მეგი გოცირიძე – „ზუგდიდში პირბადეები ნაციონალებს არ დაგვირიგებია”“

მეგი გოცირიძე - „ზუგდიდში პირბადეები ნაციონალებს არ დაგვირიგებია"“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს მეგი გოცირიძე პასუხობს

– ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს სერიოზული კრიტიკა მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა, კანონი 10 კაცზე მეტის შეკრებას კრძალავს და ამ დროს 200 კაცი გროვდება ზუგდიდის ცენტრში. ბევრმა ეს შეაფასა როგორც პროვოკაცია. რას იტყვით თქვენ?

– იცით, რაშია საქმე? უნამუსობის პიკია. მთელი ერთი კვირა იხვეწებოდა მიხეილ სააკაშვილი, რომ გამოგიგზავნით პირბადეებს და სხვა ნივთებს, მაქვს ამის საშუალება და თქვენ დაარიგეთო. ახალგაზრდა მოხალისეები, ბავშვები დარბოდნენ, ამხელა რისკის ქვეშ აყენებდნენ საკუთარ ჯანმრთელობას და არიგებდნენ ამ ყველაფერს, სადაც შესაძლებელი იყო.

– კონკრეტულად ზუგდიდში რა მოხდა? როგორც სხვაგან არიგებდნენ ეს მოხალისეები, იქაც ასე რატომ არ დარიგდა?

– ხალხმა რომ გაიგო, რომ რიგდებოდა, ყველა გამოვარდა. ცხადია, მოსალოდნელი იქნებოდა ამდენი ხალხის თავშეყრა. პოლიცია იდგა და შორიდან აკვირებოდა ამ პროცესს. არ ჩაერია სიტუაციაში. რატომ მიუშვეს ასე ნებაზე?! პროვაკია მათი მხრიდან იყო, ამ ახალგაზრდების მხრიდან კი არა.

– არ ელოდნენ, რომ ამდენი ხალხი გამოვიდოდა? ძალიან სახიფათოა ამ სიტუაციაში ასეთი თავშეყრები, ეს რატომ არ გაითვალისწინეს?

– ეს პარტია ხომ არ იყო? ეს პარტიის ინიცირებული არ ყოფილა. ეს იყო მოხალისეების ჯგუფი…

– ჯგუფი, რომელიც ასოცირდება ნაციონალურ მოძრაობასთან. ასე არ არის?

– ეს არ იყო პარტიის დაორგანიზებული აქცია. ასე, ნაციონალურ მოძრაობასთან ასოცირდება საქართველოში ერთი მილიონი ადამიანი, ყველა ვინც ხმა მისცა “ოცნების” წინააღმდეგ და რა ვქნათ ახლა, სად წავიდეთ ჩვენ?! ჩვენ ყველგან ვართ, აი, “ოცნება” სად არის, ეს არის მთავარი ამბავი. ეს კორონა წავა, მაგრამ “ოცნება” სად წავა?! სად წავა ივანიშვილი თავისი გახარიებით და ამ შპანათი?! ეხლა სოკარი რომ მიადგა და რომ ჩაუჭრეს მოსახლეობას გაზი, რუსთავში, თბილისში…

– ამას რატომ ვერ აკონტროლებს ხელისუფლებაა, რომ ისედაც რთულ სიტუციაში ჩავარდნილ მოსახლეობას კიდევ არ დაუმძიმდეს ყოფა?

– ეს არის დანაშაული! თუმცა მე არა მაქვს სოკართან პრეტენზია, ან რატომ უნდა მქონდეს?! სოკარი არის კერძო კომპანია, რომელიც მაწვდის გაზს და ითხოვს, რომ ჩვენ გადავუხადოთ. სოკარი რა ვალდებულია, რომ გაზის საფასური დაგვიფაროს. ეს არის ხელისუფლების პრეროგატივა. მთელ მსოფლიოში ხელისუფლება იღებს თავის თავზე ამ მოვალებას. ჩვენი ხელისუფლების სათავეში დღეს არის ივანიშვილი და ეს ივანიშვილის მოვალეობაა. მას საერთოდ არ აწუხებს ეს ყველაფერი. ერთი განცხადებაც კი არ გაუკეთებია. გახარიაა წინა პლანზე. გახარია ვინ არის? რამდენი გახარია გამოიცვალა უკვე!

– იმის თქმა გინდათ, რომ პროცესებს ივანიშვილი მართავს?

