დავით ბერძენიშვილი – “ივანიშვილი მსოფლიოში ერთადერთი დამალული ხელისუფალია”

დავით ბერძენიშვილი - "ივანიშვილი მსოფლიოში ერთადერთი დამალული ხელისუფალია"იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
22 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტში აქცია გაიმართა, სადაც არ იყო დისტანცია დაცული. ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. მათი თქმით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღებას ვერ ახერხებენ და მოსავალი ულპებათ. ხელისუფლება კი, როგორც ხშირად სჩვევია, პრობლემის არსს გაექცა და აქციას ისევ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოსგან ინსპირირებული უწოდა.
რამდენად საფუძვლიანი ან უსაფუძვლოა „ქართული ოცნების“ მხრიდან ოპოზიციური პარტიების მიმართ გაკეთებული ბრალდებები და ხომ არ ეთამაშება ცეცხლს ხელისუფლება იმ თვალსაზრისით, რომ ამან რეგიონში ეთნიკური აზერბაიჯანელების მასობრივი მღელვარება გამოიწვიოს? – აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი საუბრობს.
– როგორია თქვენი პირველადი რეაქცია და შეფასება მარნეულის პროცესებთან დაკავშირებით და რამდენად გამართლებულად ან გაუმართლებლად მიიჩნევთ ხელისუფლების მხრიდან ამ ყოველივეს ოპოზიციისთვის გადაბრალებას?
– ხელისუფლება ძალიან არაადეკვატურია. მთავარი და არსებითი აქ ის არის, რომ უკმაყოფილება გამოვიდა ქუჩაში. ხელისუფლებამ შეასრულა თუ არ შეასრულა პოზიტიური როლი, ეს არ არის ამ საკითხში არსებითი. ხელისუფლება მაშინვე გადავიდა დაბრალებაზე ოპოზიციის მიმართ.
დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, კორონავირუსის პროცესში კიდევ უფრო გააღრმავოს დაპირისპირება და პოლიტიკური ბანაკების ჩამოყალიბება.
– რატომ? რაში აწყობს ეს მას?
– მას მიაჩნია, რომ წარმატების ერთადერთი შესაძლებლობა და შანსი მხოლოდ ორპოლუსიან დაპირისპირებაში აქვს. ახლა თან ექიმების გაყოფაც ხელისუფლებას აწყობს. ჩვენი ექიმები და მოწინააღმდეგე ექიმები. აგერ მარნეულში სერიოზულად აქვს პრობლემა და იქაც პროტესტი მაშინვე პოლიტიკურ ნაწილად მონათლა, რომ აი, ოპოზიციონერებმა მოაწყვეს პროტესტიო. როგორ მოაწყობს ოპოზიცია პროტესტს ასეთ კრიტიკულ ვითარებაში, თუ იქ არ არის საპროტესტო განწყობები. ეს განწყობები და ამ განწყობების მიზეზებია მთავარი და აღმოსაფხვრელი და არა ის, ვინ როდის და როგორ იქცევა. ოპოზიცია თვლის, რომ ის ამშვიდებდა ხალხს, ხელისუფლებამ თქვა, რომ პირიქით, აბუნტებდა ხალხს, მაგრამ ეს ხომ არ არის არსებითი?!
ბიძინა ივანიშვილი, ერთადერთი დამალული ხელისუფალი მსოფლიოში, ასე ეჩვენა ხალხს და ესეც არასრულფასოვნების გამოვლინებაა. უნდა გამოჩენილიყო რაღაც ფორმით და მისმა ინტელექტმა მეტი ვერ განსაზღვრა და აი, ასე ეჩვენა ხალხს, რაც პრაქტიკულად იყო ხალხისაგან გამიჯვნა და ხალხის დაცინვა. ძალიან საინტერესოა, რომ მობილიზებულები იყვნენ ტროლები და ბოტები და მაშინვე შეესია მათი არმია „ფეისბუქს“. ასე რომ, ხელისუფლება იმაზე კი არ ზრუნავს, რაც ქვეყანაში მთავარი მოვლენებია, არამედ ცდილობს ამ პროცესის სათავისოდ გამოყენებას.
ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნები ასე არ არის, რომ დღეს მოიგებს, ხვალ წააგებს, ზეგ ისევ მოიგებს… ეს მისი ყოფნა-არყოფნის საკითხია.
ამ ვითარების განმუხტვა რაში მდგომარეობს, თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ პროცესი არ გადაიზარდოს ისევ ორპოლუსიანობაში?
