ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე სამაშველო ოპერაცია განხორციელდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები აქვს, ბინაში ორი დღის მანძილზე დასთან ერთად იყო ჩაკეტილი და მას ბინის დატოვების საშუალებას არ აძლევდა.
მომხდარის გამო ოჯახის წევრებმა სამმართალდამცველები გამოიძახეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი. მეოთხე სართულზე ჩაკეტილი და-ძმა რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ გაათავისუფლეს.
პოლიციამ ქუთაისში ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, უწყების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის სამმართველოს თანამშრომლებმა, იმერეთის განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოსა და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, 1978 წელს დაბადებული ზ.ჭ. ქუთაისში დააკავეს.
მათივე ინფორმაციით, დაკავებულს ოჯახის წევრისთვის – დისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა ედება ბრალად. დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქუთაისში, დავით აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, საკუთარ ბინაში, 4 დღის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება ამავე ბინაში მცხოვრებ დას – 1980 წელს დაბადებულ შ.ჭ.-ს და სახლიდან გასვლის ნებას არ აძლევდა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული დანაშაულის ადგილზე, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
გამოძიება ოჯახის წევრისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 143-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.