თორნიკე შარაშენიძე – “ოცნება პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებს”

თორნიკე შარაშენიძე - “ოცნება პოლიტპატიმრებს არ გამოუშვებს”ნონა ცაბაძე, ახალი თაობა
“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში თორნიკე შარაშენიძე პასუხობს
– ბატონო თორნიკე, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა, თუმცა სხვადასხვა შეფასება მოვისმინეთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან დაკავშირებით. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გვარები არ გაჟღერებულა, გიორგი ვაშაძემ იცრუაო. რამდენად უშვებთ, რომ ისევ მოხდეს გადაგდება “ოცნების” მხრიდან?
– პოლიტპატიმრებზე, დიდი შანსია, რომ გადაგდება მოხდეს, მაგრამ საარჩევნო სისტემაზე აღარ მგონია, რამე შეიცვალოს. ეს კატასტროფული თავის შერცხვენა იქნება, ამ ყველაფრის შემდეგ, ამხელა ვაჭრობის და შუამავლობის შემდეგ, როგორც იქნა, მიაღწიეს შეთანხმებას.
მათი მხრიდან ზაფხულში პროპორციულის შემოგდება ნაჩქარევი აღმოჩნდა, ბევრი რამ ვერ გათვალეს, თუმცა ასევე ნაჩქარევი იყო მისი უკან წაღება. შეეშინდათ და უკან წაიღეს. ხოლო ეს 120/30-ზე იმდენი ხნის ვაჭრობის, მოლაპარაკების და გარიგების შედეგია, რომ მას ასე მალე უკან ვერ წაიღებენ.
– რამდენად დიდი იყო ამერიკის ელჩის და ზოგადად ევროპული ქვეყნების ელჩების როლი ამ ყველფერში?
– ამ სიტუაციაში კარგად გამოჩნდა, რომ როდესაც ამერიკას ჩვენს ქვეყანაში ელჩი ჰყავს, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად მიდის.
– რატომ დათმო “ქართულმა ოცნებამ”, სანქციების შეეშინდათ?
– ყველაფრის ერთად შეეშინდა. “ოცნების” ხისტი პოზიცია იყო ბაქი-ბუქი და სხვა არაფერი, რომ უკან არ დაეხიათ. ცდილობდნენ, დაეშინებინათ ოპოზიცია, რომ ჩვენ არაფერს დავთმობთო. სულ ეს იყო, მეტი არაფერი.
– 1%-იანი ბარიერი, 40%-იანი ჩამკეტი სისტემით და 120/30-ზე – ეს ყველასთვის მისაღები იქნება?
– ეს სისტემა ნორმალურია, პრინციპში ოპტიმალურია არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და გეტყვით, რასაც ვგულისხმობ. ამ სიტუაციაში ამაზე მეტის მიღება ალბათ შეუძლებელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ “ოცნებას” არ უნდა ხელისუფლების დაკარგვა და ეს ბუნებრივია. შესაბამისად, მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და რაც მივიღეთ, მართლაც რომ კარგია!
ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა არ დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ არ მოხდა კატასტროფული გაყალბება და ტერორი არჩევნების დროს ხელისუფლების მხრიდან.
– “ქართული ოცნება” აცხადებს, თავისუფლად ავიღებთ 40%-ს და მეტსაცო. ასე დარწმუნებულები რატომ არიან?
– თუ არ ეშინიათ და თუ დარწმუნებულები არიან, რომ აიღებენ, მაშინ ნუ გააყალბებენ. ჩვენც ეგ გვინდა, რომ ნორმალურად და გაყალბების გარეშე ჩაიაროს არჩევნებმა. თუ მოიგებენ გაუყალბებლად, მაშინ ღმერთმა შეარგოთ!
– ზოგიერთი ექსპერტის მხრიდან გაჟღერდა მოსაზრება, რომ 1%-იანი ბარიერის პირობებში, შესაძლოა, ოპოზიციამ კოორდინირებულად აღარ იმუშაოს და ყველამ საკუთარი საარჩევნო კამპანია აწარმოოს და ცალკე გავიდეს არჩევნებზე.
