ.
– გადაუვადდათ, მაგრამ რის ფასად?! დაზარალებულ მოქალაქეებს კრედიტების გადავადებაში პროცენტებს გადაახდევინებენ. ბანკირები ამაზე ლაპარაკობენ. გამოდის, რომ ამ გადავადებით ხელს ისევ ბანკები მოითბობენ, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მოქლაქეები კი დამატებით თანხებს გადაიხდიან.
ხელისუფლება უნდა შევიდეს იმ მოქალაქეების მდგომარეობაში, რომლებიც ამ სიტუაციაში უხელფასოდ დარჩნენ. ეს უფრო კერძო სექტორს ეხება. დროებით უმუშევრად დარჩენილები ხელისუფლებამ სამი თვის კომუნალური გადასახადებისაგან უნდა გაათავისუფლოს.
არც სხვები არიან კარგ დღეში. დიდი ფასები და ლარის გაუფასურება ყველას დააწვა. ამიტომ სხვებს სამი თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები უნდა გაუნახევრდეთ. ეს იქნება სოციალური სამართლიანობის გამოხატულება და “ქართული ოცნების” შეუსრულებელი დაპირებების ნაწილობრივ შესრულება.
– რომელი დაპირებების?
– “ქართული ოცნება” 2012 წელს ხალხს ეუბნებოდა, რომ ქვეყანაში მაღალი კომუნალური გადასახდებია და მათი ქურდული წილი ნაცმოძრაობაში მიდის. აპირებდნენ ამის გამოსწორებას. ამის მაგივრად, 2012 წლიდან მოყოლებული, გადასახადები გაიზარდა. ამ სიტუაციაში 3 თვით მაინც მისცენ ხალხს შეღავათები! კრედიტების გადავადებაზე კი ახალი პროცენტები არ უნდა დაწესდეს.
თქვენი სახალხო გაზეთით კიდევ კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა – საქართველოში გამაოგნებელი და ამაზრზენი მოვლენა ხდება. ქრისტიანული მარხვების, ასევე მუსლიმანური მარხვების დროს ამ პერიოდში არსად არ ხდება სამარხვო პროდუქციაზე ფასების მომატება. ამას მარტო საქართველოში ვაწყდებით. ასეთი გაუმაძღრობა არ მესმის. რა მოგება უნდა მიიღოს ასეთმა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თანამოძმეებს ძარცვავს!
– აღმოჩნდა, რომ ჩვენი განათლების სისტემა არ არის მზად დისტანციური სწავლებისათვის.
– ამის მცდელობა არის. ჩემს შვილს ჩაუტარდა ონლაინგაკვეთილი, თუმცა, სმენადობა ძალიან ცუდი იყო. დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებული ერთმა კურიოზმა ქვეყანა მოიარა, როცა მეორეკლასელებმა ქსელიდან მასწავლებელი განდევნეს. რომელ განათლებაზეა ლაპარაკი! ჩვენი განათლების სისტემა უმძიმეს დღეშია და ჯანდაცვის სისტემასთან ახლოსაც ვერ მოვა.
ამ ვითომ რეფორმებმა განათლების დონე უფრო დაბლა დასწიეს. მასწავლებელს უფლება არა აქვს, შენიშვნა მისცეს მოსწავლეს. მოსწავლეები პედაგოგებს აბულინგებენ. გაცდენილი საათები შეიძლება მოგვიანებით, თუნდაც, ზაფხულში ანაზღაურდეს. თუ არა და, სკოლებსა და უმაღლესებში გამოცხადდეს აკადემიური წელი.