სანდრო ბრეგაძე – „ხელისუფლებამ მილიონერები უნდა დაბერტყოს“

სანდრო ბრეგაძე - „ხელისუფლებამ მილიონერები უნდა დაბერტყოს“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე პასუხობს.

– ბატონო სანდრო, ხელისუფლების მუშაობას როგორ შეაფასებთ?

– ჩვენ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან ქართველი ექიმების მუშაობა, სახელმწიფოს მუშაობა და ხალხის ქცევა. ქართველი ექიმების მუშაობა არის კოლოსალური შრომა, უმაღლესი პროფესიონალიზმი და უდიდესი გულისხმიერება.

ხელისუფლება მუშაობს გულმოდგინედ, მაგრამ ვაგვიანებთ თითოეულ წუთს. დღეს რომ გამოდის ვანო ჩხარტიშვილის სიძე, ვითომ ოპოზიციაში რომ არის, გიორგი ვაშაძე და რომ აცხადებს სწრაფი ტესტებიო, ამაზე ორი კვირის წინ ვეუბნებოდით ხელისუფლებას, მაგრამ ჩვენ დაბლოკილები ვართ ტელევიზიებში. მათთვის კი კარი ღიაა. როგორც კი პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ მივმართეთ ხელისუფლებას, რომ ჩაეკეტა საზღვრები. მათ მითხრეს, რომ მთელი მთავრობა მოწადინებულია იმისკენ, რომ საზღვრები ჩაიკეტოს, მაგრამ დღეს რომ საზღვრები ჩაიკეტოს, გამოვა, რომ „ქართული მარშის“ მოთხოვნას დავყევით და ქსენოფობებად მოგვნათლავენ ჩვენო. არ ჩაკეტეს საზღვრები და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ახლა ჩვენ ვეუბნებით, რომ სასწრაფოდ უნდა შემოიღონ კომენდანტის საათი, მასობრივი უმკაცრესი კარანტინი.

– აუცილებელია ეს მკაცრი კარანტინი და კომენდანტის საათი?

– აუცილებელია, რადგან ქართველები არ იცავენ ამ წესებს. გადაიხედეთ ეზოებში, ბავშვები ჩვეულებრივად თამაშობენ ფეხბურთს მოედნებზე, ხალხი ჩვეულებრივად დგას ე.წ. ბირჟაზე. მიდის სმა-ჭამა, ჭაჭის არყით ხელში სელფებს იღებენ, ამითი ვამარცხებთ კორონავირუსსო და ამ ადამიანებს ეს ვაჟკაცობა ჰგონიათ.

– ივანიშვილის როლი როგორია ამ პროცესებში?

– რა თქმა უნდა, უმადური იქნები ადამიანი, რომ არ დაინახო ის, რაც ქართუ ჯგუფმა გააკეთა ამ პერიოდში. როდესაც მთელი ეს დანახარჯები მან აიღო თავის თავზე და მომავალშიც ბიუჯეტის დეფიციტს ქართუ შეავსებს. თუმცა საქართველო არ არის მარტო ქართუ. საქართველოს ჰყავს ბიძინა ივანიშვილზე არანაკლებ ფულის მქონე მილიონერები.

დღეს ზოგიერთი გამოდის და მადლობას უხდის მამუკა ხაზარაძეს. მამუკა ხაზარაძემ, რომელსაც 1 მილიარდი დოლარის ქონება აქვს, ფონდში გადარიცხა 30 ათასი დოლარი, რაც ძალიან სამარცხვინოა.

ლევან ვასაძემ, რომელიც 300 მილიონ დოლარს ფლობს, გადარიცხა სამარცხვინოდ 13 ათასი დოლარი.

როგორც ძაღლს გადაუგდებენ ძვალს, ისე გვიგდებენ და თავიდან გვიცილებენ. ქართველი ხალხის თანხები მიითვისეს, მილიონერები გახდნენ და დღეს ასე სამარცხვინოდ იქცევიან.

– ბანკების მიმართ არის საყვედური, რომ ხელი მოითბეს ამ სიტუაციითო. ასევე ენერგოკომპანიები იქცევიან არაკეთილსინდისიერად.

– თელასი და ყაზტრანსგაზი ბანდიტური კომპანიებია, რომლებიც კორონავირუსის დამთავრების შემდგომ გაძევებულები უნდა იქნენ საქართველოდან. ახლა დადიან და მოსახლეობას გაზს უჭრიან და დენს უჭრიან. სახელმწიფოც არაფერს აკეთებს ამის საწინააღმდეგოდ. ის კომპანიები, რომლებიც დღეს დენს და გაზს უჭრიან მოსახლეობას, არიან საბოტაჟის განმხორციებლები და საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე, ისინი დაპატიმრებულები უნდა იქნან. თუ ასეთი რადიკალური ზომები არ გადავდგით, სხვაგვარად არაფერი არ გამოვა.

მძიმე სიტუაციაა და ხელისუფლებაც ვერ დგას სათანადო პოზიციებზე.

