ნათია ხურცილავა, ახალი თაობა
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს.
– ბატონო ბექა, ოპოზიცია ამბობს, რომ ხელისუფლების სოციალური დახმარება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი შეიძლება გახდეს. ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი წყალს “ქართული ოცნების” წისქვილზე დაასხამს?
– დღეს “ქართული ოცნება” ძალიან კომფორტულ ვითარებაშია. “ქართული ოცნებისა” და ნაციონალური მოძრაობის გარდა, არავინ ჩანს. არც ერთი ეს პარტია ამ ქვეყნისთვის ღირებული არ არის. შეუძლებელია, იყოს. მხოლოდ ეს ორი და სხვა არავინ – ასეთ მოცემულობას, ასეთ სურათს ქმნის ორივე ძალა.
– ისევ ორპარტიულ ჭრილში იქნება ეს არჩევნებიც?
– დიახ, რა თქმა უნდა! ჩვეულ სტილში ხდება ყველაფერი. უკვე გამოჩნდა ვანო მერაბიშვილი, რომელიც ცდილობს, დაეხმაროს. რა წინასაარჩევნო კამპანია, სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარება ისედაც შეუძლებელია, მაგრამ კენჭისყრაზე დააყენებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს და შემდეგ არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც აქამდე ტარდებოდა. “ქართულ ოცნებას” სრული კარტბლანში აქვს და მოქმედებს. მეორე მხარეს კი არის ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სისულელეს სისულელეზე აბრახუნებს, მაგრამ წარმოაჩენენ, რომ ბურთიც მაგათია და მოედანიც.
– თქვენ განაცხადეთ, რომ მთავრობის სოციალური დახმარება შერჩევითია და ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს დახმარების გარეშე ტოვებს. ადამიანებს გაუჭირდებათ დაამტკიცონ, რომ მათ სამუშაო დაკარგეს?
– რა თქმა უნდა, აქ ორი აზრი არ არის, გაუჭირდებათ! უამრავი ადამიანი, რომლებიც არაფორმალურად იყვნენ დასაქმებული, ე.წ. თვითდასაქმებულები, ვერ შეძლებენ დამტკიცებას, რომ ისინი მუშაობდნენ. ასევე, ვინც უცხოეთში მყოფი ნათესავების გადმორიცხვებით ცხოვრობდნენ, ვერაფერს მიიღებენ. ამდენად, ბევრი ადამიანი ამ დახმარების სისტემაში ვერ მოხვდება. ამიტომ ვამბობ, რომ შერჩევითია. მითხარით, აბა, სხვას რას ნიშნავს შერჩევითობა?!
– ვერ აღრიცხავენ, ვერ დაითვლიან ამ ადამიანებს?
– ვერ დაითვლიან, რადგან ჩვენს ქვეყანაში არასდროს არავის აინტერესებდა ეს საკითხი – რამდენია თვითდასაქმებული, რამდენია უმუშევარი. უმუშევრობის დაზღვევა არ იყო. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მთავრობას ბევრად ადრე უნდა გადაედგა ნაბიჯი, რომ რაღაცნაირად ამ პრობლემებისთვის მიეხედა. მაგალითად, უმუშევრობის დაზღვევა უნდა მომხდარიყო. ნაბიჯი უნდა გადადგმულიყო შრომის მეტი ფორმალიზაციისკენ. ახლა ეს უკვე სერიოზული პრობლემა გახდა ადამიანებისთვის. ისინი, ვინც მართლაც ძალიან მიზერულ თანხაზე მუშაობდნენ, ვერ დაამტკიცებენ, რომ შემოსავალი დაკარგეს.
ბიუროკრატიული ბარიერები შეიქმნება, რომლებსაც ადამიანები ვერ დაძლევენ და დახმარების გარეშე დარჩებიან. მერე მთავრობა იტყვის, ჩვენ შემოგთავაზეთ დახმარება, მაგრამ თქვენ ვერ დაამტკიცეთო.
– მთავრობა როგორ უნდა მოქცეულიყო, რა გზით წასულიყო?
– მთავრობას მარტივი ნაბიჯი უნდა გადაედგა, უნივერსალური მიდგომა უნდა აერჩია. ვინც არ იღებს სოციალურ დახმარებას, ყველასთვის უნდა მიეცა თანხა. ეს ბევრ პრობლემას მოხსნიდა.
ვიღაცა იტყვის, საიდან მოვიტანოთ, ჩვენ ღარიბი ქვეყანა ვართ და ყველას ვერ დავეხმარებითო. ბანკებს 600 მილიონით თუ დაეხმარებიან იმ ფონზე, როდესაც ბანკები ზემოგებებზე გადიან, მე კითხვა მაქვს, რას ემსახურება ეს ყველაფერი?! ამ შემთხვევაში ამ დახმარებას ხომ ვაკლებთ იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება მართლაც სჭირდებათ. ყველა სახელმწიფო დახმარების პროგრამა ყოველთვის როგორ არის ამ ბანკებზე მორგებული?! პირდაპირ გვითხრან, რომ ბანკების არის ეს მთავრობა! ვიცოდი, რომ ვალის გარეშე ვერაფერს გავხდებოდით, მაგრამ, რატომ ავიღეთ ვალი, თუ სწორად არ დავხარჯავთ და ადამიანები დახმარების გარეშე დარჩებიან?!
ადამიანებზე ნებისმიერი თანხის გაცემა სოციალური მიმართულებით ეკონომიკური კრიზისის პირობებში მხოლოდ კეთილი ნების გამოხატულება და მთავრობის პასუხისმგებლობა კი არ არის მოქალაქეების წინაშე, ეკონომიკის მხარდაჭერა და სტიმულირებაა.
მთავრობამ დღემდე ვერ წარმოადგინა რეალური გეგმა, რას უპირებს ეკონომიკას. სოციალური მიმართულება, გასაგებია, ჩავარდნაა, მაგრამ ეკონომიკური მიმართულებით რას აპირებენ?! არადა, რეალურად არის შანსი, რომ ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი დარგები განვითარდეს, რასაც ეკონომიკური დოვლათი მოჰყვება, მაგრამ არავითარი შემოქმედებითობა, გაბედულება არ იგრძნობა მთავრობაში. გასაგებია, ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში სრულად გაიზიარეს ექიმების რეკომენდაციები და სწორი ნაბიჯები გადადგეს, მაგრამ ახლა ექიმები ხომ ვერ წარმართავენ ეკონომიკურ პროცესს?!

