შალვა ხაჭაპურიძე – „ნაკლებად საშიში პატიმრები ციხეებიდან უნდა გამოუშვან და საპროცესოები გააფორმონ”

შალვა ხაჭაპურიძე - „ნაკლებად საშიში პატიმრები ციხეებიდან უნდა გამოუშვან და საპროცესოები გააფორმონ"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს.

– ბატონო შალვა, რა ხდება სასამართლო სისტემაში და პენიტენციურ დაწესებულებაში? რა შეიცვალა თქვენს სამუშაო პროცესში?

– სასამართლოში პროცესები სამოქალაქო საქმეებზე გადაიდო და ეს სწორიც არის. ასევე გადაიდო სისხლის სამართლის სააპელაციოებიც, სადაც კატასტროფული მდგომარეობა არაა. ერთადერთი პრობლემაა აღმკვეთი ღონისძიება და იქ, სადაც დროებითია მისჯილები და ვადები იწურება. ბევრი გადაიდო აპრილის შუა რიცხვებისკენ და აპრილის ბოლოსკენ, ნაწილი კი ტარდება დისტანციურად.

უკვე ამუშავდა დისტანციური სისტემა. მე თუ მკითხავთ, ეს აქამდეც უნდა ამუშავებულიყო, რადგან ძალიან დიდი რესურსი იხარჯებოდა. დისტანციური სისტემა დიდ დანაზოგს აკეთებს.

– ბატონო შალვა, ითქვა, პროკურორები ადვოკატებს საპროცესოს სთავაზობენ, სადაც ეს შესაძლებელია და მსგავსმა შეთავაზებებმა იმატაო. ასეა?

– ითქვა ასეთი რამ, თუმცა ჩემს კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა. ახლა მუშა პროცესი მიდის და სავარაუდოდ ეს ასეც მოხდება. გაერომ გააკეთა განცხადება, სადაც არის ამის შესაძლებლობა, პატიმრები გაათავისუფლეთო.

– დასავლეთი აქტიურად მოუწოდებს ქვეყნებს პატიმრების გამოშვებისკენ. რა იქნება ჩვენთან? ცხადია, მძიმე დანაშაულს ეს არ შეეხება.

– რა თქმა უნდა. დღეს ჩვენთან გამოშვების ორი პროცესუალური სისტემაა, ან საპროცესო შეთანხმება, ან გამამართლებელი განაჩენი. საპროცესო შეთანხმება ვრცელდება და ეხება ნებისმიერ მუხლს, თუ იქნება ეს ნაკლებად მძიმე დანაშაული. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ბოლო 17 წელიწადია მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა ხორციელდება, კარგი იქნება, თუ კეთილ ნებას გამოიჩენს საქართველოს ხელისუფლება და გაატარებს უფრო მსუბუქ სისხლის სამართლის პოლიტიკას.

– კერძოდ, რას გულისხმობთ?

– მაგალითად, მაქვს ერთი კონკრეტული ქეისი, 20 ათასი ლარის მითვისებაზეა საუბარი. ეს ადამიანი ამბობს, რომ ის ამ ზიანს აანაზღაურებს, თანაც ის არის ასაკოვანი და დაავადებული. ასეთ და მსგავს დანაშაულებებზე უნდა მოხდეს საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

– ხომ შეიძლება რომ შეწყალების ფორმა მიიღოს ამ ყველაფერმა და გამოუშვან ნაკლებად მძიმე დანაშაულის მქონე პირები. თუნდაც როგორც 2012 წელს მოხდა? მაშინ ბევრი პატიმარი გამოვიდა ე.წ. ბესელიას სიით.

– დიახ, გეთანხმებით. ასევე აუცილებლად უნდა ამუშავდეს უდოების სისტემა. ეს თემა თეა წულუკიანს ეხება. უნდა ამუშავდეს ე.წ. ბრასლეტების თემა, რასაც შინაპატიმრობა ჰქვია. თუ პატიმარი ხასიათდება დადებითად და არ აქვს მძიმე დანაშაული, რატომაც არა.

