სერგო რატიანი – „ველოდები, რომ პრეზიდენტი უგულავას შეიწყალებს“

სერგო რატიანი - „ველოდები, რომ პრეზიდენტი უგულავას შეიწყალებს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

11 ევროპარლამენტარი 5 სხვადასხვა ფრაქციიდან საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, რომ ”ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგი უგულავა შეიწყალოს. დოკუმენტი სოციალურ ქსელში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ გაავრცელა. ამასთან უგულავას ადვოკატი პრეზიდენტს მიმართავს გიგი უგულავას შეწყალების თხოვნით, რათა პრეზიდენტი ვალდებული იყოს ფორმალურად მიანც განიხილოს უგულავას შეწყალების საკითხი.

რა მოლოდინი აქვს – შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი გიგი უგულავას? შეასრულებს თუ არა ”ქართული ოცნება” დაპირებებს და თუ არ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ექნება თუ არა არჩევნებს ლეგიტიმაცია? – ამ საკითხებთან დაკავშირებით „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო რატიანი საუბრობს.

_ ხედავთ თუ არა იმის მზაობას, რომ ”ქართული ოცნება” მზად არის შეასრულოს ის დაპირებები, რომლებიც მოგცათ ოპოზიციას და საზოგადოებას უკვე მეორედ?

_ პირველ რიგში მივესალმები თქვენს მკითხველს და ვიტყვი იმას, რომ ”ქართული ოცნების” დაპირება ორ ნაბიჯად უნდა გავყოთ. ერთი ეს არის დოკუმენტი, სადაც ხელი მოწერილია, რაც ეხება ცვლილებებს საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში და რაც გულისხმობს საარჩევნო მოდელის მიღებას 120/30-ზე. ანუ 120 პროპორციული სისტემით არჩეული დეპუტატი გვეყოლება, ხოლო 30 – მაჟორიტარულით. აქ თითქოს უფრო მკაფიოდ არის საქმე.

_ რაც შეეხება მეორე ნაწილს – პოლიტპატიმრების თემას, აქ როგორია თქვენი მოლოდინი?

_ რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, ჩანს, რომ ”ქართული ოცნება” ამ საქმეს აჭიანურებს, მაგრამ მას კარგად უნდა ესმოდეს, რომ პოლიტიკური კრიზისი ვერ განიმუხტება ამის გარეშე.

მმართველ პარტიას არ უქმნის უხერხულობას ის ფაქტი, რომ მას ეძახიან მატყუარას და თურმე ეს არის სრულიად გაცხადებული, როდესაც მას ხვდებიან ელჩები და საერთაშორისო პარტნიორები, სადაც ამბობს ერთ რაღაცას და შემდეგ იტყუება. ჩვენ ამ პერიოდში ვნახეთ შემაშფოთებელი ფაქტები, მაგალითად, 13 მარტს.

_ რა გაქვთ მხედველობაში?

_ თამლიანის შემთხვევა. ვნახეთ, რომ  20 ივნისის დაკავებული პირი დატოვეს პატიმრობაში. ის ნამდვილად შეიძლება შევაფასოთ მძევლად. ის არ არის პოლიტიკური აქტივისტი. არცერთი პარტიის აქტივისტი არ არის და ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ის არის მძევალი. ჩვენ ვნახეთ, რომ „ოცნებამ“ და „ოცნების“ მართულმა სასამართლომ დატოვა პატიმრობაში.

ევროპარლამენტარები აგზავნიან წერილს პრეზიდენტთან და მოითხოვენ გიგი უგულავას გამოშვებას. ყველას კარგად ესმოდეს, რომ თუ არ იქნება შესრულებული პოლიტპატიმრების გამოშვების მოთხოვნა, მაშინ სიტუაციის ნორმალიზაციაზე და ნორმალურ პირობებზე საუბარი ზედმეტია.

ლეგიტიმაცია ამ საარჩევნო პერიოდის იქნება ძალიან დაბალი. იმისათვის, რომ არჩევნები გამოცხადდეს ლეგიტიმურად, არის ფაქტობრივად ორი მიმართულება. ერთი არის საარჩევნო კოდექსი, რომელზეც ვსაუბრობდით და მეორეა გარეთ არსებული ვითარება. თუ პოლიტპატიმრები არიან და ლიდერები რჩებიან ციხეში, ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ პროცესი არის ნორმალიზებული და არჩევნები ტარდება სამართლიან და ნორმალურ გარემოში.

