ანზორ აბრალავა – „დასაპატიმრებელია სააკაშვილი. ოქრუაშვილი არის მსხვერპლი“

ანზორ აბრალავა - „დასაპატიმრებელია სააკაშვილი. ოქრუაშვილი არის მსხვერპლი“მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა

ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სიტუაციაზე „ახალი თაობა“ ესაუბრა ყოფილ დეპუტატს, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ანზორ აბრალავას

_ საქართველოში ზოგიერთი კომენტატორი კორონაკრიზისის გადავლის შემდეგ სოციალურ აფეთქებას პროგნოზირებს. საუბარია იმაზე, რომ მშიერი ხალხი გამოვა და გადაუვლის ხელისუფლებას. თქვენ რას იტყოდით?

_ არ მესმის, როგორ უნდა გააკეთო ასეთი განცხადებები იმ დროს, როცა ის, რაც ხდება, გლობალური მოვლენაა. ასეთ დროს ერი მეტად კონსოლიდირებული უნდა იყოს. ერთმანეთს ყველაფერში ვერ დავეთანხმებით, მაგრამ ანტისახელმწიფოებრივი, ანტიჰუმანური და ანტიხალხური განცხადებებისაგან ყველამ თავი უნდა შეიკავოს.

_ სოციალური აფეთქების პროგნოზირება ანტისახელმწიფოებრივია?

_ ყველას თავისი მოსაზრებები და საზომი აქვს, მაგრამ ასეთ ვარაუდებს მარტო გაბოროტებული რევანშისტული ძალები გააკეთებენ. ის, რაც ახლა ქვეყანაში კეთდება უნდა გაკეთებულიყო. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ჩინებულად მუშაობს. სამწუხაროდ, იმავეს ვერ ვიტყვი სხვა სფეროებზე. მაგალითად, ონლაინრეჟიმი ყველა შემთხვევაში ეფექტური ვერ გამოდგა. ვაწყდებით შეფერხებებს და ხარვეზებს. სერვერები გადატვირთულია. საერთოდ, ყველა სფერო უნდა იყოს მომზადებული კრიზისისა და ფორს-მაჟორული ვითარებისთვის.

ექიმებმა დაამტკიცეს, რომ მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ყოველ შემთხვევაში, არავის ჩამოუვარდებიან. თავისი ცოდნა მათ ბოლო წლებში არ მიუღიათ. ცოდნა და გამოცდილება მათ ძველი დროიდან მოჰყვებათ. კვალიფიციური კადრები ჩვენ სხვა დარგებშიც გვყავს. ხელისუფლებამ ისინი უნდა გამოიყენოს.

_ რამდენიმე დღის წინ პრემიერმა გამოაცხადა, რომ ანტიკრიზისული გეგმა საზოგადოების წარმომადგენლებთან, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანალიტიკოსებთან ერთად მუშავდება. ამის შესახებ გაქვთ ინფორმაცია?

_ არა. პირადად მეც შემომთავაზეს თანამშრომლობა, მაგრამ შემდეგ აღარ შემხმიანებიან. ხელისუფლებას არ უნდა ეშინოდეს აკადემიურ წრეებთან ურთიერთობისა. პრემიერ გიორგი გახარიას აქვს სხვებთან ურთიერთობის უნარი, მაგრამ უწყებები ჩაკეტილია. ისინი აკადემიურ წრეებს არ იკარებენ.

_ პირველ კითხვას დავუბრუნდეთ. სოციალურ აფეთქებას არ მოელით?

_ საქართველოში სოციალური აფეთქება არ იქნება. კორონავირუსს ყველგან ებრძვიან. საქართველოში _ სხვებზე წარმატებულად. ეკონომიკას პრობლემები ექნება, ცოტა გაგვიჭირდება, მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამოვალთ. თუ ატყობთ, როგორ შეგნებას და ინტუიციას იჩენს საზოგადოება. ადამიანებში ამუშავდა გადარჩენის ინსტინქტი. ხალხი ხელისუფლების მიერ გადადგმულ სწორ ნაბიჯებს ხედავს.

_ ირაკლი ოქრუაშვილს საქალაქო სასამართლომ 20-21 ივნისის ამბებში მონაწილეობისათვის 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. საზოგადოების ნაწილი ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს.