– იმ ფონზე, რა მიღწევაც შედგა, ეს თემა უკვე მეორეხარისხოვანია. თუ ეცდება და ოპოზიცია მოახერხებს საერთო ენის გამონახვას, ხომ კარგი, თუ ვერ მოახერხებს, ეს მისი პრობლემაა.
ამ ეტაპზე. არის მოლოდინი, რომ მაჟორიტარებზე შეთანხმდებიან, სხვანაირად “ოცნებას” ვერ დაუპირისპირდებიან, რადგან ხელისუფლებას დიდი რესურსი აქვს.
– პოლიტპატიმრების საქმეებზე რას იტყვით? ხედავთ იმის მზაობას, რომ პრეზიდენტმა შეიწყალოს უგულავა?
– უგულავას გამოშვება საკმაოდ რთული იქნება. ის შეაბრუნეს და ბუნებრივია შებრუნება არ მომხდარა შემთხვევით. ბიძინამ ჩათვალა, რომ უგულავამ გარიგება დაარღვია. უგულავა გამოუშვა იმ პირობით, რომ ის პოლიტიკურად არ იაქტიურებდა, მაგრამ ეს მან იაქტიურა. ამიტომ გადამგდებად ჩათვალა უგულავა და შეაბრუნა უკან. შესაბამისად, უგულავას საქმე შედარებით მძიმეა. გაცილებით მძიმე, ვიდრე რურუასი.
– მაშინ რა იქნება?
– იმაზე მაინც იქნება ლაპარაკი, რომ სხვები არ დაიჭირონ. ესეც კარგი მიღწევა იქნება.
– ანუ შესაძლოა ნიკა მელია გადაურჩეს ციხეს?
– მე ასე მგონია, რადგან ამ ეტაპზე ნიკა მელიას ჩასმა ძალიან მძიმე პროცესი იქნება “ოცნებისთვის”.
– შესაძლოა, არც ხაზარაძე-ჯაფარიძე ჩასვან?
– ასე მგონია, რომ არ დაიჭერენ. ამ კომპრომისის მერე, რაზეც უკვე წავიდა ხელისუფლება, ძალიან რთული იქნება მათთვის მსგავსი ნაბიჯები. რომ იტყვიან, საშარო საქმე იქნება.
– ირაკლი ოქრუაშვილის გამოშვების შანსს ხედავთ?
– მე მგონი, მასაც გადამგდებად განიხილავს ივანიშვილი. შესაძლოა, არჩევნებამდე გააჯანჯლონ პროცესი. არც იმას გამოვრიცხავ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ გამოუშვან. ასე ვთქვათ, მაშინ, როდესაც ისინი უკვე ზიანს ვეღარ მოიტანენ.
ერთს ვიტყვი, დღეს დასავლეთიდან უკვე გვილოცავენ და მართლა მოსალოცად გვაქვს საქმე, რომ თავიდან ავიცილეთ არჩევნების დელეგიტიმაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
– გაყალბების მექანიზმისგან რამდენად კარგად იქნება პროცესი დაცული?
– რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ იქნება დაცული. ბევრი რამე დამოკიდებული იქნება იგივე უცხოელების ჩართულობაზე, რომ მაქსიმალურად მკაცრი მონიტორინგი იყოს. სამწუხაროდ, ამისგან არანაირად არა ვართ დაცული.
– რამდენი პროცენტის აღება შეუძლია “ოცნებას”?
– დღევანდელი გადასახედიდან, 30-დან 40%-მდე. გააჩნია, როგორ წავა პროცესები.
– მაჟორიტარები ისევ ხომ არ აუჯანყდებიან “ოცნებას”? კახა ოქრიაშვილი აცხადებს, ამ სისტემას მხარს არ დავუჭერო.
– არ მგონია, ბიძინას გარეშე რამის თავი ჰქონდეთ და რამე გაბედონ, ყოველ შემთხვევაში, მათი ბუნტი გადამწყვეტი ნამდვილად ვერ იქნება.
ეს იყო ბიძინა ივანიშვილის თანხმობა, ის დაყაბულდა ამ სისტემით ჩატარებას და დანარჩენებიც ერთხმად დათანხმდნენ.
ბიძინას გარეშე ეს შეთანხმება არ იქნებოდა!