_ იმ შეხვედრებზე კონკრეტული სახელებითა და გვარებით იყო თუ არა საუბარი, რომ ის პირები უნდა იყვნენ გათავისუფლებულები?

_ მადლობა ამ კითხვისთვის. ეს თემა ლამის უკვე სასაცილო გახდა. იმიტომ, რომ ამ ცოტა ხნის წინ ჩვენ კი არ ვთქვით ეს, არამედ პრაქტიკულად მათმა მოკავშირემ თქვა ეს. ირმა ინაშვილი გამოვიდა და თქვა, რომ დასახელებული იყო სახელები და გვარები. ანუ, არამარტო ჩვენ ვამბობთ ამას, არამედ ირმა ინაშვილმა თქვა, რომ საუბარი იყო კონკრეტულ პირებზე და კონკრეტული სახელებისა და გვარების განხილვა იყო. რატომ არ მოაწერა ხელი ირმა ინაშვილმა?! ინაშვილი თვლის, რომ ეს პირები უნდა ისხდნენ ციხეში და სწორედ ამიტომ არ მოაწერა დოკუმენტს ხელი. მან ეს ღიადაც თქვა. ჩვენი ნათქვამი კი არ არის ეს, არამედ ირმა ინაშვილმა თქვა ეს.

შიგნით რომ ეს გარემოა და ზოგადად ”ქართული ოცნება” თავს იტყუებს პოლიტპატიმრების თემაზე საუბრისას, ეს ფაქტია. პრინციპში როგორი რიტორიკითაც უნდა, იმ რიტორიკით ილაპარაკოს და ვისაც რა უნდა ისე დაუძახოს, ოღონდ საქმე გააკეთოს და გამოუშვას პოლიტპატიმრები.

დღეს რომ ჩვენი პარტნიორები საუბრობენ ამაზე და ”ქართული ოცნება”, ფაქტობრივად, აღიარებულია ძალად, რომელსაც ჰყავს პოლიტპატიმრები, ეს აღარ იწვევს არავისში ეჭვს.

_ პრეზიდენტმა უგულავას შეწყალებასთან მიმართებით გაურკვეველი განცხადება გააკეთა, რომელსაც უპასუხა ბურჯანაძემ და გაიხსენა, როგორ შეიწყალა თვითონ ბათიაშვილი. ახლა, როცა უგულავას ადვოკატმა შეწყალებით მიმართა პრეზიდენტს, ზურაბიშვილს ფორმალურად ასეთი განცხადების საფუძველი აღარ აქვს. ამის შემდეგ რა მოლოდინი გაქვთ? შეიწყალებს?

_ მე მოლოდინი მაქვს, რომ ”ქართული ოცნება” მაინც გადადგამს ამ ნაბიჯს, ვინაიდან საერთაშორისო ზეწოლა არის საკმაოდ ძლიერი. მან უნდა შეიგნოს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ნორმალიზებაზე ლაპარაკი საერთოდ არ იქნება. მან ეს უნდა გააკეთოს. ეს საჭიროა ქვეყნისთვის. ეს საჭიროა საერთაშორისო იმიჯისთვის და ასევე თავად ”ქართული ოცნებისათვის”, რათა მისი მდგომარეობა და საარჩევნო გარემო იყოს ნორმალური. ამიტომ, ამის იმედს ვიტოვებ, თუმცა დღეს ეჭვის საფუძველი, რასაკვირველია, არსებობს.

_ ხომ არ სარგებლობს ”ქართული ოცნება” გლობალური გამოწვევებით, რომლებიც მსოფლიოს წინაშეა და ამიტომაც ხომ არ აჭიანურებს ამ პროცესს?

_ ახლა ”ქართული ოცნების” ცუდი ქცევა მაინცდამაინც კორონავირუსს რომ დავაბრალოთ, არ იქნება სწორი, მაგრამ ზოგადად ცუდად იქცევიან. ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ესეც ეხმარებათ.

ზოგადად, ნებისმიერ შემთხვევას იყენებენ. ეს არის ფაქტი.