დღეს ამხელა ამბავია ატეხილი, ეკლესიაში მრევლი მივიდეს თუ არ მივიდეს, მე ხაზგასმით გეტყვით, რომ უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ აზერბაიჯანელი ხალხის მიმართ, არც ის არის სწორი, ეროვნების მიხედვით განცხადებებს რომ აკეთებენ. თუმცა მარნეულში ამ დაავადების გავრცელება ბაირამობის დღესასწაულზე მოხდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, აღდგომის სუფრაზე რომ მომხდარიყო დაინფიცირება, რა ამბავს ატეხდნენ ეს არასამთავრობოები. ჩვენს ხელისუფლებასაც ხომ სწორედ ამ სოროსული არასამთავრობოების ეშინიათ.

– თავადვე ახსენეთ ეკლესია. საკმაოდ საფრთხილო თემაა და რთულია, რაიმე მოწოდება გააკეთო, მაგრამ რას იტყოდით თქვენ ამ ყველაფერთან დაკავშირებით?

– მე დარწმუნებული ვარ, რომ ბარძიმიდან და ხატებიდან ვირუსი არ გადავა. არჩევანი არის მარტივი, არავინ არავის არ აძალებს, რომ მოდი ეკლესიაში და  ილოცეო. ვისაც აქვს იმის საშიშროება, რომ შესაძლოა დაინფიცირდეს, არავინ აძალებს, რომ გინდა თუ არა მოდი ტაძარში და ეზიარეო.

რამხელა აჟიოტაჟი ატყდა. ეს აჟიოტაჟი ხელოვნურადაა ატეხილი. ვინმეს სჯერა საერთოდ, რომ კორონავირუსი მართლა ღამურის შეჭმიდან გავრცელდა და მართლა ამიტომ მოედო მთელ მსოფლიოს?!

ეს არის ბიოლოგიური იარაღი და ეს არის ღვთის სასჯელი. იმის მაგივრად, რომ ხალხს მოვუწოდოთ, მობრუნდნენ ღმერთისკენ, ეკლესიისკენ, დაიწყონ ლოცვა, ეს შეტევა ეკლესიაზე არ ჩერდება. ხოლო იმ ადამიანებს, ვინც ასე ებრძვის ეკლესიას, აღარ სჭირდება ფოფინი და მოფრთხილება. რა სეკულარულ სახელმწიფოზე მესაუბრებით, ხალხო! საზღვრები ჩაიკეტა და კარგა ხანს იქნება ჩაკეტილი, გლობალიზაცია მოკვდა, დამთავრდა! ამდენი სატანა რომ მეფობს დედამიწაზე, სწორედ ამიტომ ვართ ამ დღეში.

უწმინდესის და უნეტარესის განცხადებებზე ლაზღანდარობა დაიწყეს და საცინლად აიგდეს. ყველა ამაზე ღლიცინებდა, როდესაც განაცხადა, მეორედ მოსვლა ახლოვდებაო. აი, ნახეთ, რა დღეში ჩავვარდით?! ეს შემთხვევითობაა? უწმინდეს ჰქონდა ხილვა და გაგვაფრთხილა, მაგრამ დავცინეთ. ჰოდა, აი, სასჯელიც!

– თქვენ კომენდანტის საათზე და მკაცრ კარანტინზე საუბრობთ. რა ქნას მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვინც ყოველდღიურ შემოსავალზე იყო და ვისაც არაფერი აბადია?

– ამიტომ უნდა გადადგას ხელისუფლებამ უფრო გაბედული ნაბიჯები. ყველაფერი ჩვენ ვუკარნახოთ?! რად უნდათ საგანელიძის საპარტნიორო ფონდი, რომელსაც ზარალის მეტი არაფერი მოუტანია? გამოათავისუფლონ ის ნახევარდი მილიარდი ლარი და დაურიგონ ასეთ გაჭირვებულებს, მათ, ვინც სამსახური დაკარგა.

ვინც ყოველდღე იბრძოდა ლუკმა-პურის საშოვნელად, ამ ადამიანებს სახლში რომ დავსვამთ რა შიმშილით სიკვდილისთვის გავწირავთ. რა მნიშვნელობა აქვთ მათთვის, შიმშილი მოკლავს თუ კორონა. კორონასგან განიკურნები მაინც და შიმშილისგან გადარჩენილი ადამიანი არ არსებობს.

ამიტომ დროა, დაფერთხოს ხელისუფლებამ საგანელიძისნაირი ადამიანები. გააუქმონ ასეთი პარაზიტული ფონდები და ამ გაქსუებულ ბიზნესმენებსაც, რომლებიც ხალხის ხარჯზე გამდიდრდნენ, გაცილებით მეტი გადაარიცხინონ ფონდში.

დაბერტყეთ ეს მილიონერები. რატომ არ ბერტყავთ?! მილიარდი დოლარი რომ გაქვს და სასაცილო თანხას რიცხავ ფონდში, უბრალოდ, სირცხვილია!