ვახტანგ ძაბირაძე – “ლარს ხელოვნურად ხომ არ აუფასურებენ?!“

ვახტანგ ძაბირაძე - “ლარს ხელოვნურად ხომ არ აუფასურებენ?!“ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

– ბატონო ვახტანგ, პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკური კრიზისი ალბათ გარდაუვალი იქნება. შემოდგომით საქართველოში არჩევნებია, რამდენად რთული წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება მოუწევს ხელისუფლებას? 

– პანდემიის დასრულების შემდეგ, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი ნამდვილად გარდაუვალი იქნება. ეკონომიკის ვარდნა ამჯერად, როგორც სპეციალისტები ამბობენ, გაცილებით რთული იქნება, ვიდრე იყო 2008 წელს.

სანამ პანდემია დასრულებულა, მე ვურჩევ ხელისუფლებას, პარალელურ რეჟიმში მოხდეს ეკონომიკური კრიზისი დაძლევის პროგრამის შემუშავებას სწორედ სპეციალისტებთან ერთად. ეს უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რათა მერე უკვე ძალიან გვიან არ იყოს.

არჩევნები ნაკლებად მადარდებს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ვირუსის დამარცხება და ეკონომიკური კოლაფსიდან თავის როგორმე დაღწევა. ხომ ხედავთ, როგორ გარბის ლარის კურსი. თუ ეს პროცესი ასე გაგრძელდა კუპონიზაცია გარდაუვალი იქნება. კუპონიზაციას კი რა თანმდევი პროცესები მოჰყვა, ამის გახსენებაც კი არ მინდა. მაშინ მხოლოდ ჩვენ ვიყავით ასეთ მძიმე ვითარებაში, ახლა მთელი მსოფლიო ამ მდგომარეობაშია და ვის გინდა, რომ დახმარება სთხოვო?! ამიტომ არის ერთიორად დამაფიქრებელი ეს ყველაფერი.

– რას ურჩევთ ხელისუფლებას, რა ნაბიჯები უნდა გადადგას? 

– მთელი ქვეყნის მასშტაბით რომ არ ცხადდება კარანტინი, სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან ეს გადაწყვეტილება მყისიერად მიწასთან გაასწორებდა ეკონომიკას. ალბათ ერთ-ორ კვირაში მცირე და საშუალო ბიზნესს მოქმედების შესაძლებლობა უნდა მიეცეს. გაზაფხულია, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დასამუშავებელია. თუ ახლავე არ გადავდგამთ ამ მიმართულებით ნაბიჯს, ეს ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყვანს.

რეკომენდაციების დაცვით, პირბადეებით თუ სოცილაური დისტანციით უნდა დაიწყოს მიწების დამუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით.

წელს ტურისტული სეზონი ალბათ მთლიანად ჩავარდება. ამიტომ ბიუჯეტში ეს ყველაფერი გათვალისწინებული უნდა იყოს.

თქვენ არჩევნებზე მკითხეთ, თუ რა გავლენას იქონიებს ეს კრიზისი, დიახ, სწორედ წინასაარჩევნო პერიოდს ემთხვევა ეს ყველაფერი. ძალიან მძიმე პერიოდს ემთხვევა, რადგან აქ სოციალური ფონიც თავის როლს შეასრულებს. ამიტომ,  მთავრობას გარკვეული სოციალური კალათის შექმნა მოუწევს, სადაც აუცილებელი პროდუქციის ჩამონათვალი გაკეთდება, რომელზეც ფასები მეტნაკლებად შენარჩუნდება.

– წინასაარჩევნო კამპანიაში ოპოზიცია გამოიყენებს ამ მძიმე ფონს? 

– რომ გითხრათ, რომ არ გამოიყენებს, ეს გულუბრყვილობა იქნებოდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური სპექტრი დღეს ნამდვილად კარგად იქცევა. სწორი მიდგომები აქვთ. აგრესიულები არ არიან. კრიტიკა არის და უნდა იყოს კიდეც. მეტიც, ხელისუფლებამ ეს კრიტიკა კი არ უნდა უარყოს, უნდა გამოიყენოს თავის სასარგებლოდ.

რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამ სიტუაციას გამოიყენებს, თუმცა მთავრობამ უნდა მოახერხოს იმ პოლიტიკური ქულების შენარჩუნება, რომლებიც მოიპოვა ვირუსთან ბრძოლაში. ამას შეძლებს იმ შემთხვევაში თუ ანალოგიური ნაბიჯები იქნება გადადგმული ეკონომიკური მიმართულებითაც. ძალიან დამაფიქრებელია ლარის ასეთი დონის გაუფასურება.

– ეროვნული ბანკი ნაბიჯების პარალელურად ლარი კვლავ უფასურდება.  

– ამიტომ მიჩნდება კითხვა, ხომ არ აქვს ადგილი დამატებით სპეკულაციებს ლარის კურსთან დაკავშირებით?! ხომ არ აქვს ადგილი ვინმეს მხრიდან სურვილს, არსებული რეალობა გამოიყენოს სათავისოდ და ასეთ დღეში ჩააგდოს ეროვნული ვალუტა?!

ამაზე უნდა მუშაობდნენ შესაბამისი უწყებები. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას, ამ მიმართულებით დაინტერესდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში კუპონიზაცია გარდაუვალია. ეს კი რა შედეგებამდე მიგვიყვანს, რთული წარმოსადგენი არ არის.

თუ ამ ყველაფერს კარგად არ გაიაზრებს ხელისუფლება, ეს არჩევნებს დაარტყამს.