არჩილ გამზარდია – „ოცნება“ გადავიდა ტოტალიტარული მართვის რეჟიმში”

არჩილ გამზარდია - „ოცნება“ გადავიდა ტოტალიტარული მართვის რეჟიმში"ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია პასუხობს.

– არჩილ, სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა გახარიას ეკონომიკურ გეგმაზე. დიდი ნაწილი უკმაყოფილოა იმ 200-ლარიანი დახმარებითაც, რომელიც 6 თვეზე გადანაწილდა და ჯამში 1.200 ლარს შეადგენს. ბევრი ფიქრობს, რომ პრემიერმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. რას იტყვით თქვენ?

– პრემიერის გამოსვლა დავყოთ ორ ნაწილად. ერთი არის აკრძალვების მართვა და მეორე არის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა. ეს ფინანსები საარსებო მინიმუმის ფარგლებშიც არ ჯდება. გარდა ამისა, ისიც გაურკვეველია, ვინ მიიღებს და ვინ არა და რამდენად კეთილსინდისიერად მოიქცევა სახელმწიფო მოქალაქეებთან თუნდაც ამ საარსებო მინიმუმზე ნაკლები თანხით უზრუნველყოფით.

– ამ თანხის მიღებაც პრობლემა იქნება?

– მე აქ მიჩნდება სერიოზული კითხვები, რადგან ბოლო პერიოდში, ძალიან ბევრმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაზის გადასახადები მოუვიდათ 200 კბ\მ-ზე ოდნავ მეტი და ანათვალი იყო არა 28-30 დღეზე, როგორც ადრე ხდებოდა, არამედ 35-37 დღეზე. გამოდის, რომ არაკეთილსინდისიერი მიდგომა აქვს სახელმწიფოს, რათა არ მოხდეს ბიუჯეტიდან დაფინანსება. თუნდაც შევხედოთ იმ ფორმას, თუ როგორ წარადგინეს ეს გაურკვეველი, ნომინალური სოციალური შესაძლებლობები. ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი აქვს და ეს ყველაფერი პოლიტიკურ პოპულიზმში გადადის.

– რას გულისხმობთ?

– ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ამუშავებენ პროპაგანდისტულ მანქანას. სახელისუფლო მედიას. ხელისუფლება ისეთი ფორმით აკეთებს ამ ყველაფერს, რომ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი საიმისოდ, რომ ეს ყველაფერი არა იმდენად მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფას ეხება, რამდენადაც პოლიტიკურ პროცესს.

– ფინანსთა მინისტრმა პარალელი გაავლო ჩვენს ქვეყანასა და ამერიკას შორის და 1.200 ლარი 1.200 დოლარს შეადარა.

– ფინანსთა მინისტრი მთელ “ოცნების” ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე მარგინალური სუბიექტია, ყველაზე მიუღებელი, ყველაზე ცინიკური და გულგრილი. თანაც, ამ ყველაფერთან ერთად, არის უგუნური, იმიტომ, რომ მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის, 1.200 ლარის უნარი რა არის დღეს, როდესაც ძალიან მძიმედ და ყოველდღიურ რეჟიმში იზრდება ფასები.

– ძალიან დიდ დროზე გაიწელა ხელისუფლების გეგმა და ზოგადად ეს პროცესი. საზოგადოებას უჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლებას ხელს აძლევს ეს სიტუაცია, მოქმედებს, როგორც უნდა, ურტყამს ცარიელ კარში, ბურთიც მისია და მოედანიც.

– ჩემთვის კითხვები ახლა კი არ გაჩნდა, როგორც კი ეს აკრძალვები დაიწყო, მაშინვე დავიწყე ამაზე საუბარი. კი, ზომების მიღება აუცილებელი იყო ვირუსთან საბრძოლველად, მაგრამ ხელისუფლება დღემდე არაფერს ცვლის და მოსწონს კიდეც ეს სიტუაცია.

ხელისუფლება გადავიდა ტოტალიტარული მართვის რეჟიმში, მას მოსწონს ეს მდგომარეობა, რადგან წინააღმდეგობის გამწევი ქვეყანაში პრაქტიკულად არავინ არ არის. არც მედია და არც ოპოზიცია. ოპოზიცია მოსახლეობის მხრიდან ნდობით ისედაც არ სარგებლობდა და ახლა საერთოდ უუფლებოდ დარჩა. როდესაც მოინდომეს საპროტესტო აქტივობა გოგი წულაიამ და გირჩმა, ვნახეთ, თუ როგორ მოექცა მათ ხელისუფლება. ეს ორი ქეისი ბევრ რამეს ცხადყოფს. ხელისუფლებას მოსწონს სრული ძალაუფლების რეჟიმში ყოფნა.

– საკმაოდ გაამკაცრეს კანონები. პირველ ჯერზე თუ ჯარიმით შემოიფარგლებიან, მერე უკვე ციხეა.

– სწორედ მაგას ვამბობ, რომ ჯარიმა და სასჯელი უნდა იყოს ადეკვატური. დემოკრატიულ სახელმწიფოში შეზღუდვები, აკრძალვები, ჯარიმები თუ სასჯელები, არის ადამიანის უფლებებზე მორგებული, აი, ამით განსხვავდება დემოკრატიული სახელმწიფო ტოტალიტარულისგან.

ტოტალიტარულში უმძიმესად სჯიან ადამიანებს ისე, რომ არ ინტერესდებიან არანაირი სხვა გარემოებით. ჩვენთან მთელი რიგი ისეთი აკრძალვებია დაწესებული, რომლებიც ჯანდაცვის უსაფრთხოებასთან კავშირში არ არის. ჩვენი ხელისუფლება თავიდან ბოლომდე ტოტალიტარიზმშია შერეული და სწორედ ამ ფორმით მართავს ქვეყანას.

– აწყობს შემოდგომაზე “ოცნებას” არჩევნები?

– თუ ხელისუფლებამ მოირგო ეს ნიშა და დარჩება, როგორც გამარჯვებული ხელისუფლება, მაშინ მის ინტერესშია, რაც შეიძლება დროულად ჩატარდეს არჩევნები. საზოგადოების უკმაყოფილებები უკვე დაიწყო, თუ აქამე ორი-სამი კაცი ვაპროტესტებდით მიმდინარე პრიცესებს და სხვები უწონებდნენ ხელისუფლებას გადადგმულ ნაბიჯებს და აქეზებდნენ კიდეც მეტი სიმკაცრისკენ, ახლა გაცილებით დიდია პროტესტი.

შესაბამისად თუ ხელისუფლება შეაფასებს, რომ მის მხარეს უფროა სასწორი გადაწონილი არჩევნების კუთხით, შეეცდება, დროულად ჩაატაროს არჩევნები. მაგრამ თუ ხელისუფლებამ დაინახა, რომ მოსახლეობის უკმაყოფილება ძალიან მძიმედ იზრდება, თუ სათანადოთ ვერ მოახერხა სიტუაციის მართვა, მაშინ ხელისუფლება შეეცდება, გაახანგრძლივოს არჩევნების ჩატარების თარიღი.

დღეს სიტუცია მთლიანად ხელისუფლებას უჭირავს ხელში, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხიც, დაავადებულთა სტატისტიკაც, მოკლედ, როცა უნდა და როგორც უნდა, ისე გამოიყენებს ამ სიტუაციას.