გარდა ამისა, უნდა გამოვიდეს ამნისტია, რომელმაც მინიმუმ 1/4 მაინც უნდა მოაკლოს მისჯილ სასჯელებს. ციხეებში მრავლად არის წინა ხელისუფლების დროს დაპატიმრებული ხალხი, რომელთა საქმეების გადახედვაც არ მოხდა. თუ ამ ადამიანებს ¼-ს მოვაკლებთ, დაახლოებით ათასამდე პატიმარი ამ კუთხით დატოვებს საპატიმროებს. ღმერთა ნუ ქნას და ციხეში ერთი შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს, საშინელება მოხდება.

– ციხეში მარტივად გავრცელდება?

– რა თქმა უნდა. საკანში 7-8 პატიმარია და თქვენ წარმოიდგინეთ, რა მოხდება. პატიმრებთან ციხის თანამშრომლებს აქვთ ურთიერთობა, პროკურორებს, გამომძიებლებს, ადვოკატებს.

– ანუ იმის თქმა გინდათ, რომ დაცულები არ არიან?

– ციხეში ამას ვერ დაიცავ. ეს წარმოუდგენელია. ზოგი ამბობს, ჩაკეტილები არიან და დაცულები არიანო. ჩაკეტილი რომ არის, სრულიად მარტო კი არ ზის, ვიღაცამ კარი უნდა გაუღოს, საჭმელი მიაწოდოს, გაასეირნოს და ასე შემდეგ. სამი-ოთხი შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს, საკმარისია, მთელი სისტემა იქნება დაინფიცირებული.

ამიტომ სადაც შესაძლებლობაა, მაქსიმალურად უნდა მოხდეს გამოშვება. ამნისტია რისთვის გვინდა აბა, მაინცდამაინც არჩევნების დროს უნდა ტარდებოდეს?!

70 მილიონი ლარია მარტო პატიმრების კვებისთვის გამოყოფილი, წარმოიდგინეთ, რამხელა დანაზოგი გაკეთდება ბიუჯეტში. თუ საპროცესოებსაც გააფორმებენ, ეს ხალხიც ხომ შეიტანს ბიუჯეტში თანხებს. მინიმუმ 200 მილიონს დაზოგავს სახელმწიფო. ამ შავ დღეში ჩავარდნილი ბიუჯეტისთვის ეს სერიოზული ფულია და ეს ფული შეიძლება წარიმართოს ავადმყოფების მკურნალობისთვის და სწრაფი ტესტირებისთვის. თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებსაც უნდა ჩაუტარდეთ სწრაფი ტესტირება.

– არის ამის საშუალება? ფიქრობთ, რომ აუცილებელია იზოლაციაში მყოფი პირების ტესტირება?

– მიმაჩნია, რომ აუცილებელია. ეს ადამიანები იზოლაციაში არიან ორი კვირა. არის ადამიანთა კატეგორია, რომელთა ორგანიზმშიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს ეს ვირუსი. სწორედ ამიტომაა საჭირო მათი ტესტირება, ისინი თუ ვირუსის მატარებლები არიან, იზოლაციიდან ოჯახებში რომ დაბრუნდებიან,  ოჯახის რამდენ წევრს დაავადებენ?! ამაზე რატომ არაფერს ამბობს სახელმწიფო, რატომ არ ისმის ეს კითხვები?!

– შეწყალების თემას რომ დავუბრუნდეთ, დაიწყება ამაზე საუბარი, კონსულტაციები?

– აუცილებლად უნდა დაიწყოს. რაღაც გზა უნდა გამოვნახოთ. მით უმეტეს მსოფლიო მოგვიწოდებს აქეთკენ. გაეროს განცხადება არ არის ასე უბრალოდ ნათქვამი.

– ირანმა ძალიან ბევრი პატიმარი გამოუშვა…

– ირანში ვიცით, რა კანონებიც არის და რაც ხდება ამ კუთხით და სანამ გაერო მოუწოდებდა, მანამდე გამოუშვა 85 ათასი პატიმარი. თუკი არის შესაძლებლობა და საზოგადოებისთვის საშიში არ არის, რა თქმა უნდა, უნდა გამოუშვან.

მე ველოდები, რომ დღე-დღეზე რაღაც ინიციატივა გაჟღერდება სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით.