მაია ნიკოლეიშვილი – “მე “ც” ჰეპატიტის პროგრამით განვიკურნე”

მაია ნიკოლეიშვილი - “მე “ც” ჰეპატიტის პროგრამით განვიკურნე”გულიკო ბალაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი პასუხობს.
– ქალბატონო მაია, კორონავირუსსა და მასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე რა აზრის ხართ? როგორ ართმევს თავს საქართველოს ხელისუფლება, ჯანდაცვა თავს ამ პრობლემას?
– სამედიცინო სფეროს ხარისხში ჩახედული ვარ იმიტომ, რომ ჩემთან უარყოფითი შემთხვევებისა და შეცდომების გამო მოდიან ხოლმე. ზოგადად, ქართული მედიცინის მაღალ ხარისხს მეც ვისურვებდი, მაგრამ ამ შემთხვევაში, რაც კორონავირუსს შეეხება, ძალიან იმედიანად ვარ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ამ მიმართულებით ქართული სამედიცინო დარგის სპეციალისტების დონე მართლა ძალიან მაღალია. ამ სფეროში დღეს ჩვენს პოსტსაბჭოთა მეზობლებთან შედარებით ბევრად წინ ვართ. თვალყურს ვადევნებ, როგორ ხდება ამ ვირუსით დაავადებულთა აღმოჩენა, რეგისტრაცია. აზერბაიჯანთან, სომხეთთან და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებთან შედარებით, ბევრად წინ ვართ. ზოგადად, არ ვიცი ხოლმე დითირამბები, როდესაც მინუსებს ვხედავ, მაგრამ ამჯერად მართლა ძალიან იმედიანად ვარ.
– იმედს რა გაძლევთ?
– იმედი მაქვს ექიმების, რომლებიც ძალიან კარგად არიან დატრენინგებული. ჩემთვის ამის მაგალითია “ც” ჰეპატიტის პროგრამა, რომელიც საქართველოში ბრწყინვალედ შესრულდა.
– ზოგიერთმა “ც” ჰეპატიტის პროგრამასაც აღმოუჩინა ნაკლი, რომელიც წამლებს უკავშირდებოდა.
– ისაუბროს იმან, ვინც წლების მანძილზე არ ელოდა პრეპარატის აღმოჩენას. მე პირადად ამ პროგრამით განვიკურნე. წლების მანძილზე პრეპარატის გამოგონებას ველოდებოდი. ინტერფერონით ჩემი მკურნალობა არ შეიძლებოდა. წლები ველოდი, როდის აღმოაჩენდნენ მსოფლიოში ამ პროგრამას. აღმოაჩინეს, მაგრამ უძვირესი ღირდა.
აღმოჩენილი პრეპარატით მე პირადად განვიკურნე და ამოვისუნთქე და არ მჭირდება ჩემი მაკრატლის, ჯაგრისისა და ყველაფრის ცალკე იზოლირებულად შენახვა. სტომატოლოგთან რომ მივდივარ, არ მჭირდება მისი გაფრთხილება.
მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და ვირუსი არ შემყრია, გაციება არ ვიცი, საერთოდ, რა არის.
კორონავირუსის ერთ-ერთი სამკურნალო პრეპარატი რიბავერინია, რომელიც ამ პროგრამაშია, ანუ “ც” ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატი კორონავირუსის სამკურნალოდ ეფექტიანიაო, ამბობენ ექიმები. საქართველოში შემოდგომაზე საუბარი იყო, ბევრი რატომ შეიძინესო. მადლობა ღმერთს, რომ ბევრი ყოფილა.
– ამბობდნენ, წამლებს ვადა გაუვიდაო.
– ამ ტიპის ე.წ. ვადაგასული პრეპარატი ერთი წელი ვარგისია. უბრალოდ, მისი ეფექტურობა შეიძლება შედარებით დაბალი იყოს, მაგრამ პრეპარატი მაინც ვარგისია. მადლობა ღმერთს, ამდენი პრეპარატი რომ იყო შესყიდული.