– ბუნებრივია, აბა ვინ მართავს?! ქვეყნის არაფორმალური თუ ფორმალური მმართველი არის ივანიშვილი. მისი შვილი ამაზონის ჯუნგლებში სამარიაჟოდ რომ რიცხავს მილიონებს, ახლა რატომ არ რიცხავს, ფონდში, გაუბედურებული რომ არის ჩვენი ხალხი?!

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბერა ივანიშვილმა 1 მილიონ 100 ათასი დოლარი გადარიცხა კორონავირუსის ფონდში.

– ეს არის შალვა რამიშვილის ტროლები. თვითონ გამოვიდეს ივანიშვილი და თქვას ამის შესახებ. ასე რომ ყოფილიყო, ივანიშვილს ვინმე დააკლებდა ვიდეორგოლს?! რას ლაპარაკობთ! შეხედეთ, ლარი სად გაიქცა! ჩვენს ქვეყანაში ხომ გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა ამ კორონავირუსთან დაკავშირებით სხვა ქვეყნებთან შედარებით?! იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი ინფექციონისტები გვყავს. 24 საათი შრომობენ და მათ შრომას გახარია იწერს თავის თავზე და ეს სასაცილო ტიკარაძე! ჩვენთან გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა და არსად ასე არ გაუფასურებულა ეროვნული ვალუტა, როგორც ჩვენთან!

– მეგი, საუბარია, რომ შესაძლოა ზომები კიდევ უფრო გამკაცრდეს და გადავიდეთ მკაცრ კარანტინზე, რადგან მოსახლეობა არ იცავს წესებს. ეს ახალ პრობლემებს ხომ არ წარმოქმნის?

– ხალხო, მთელ მსოფლიოში გაჩერდა მესა, გაჩერდა ყველა ლიტურგია, ჩვენი მეუფეები კი გამოდიან და აცხადებენ, ერთი კოვზით ზიარება პრობლემას არ წარმოადგენსო. მღვდლები არიან დაინფიცირებულები და ასე შემდეგ. ღმერთის გამოცდას თავი დაანებონ, რა! თუ იმის უფლება მაქვს, წავიდე კვირას ეკლესიაში, წირვას დავესწრო და ვეზიარო 200 კაცთან ერთად პატარა ტაძარში, დიდი ბოდიში, რა…

მთელ მსოფლიოში ინფიცირდებიან ექიმები, მღვდლები, ამ ვირუსმა არ იცის გარჩევა, ვინ ვინ არის. თავიდან ძალიან მჭახედ გამოვიდა გახარია, მერე თალაკვაძემ შეარბილა ტონი ეკლესიასთან მიმართებაში. კოჭს უგორებენ. იცით, რისი ეშინიათ?!

– რისი?

– არჩევნები აქვთ ჩასატარებელი და ეკლესია სჭირდებათ სასიცოცხლოდ, მაგრამ მრევლზე უკვე აღარ მოქმედებს, არა. მე აღმსარებელი ქრისტიანი და არ მინდა ამ თემებზე კრიტიკულად საუბარი, მაგრამ უთქმელობაც არ ვარგა. მოდით რა, ნუ ვიქნებით რომის პაპზე უფრო მეტად კათოლიკეები. არც ბევრი ლაპარაკი მინდა ამ თემაზე, მაგრამ არც გაჩუმება შეიძლება. ნახევრად ორსული არ არსებობს! ან ხარ, ან არ ხარ ორსულად!

– იმის თქმა გინდათ, რომ იზოლაცია ყველას თანაბრად უნდა შეეხოს?

– სხვანაირად უბრალოდ არ შეიძლება. ეს არის შერჩევითი სამართალივით. კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. იმხელა ჰიპერმარკეტი დომინო დაკეტეს. ნათურის გამოცვლა რომ გინდოდეს სახლში, ვერ იყიდი და ვერ გამოცვლი და გვერდზე მუშაობს კარფური. რა, ეს ვირუსი კარფურში სხვანაირად გადადის და იქ სხვანაირად გადადის?!

ხელისუფლებაა დამნაშავე. დროულად რომ ჩაეკეტათ საზღვრები, ეს არ მოხდებოდა. იტალიაში მძვინვარებდა ვირუსი და უბედურება და აქ ჩვეულებრივად იყო მიმოსვლა გაჩაღებული. 20 დოლარად მიდიოდნენ იტალიაში… ესეც მენტალობის პრობლემაა. თავიდან საერთოდ არ ხდებოდა შემოწმება. სიცხესაც არ უზომავდნენ. ახლა უკვე მეოთხეული გადაცემები დაიწყო და რეალურად ძნელი გასარკვევია ეს ყველაფერი.

