ტრაგედიით დასრულებული თევზაობა – მდინარე იორში 2 მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ტრაგედიით დასრულებული თევზაობა - მდინარე იორში 2 მამაკაცის ცხედარი იპოვესსაძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი, რომლებიც მდინარე სათევზაოდ იყვნენ წასულები. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია დედოფლისწყაროში, დალის მთის წყალსაცავის მიმდებარედ გაუჩინარებული ორი მოქალაქის შესახებ.

„ინიციატორის განცხადებით, მოქალაქეები მდინარე იორზე სათევზაოდ იყვნენ წასულები, როდესაც მდინარეში ჩავარდნენ. ადგილზე მყოფმა სხვა მეთევზეებმა მდინარეში გადავარდნილი მოქალაქეების ადგილსამყოფელს ვეღარ მიაგნეს და დასახმარებლად სამაშველო სამსახური გამოიძახეს. ინფორმაციის მიღებისთანავე, შეტყობინებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი სახანძრო-სამაშველო ჯგუფების გარდა, ასევე, გავიდნენ განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს წყალზე რეაგირების და მყვინთავთა ჯგუფები. საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად მდინარე იორში ნაპოვნია ორი მამაკაცის ცხედარი.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.