– ანუ ვინც იმკურნალა “ც” ჰეპატიტზე, კორონავირუსი ვერაფერს დააკლებს?
– ყოველ შემთხვევაში, ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი პირველი ჩავერთე “ც” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში და ვიმკურნალე. მას შემდეგ ვირუსი და სეზონური გრიპები არ დამმართნია.
– ძირითადად ოპოზიცია საუბრობს ნაკლოვანებებზე.
– საინტერესოა, ოპოზიციის ტვინი როგორ არის მოწყობილი. როცა მსოფლიო ამხელა საფრთხის წინაშე დგას, მსოფლიოში ლამის პანდემიაა, ოპოზიცია კი ამას ხელისუფლების წინააღმდეგ იყენებს, სამარცხვინოა.
ვინც ასეთი თემით სპეკულირებს, გაყიდის მკვდარსაც, ცოცხალსაც, ომსაც. რა თქმა უნდა, წინა პრეზიდენტს ვგულისხმობ. ეს არის ადამიანის ღირებულებათა სისტემის გამოხატულება. თუ შენი ღირებულებათა სისტემა ისეთია, რომ შეგიძლია ასეთი თემებით ისპეკულირო, სამშობლოსაც გაყიდი, ტერიტორიებსაც გაყიდი და ყველაფერს იკადრებ ფულის სანაცვლოდ. ოპოზიციის ზოგიერთ წარმომადგენელს რომ ვუსმენ, უბრალოდ, მრცხვენია.
– რატომ გრცხვენიათ?
– ვუყურებ და მრცხვენია ამ ადამიანების, რადგან თავისი ხალხის წინააღმდეგ მოქმედებენ.
– სააკაშვილის ხელისუფლების მინისტრის განცხადება ხომ არ გაგახსენდათ?
– დიახ, ახალ წელს ჭიპაშვილმა რომ განაცხადა, ყოველი მესამე დაიღუპებაო. მახსოვს, სკოლის პერიოდში ქოლერა რომ იყო. აგარაკზე ვიყავით და ვინც ამოდიოდა, ვეკითხებით, რა ხდებაო. რთული სიტუაცია იყო, მაგრამ…
მე მრცხვენია, რომ საქართველოში გვყავს ოპოზიცია, რომელსაც შეუძლია იცხოვროს მხოლოდ ერთი მიზნით, როგორმე საპარლამენტი სკამი და ხელისუფლება დაიბრუნოს, თუნდაც საქართველო ცარიელი იყოს.
მაჟორიტარებს ვეთანხმები, დღევანდელი ოპოზიციის პირობებში სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. რაღაც ღირებულებები ხომ არსებობს? ერთად დასხდნენ ისეთი ადამიანები, რომელთა ერთად დასხდომა წარმოუდგენელი იყო. როგორ შეიძლება ნაციონალებთან დაჯდეს ადამიანი, რომელიც სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკობს? არ შეიძლება, მაგრამ რადგან ეს მოხდა და ყველანი ერთად არიან, ყველამ ერთად, თავისი სურვილით, თავი სრულ იზოლაციაში მოიქცია.
ოპოზიცია ქვეყანაში ძლიერი უნდა იყოს. მას უნდა ჰქონდეს გარკვეული შესაძლებლობა, ხელისუფლებაში იყოს და მართვაში მონაწილეობდეს, მაგრამ მე ნორმალურ, კონსტრუქციულ ოპოზიციაზე ვსაუბრობ და არა იმ დესტრუქციულზე, რომელიც ჩვენ გვყავს.
დღეს ოპოზიცია იმდენად დესტრუქციულია, პროპორციული არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ქვეყნის მდგომარეობა გაუარესდება. საქართველოსთვის ეს კატასტროფა იქნება.
დღეს პროპორციული სისტემა იქნება ქვეყნის დაღუპვა.