– გართულდება სიტუაცია?

– აბა, რა იქნება. ხომ ვხედავთ რა ხდება მარნეულში და ბოლნისში. ეს კორონა გაივლის, მაგრამ მეორე კორონა რომ წინ გველოდება, ეკონომიკური თვალსაზრისით, ამას რა ეშველება?!

– ამ მხრივ რა გველოდება?

– კატასტროფა! აღარანაირი სამუშაო. მთელი თბილისი დაცარიელდა. ეს ხალხი წავიდა სოფლებში, მაგრამ წავიდა ცარიელი ხელებით, ჯიბეგამოფხეკილები. ეს ადამიანები ყოველდღიურ შემოსავალზე იყვნენ დამოკიდებულები. რა ქნან, როგორ იარსებონ?! მიწები დაამუშავეთო, რითი აამუშაონ, ცარიელი ხელებით? არც საწვავი აქვთ, ან რა დათესონ? დაურიგონ ამ ხალხს საწვავი და დაამუშავებინონ მიწები. თოხით და ბარით რომ მდიდრდებოდნენ, ეს ადამიანები თბილისში კი არ ჩამოვიდოდნენ ლუკმა პურის საშოვნელად.

ხალხს შიმშილით სიკვდილი ემუქრება. ეს სრულიად მუქთახორა და უსაქმური კასტა კი მდიდრდება და ისევ პიარზე ფიქრობს და პიარისთვის მუშაობს. კალაძემ მილიონი ლარი გამოყო, საბავშვო ბაღებიდან საკვები რომ რიგდება, ამ საკვების შესაფუთად. რა შეფუთვა, ხალხო, ეს თანხა ჩაგერიცხათ ამ ადამიანებისთვის და თვითონ იყიდდნენ, რაც სჭირდებოდათ! აქაც კი პიარს იკეთებენ, საარჩევნო წელიაო. რა დროს არჩევნებია, ეკონომიკურად წელში გაწყდა მსოფლიო! არჩევნები კი არა, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, მსოფლიოში თითქმის ყველა ხელისუფლება შეიცვლება.

– რატომ?

– იმიტომ, რომ არავინ არ აღმოჩნდა პრაქტიკულად მზად ამ გამოწვევისთვის! შეხედეთ რა ხდება. ჩვენ გვქონდა შანსი გადარჩენის ამ ვირუსისგან. ეს შიგნით ხომ არ იყო, შემოიტანეს. ჩვენ რომ ეფექტიანი ხელისუფლება გვყოლოდა, უცბად ჩაკეტავდა საზღვრებს, მაგრამ არა, ტურიზმი და შემოსავლებიო.

რა გეტურიზმება?! ესაა კარგი, ყველაფერი რომ გაჩერდა?! ახლა მეტი ზარალი არ ვნახეთ და ამდენი ადამიანი ულუკმაპუროდ არ დარჩა?! ეს ზომები ცოტა ადრე რომ მიეღოთ, ეკონომიკას ამ დღეში არ ჩააგდებდნენ. საერთოდ ვინმე ფიქრობს ამ ხალხზე, როგორი უნდა იარსებონ?! ჯერ ისედაც აღარ აქვთ “ოცნება”, თავზე დაემხოთ და რაც დარჩა, ისიც ჩამოეშლებათ.

რა არჩევნები, რის არჩევნები. ისევ ყოფილი ნაცების იმედად არიან. ყველა ქოცი გაექცათ. დღეს ვინც ჰყავთ “ოცნებაში”, ყველა არის ყოფილი ნაციონალი და ისინი მე მეძახიან, სისხლისმსმელო და პროვოკატოროო, წარმოგიდგენიათ?!

“ოცნების” საქმე ყველა ვარიანტში დამთავრებულია. მათ არჩევნებზე არანაირი შანსი აღარ აქვთ. ვეღარც კარტოფილი უშველით და ვეღარც სხვა დანარჩენი. გახარია კარგი კრიზისმენეჯერიაო. კრიზისმენეჯერი არა, ის… თვითონვე ქმნის ამ კრიზისებს და მერე ცდილობს, მოაგვაროს. ისე როგორც გავრილოვის ღამე შექმნეს. ქმნიან და მერე ვითომ აგვარებენ.

ეს არის სუფთა რუსული ამბავი. ვითომ კრიზისმენეჯერები. ვაი, თქვენს პატრონს!