_ სამწუხაროა, როცა ადამიანი, მით უმეტეს, ოჯახის პატრონი, ციხეში ხვდება. ირაკლი ოქრუაშვილი შეეწირა ოქრუაშვილი აღმოჩნდა გარეული კონტრრევოლუციურ სცენარში.

_ და მარტო ისჯება?

_ ჩემი აზრით, დასაპატიმრებელია სააკაშვილი. ოქრუაშვილი არის მსხვერპლი. ისე, რამდენიმე წლის განმავლობაში რევოლუციური შტაბი განთავსებული იყო მაშინდელი „რუსთავი 2“-ის ოფისში. შტაბის მეთაური იყო ნიკა გვარამია, რომელიც აანონსებდა ხელისუფლებაში მოსვლას და დაჭერებს. შე კაი კაცო, საიდან იცი, რომ ხელისუფლებაში მოდიხარ? ვადიანი არჩევნები იქნება თუ ვადამდელი, ხელისუფლებაში ყოფნას როგორ აანონსებ?! ამას აკეთებდა გვარამია სააკაშვილის ინსტრუქციების დახმარებით. მის გარშემო შეიკრიბა ნაციონალური მოძრაობა და მისი წრე.

სააკაშვილის ავანტიურებს ახლავს მსხვერპლიც. საერთოდ, უკრაინაში მყოფი სააკაშვილი და მისი აქაური ამფსონები არის რუსული ტროას ცხენი. ხელისუფლების ადგილზე გავიხსენებდი, როგორ ემსახურებოდნენ რუს ოკუპანტებს სააკაშვილის გუბერნატორები 2008 წლის ომის დროს, უწევდნენ მათ მძღოლობას, დროს ატარებინებდნენ. მაშინდელი ხელისუფლება აძლევდა ოკუპანტს კოორდინატებს და მოუწოდებდა, დაებომბა სტალინის ძეგლი გორში. ეს ახლო წარსული ახალგაზრდობამ არ იცის.

_ როგორ შეიცვლება საქართველოს ეკონომიკა პოსტკრიზისულ პერიოდში?

_ ცვლილებები გარდაუვალია. ეკონომიკური დარგების გადანაწილება შეიცვლება და გაიზრდება სოფლის მეურნეობის სასარგებლოდ. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა-წარმოება, ასევე _ ჯანდაცვის მთელი ინდუსტრიის განვითარება.

_ მაგალითად, უცხოელებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა?

_ ესეც. ჩვენი ჯანდაცვა ქართულ ბრენდად უნდა იქცეს. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ადრეც სწავლობდნენ საქართველოში სამედიცინო ფაკულტეტებზე. მომავალში უფრო მეტმა უნდა ისწავლოს. ასევე უნდა განვითარდეს საკურორტო სფერო. ყველაფერი ეს ჯანდაცვის ერთიან კლასტერში გაერთიანდება და ეკონომიკის მძლავრი ნაწილი გახდება. საქართველოს ეკონომიკურ სტრატეგიაში გეგმები შევა.

_ სხვა ქვეყნების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პოსტრიზისულ ეპოქაში ქალაქებში დაცარიელდება შენობები, გაიაფდება საოფისე ფართები და ბინები, მათი ქირა, ვინაიდან, კერძო სექტორი, რომელიც დისტანციურად იმუშავებს, ამაზე ფულს არ დახარჯავს.

_ საქართველოში, არა მგონია, ეს მოხდეს. ოფისები არ დაცარიელდება. ერთი მიმართულება მეორეს ჩაანაცვლებს. იგივე სამედიცინო სექტორი გაძლიერდება. გაიზრდება მოსახურების წილი. უნდა გაძლიერდეს  კოოპერირება და ერთობლივი საწარმოები. მათ მიმართ აუცილებელია პროტექციონისტული პოლიტიკის გატარება.

მედეადან მოყოლებული, საქართველო მედიცინის სამშობლოა. ჩვენი ექიმები ვიწრო სპეციალიზაციის გარდა, ფართო პროფილის სპეციალისტებიც არიან. ასეთი იყო ცხონებული ვახტანგ ბოჭორიშვილიც, რომელმაც სეფსისის ცენტრი დააარსა. მის სახელს ბოლო დროს სხვებიც იხსენებენ.