– პრინციპში, საზოგადოებაც და ოპოზიციაც მეტწილად იქცევა ადეკვატურად და უფრო ჭკვიანურად. ხელისუფლებას სურს ქვეყნის პოლიტიკურ, საინფორმაციო თუ სამედიცინო ბანაკებად დაყოფა. მტრის ხატზე აგებული პოლიტიკის გაღრმავება. ამას ჩვენი საზოგადოება არ მიყვება.
მარნეულშიც მიტინგის დროს სოციალური დისტანცია არ იყო დაცული და ისიც საფრთხის მატარებელია. ქუჩაში გაიხედავ და ვხედავთ ამდენ სპეციალურ საშვებს, რომელიც დაურიგეს თავისიანებს. კანონმორჩილი მოსახლეობა სახლებშია და ქუჩაში გამოსულია სახელისუფლებო ნაწილი. ამ ფონზე ვვარაუდობ, რომ ასოციალური ჯგუფები ცალკეულ უბნებში უფრო აგრესიულები გახდებიან. მათაც იყენებს ხელისუფლება. ეს ყველაფერი გაჭირვების არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ საზოგადოება ხელისულების ამ დახავსებულ ხრიკებს გაუმკლავდება.
– ახსენეთ, მარნეულის შემთხვევისას სოციალური დისტანცია არ იყო დაცულიო. ხომ არ გამოიწვევს ეს ზომების კიდევ უფრო მეტად გამკაცრებას იქ და, შესაბამისად, კრიზისის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებას? თან ვსაუბრობთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონზე, სადაც ასეთი მოვლენები მყიფეა ხოლმე. ცეცხლს ხომ არ ეთამაშება ხელისუფლება?
– კი, ცეცხლს ეთამაშება. იმიტომ, რომ საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნება მისთვის არის ერთადერთი ამოცანა. ამასთანავე აკლია ინტელექტი და არ იცის, რამხელა საფრთხეებს ქმნის. ეკა წამალაშვილმა გამოაქვეყნა 2.500-კაციანი სახელისუფლებო ჯგუფი, ის გაუგზავნა (მათი გვარები) პროკურატურას და უთხრა, მზად ვარ ვითანამშრომლოო.
ერთმანეთს ეჯიბრებიან ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების ლანძღვა-გინებაში, მათი გაყრის მუქარაში და ა. შ. იმ ჯგუფში ერთმანეთის შემგულიანებელი საჯარო მოხელეები, მათ შორის არიან პარლამენტარები, საკრებულოს ხელმძღვანელებიც… აი ასეთი ვითარებაა და ხელისუფლებამ მაქსიმალურად გაზარდა ტროლების და ბოტების ქარხანა. ჩინოვნიკებით აამუშავა პროპაგანდისტული მანქანა. მთელი რესურსი გამოყენებულია ყველას წინააღმდეგ, ვინც არ არის ბიძინასთან.
– ხომ არ ხედავთ იმასაც, რომ მაგალითად, მარნეულში დაიწყებენ მუშაობას სპეცსამსახურების ჩართვით და ა. შ?
– ამის სიმპტომები იყო. როდესაც საპატრიარქო ასე საშინლად იქცეოდა და კანონს არაფრად აგდებდა, სუს-ი ისლამის მიმდევარ ჩვენს მოქალაქეებს ერჩოდა სწორედ მარნეულში და გაჟღერდა ეს ამბავიც. სუს-ი ზომაზე მეტად აქტიურია ამ რეგიონში და ახლაც კიდევ უფრო გააქტიურდება. ბევრი სახიფათო რაღაც ხდება. იმედი მაქვს, რომ გავუმკლავდებით. მთავარი და არსებითია, რომ კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველო ჯერ წარმატებულია და ვნახოთ, უახლოესი კვირები რას მოგვიტანს. დროს ვიგებთ და იმედია დასავლეთში შემუშავებული მკურნალობის მეთოდებიც შემოგვეშველება.
– ხომ არ გგონიათ, რომ მსგავსი პროცესები სხვა რეგიონებშიც განვითარდეს იმ სოციალური ფონიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაში იქმნება და თანდათანობით მძიმდება?
– არ ვიცი. იმედი მაქვს, რომ ვერ მოასწრებს ხელისუფლება ამდენის დაშავებას, თუმცა აგერ ახალქალაქში, ჯავახეთის რეგიონში როგორ იქცეოდა ენზელ მკოიანი, თითქოს მისთვის სროლა ნებადართულია. ხელისუფლება აგრძელებს იმ ხაზს, რომ მის მიმართ ლოიალური ადგილობრივი ფეოდალები უნდა ჰყავდეს.