„დღეს გახარია ქვეყანას ივანიშვილის გარეშე მართავს, ოპოზიცია ძველ რეიტინგს ვერ დაიბრუნებს“

„დღეს გახარია ქვეყანას ივანიშვილის გარეშე მართავს, ოპოზიცია ძველ რეიტინგს ვერ დაიბრუნებს“ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობს.

– ბატონო რამაზ, შემოდგომაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია. რა გავლენას იქონიებს არსებული რეალობა არჩევნებზე? თუ სრული სურათის შესაქმნელად ეკონომიკური ფაქტორი ექნება გადამწყვეტი?  

– დღეს პროცესი პოლიტიკისგან სრულად დაცლილია. პროცესი დეპოლიტიზირებულია. ოპოზიცია ჩუმად რომ არის, სრულიად შეგნებული და სწორი გადაწყვეტილებაა მისი მხრიდან, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგღძელდება.

როგორც კი პანდემია გადაივლის და ქვეყანა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, პოლიტიკური პროცესი დაბრუნდება. ჟურნალისტებიც უკვე დაიწყებენ კრიტიკული კითხვების დასმას, ჩვეულებრივ რეალობაში დავბრუნდებით. ეს ყველაფერი სრულიად ბუნებრივად მოხდება. ცხოვრება თავისთავად ისევ ზედაპირზე ამოატივტივებს პოლიტიკას.

მე მეეჭვება, რომ მიუხედავად ასეთი მაკომპენსირებელი პერიოდისა, როგორიც დღეს აქვს ხელისუფლებას, ეკონომიკურმა მდგომარეობამ, სოციალურმა პრობლემებმა ეს ფონი დიდხანს გააგრძელოს. ადამიანები გულმავიწყები ვართ და მოსახლეობაც ალბათ ადვილად დაივიწყებს, რომ ხელისუფლების დამსახურებაა ეს გამარჯვება. რასაკვირველია, ყველაფერი შედარებიათია და ამას ვამბობ სხვა ქვეყნებთან შედარებით.

ეკონომიკური კრიზისი, რომელიც ყველა ქვეყანას ასე ემუქრება, იქნება ჩვენთანაც. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ეკონომიკურ პრობლემებს როგორ გაართმევს თავს მთავრობა. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე მაინც მეეჭვება, რომ ოპოზიციამ მოახერხოს იმ ნიშნულამდე მისვლა, სადაც ის იყო თუნდაც პანდემიამდე.

– ოპოზიციას გაუჭირდება თუნდაც ივნისის მოვლენების დროს დაგროვილი რეიტინგის დაბრუნება? 

– ნამდვილად გაუჭირდება.

– მაშინდელი სოციოლოგიური კვლევებით, პირველ ადგილზე იყო “ქართული ოცნება”, მაგრამ ჯამში ოპოზიციას მეტი რეიტინგი ჰქონდა.

– დიახ, სწორედ ამას ვამბობ. მეეჭვება, რომ ეს რეიტინგი კვლავ დაიბრუნოს ოპოზიციამ.

– ეს მოვლენები გადაწონის ერთმანეთს? 

– 20 ივნისის მოვლენებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებისთვის ძნელი ფრაგმენტები იყო, რაც მმართველ პარტიას მხარდამჭერებს აკარგვინებდა, მაგრამ დღევანდელ მოცემულობაში ხელისუფლების წარმატება აშკარაა და ამას ხედავს საზოგადოება. ეს ძალიან მარტივად იგრძნობა სოცილაურ ქსელებში.

მართალია, სახელმწიფომ გაიმარჯვა და არა _ რომელიმე პარტიამ, მაგრამ  ყურადღების ცენტრში სრულიად ბუნებრივად აღმასრულებელი ხელისუფლება არის. გახარია მოქნილია,  არ აყოვნებს გადაწყვეტილებებს. ეს იგრძნობა და ამას გრძნობს ხალხი. ხელისუფლებამ მოუსმინა იმ სპეციალისტებს, რომლების საქმეც არის ეპიდემიის მართვა. ბევრ ქვეყანაში არ მოუსმინეს და მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს, სამწუხაროდ.

– ივანიშვილი რომ არ ჩანს, ამაზე ადამიანებს კითხვა გაუჩნდებათ, რატომ არ ჩანს ამ გაჭირვების ჟამს?

– გახარიამ უთხრა, სახლიდან არ გამოხვიდეო და არის სახლში!

– დღეს გადაწყვეტილებებს მხოლოდ გახარია იღებს?

– დიახ, ასე ჩანს. თუმცა, ერთი მინდა გავიხსენო: სულ დასაწყისში, როდესაც ივანიშვილი პრემიერის პოსტიდან წავიდა, მან თქვა, რომ ის არ დაბრუნდებოდა, თუ ამის აუცილებლობა არ იქნებოდა.

მას არ აქვს ლტოლვა, რომ თანამდებობაზე იყოს. თანამდებობა მისთვის ტვირთია და ეს არაერთხელ უთქვამს. მას არ აინტერესებს პოლიტიკა, მაგრამ არც ის უნდა, რომ მასთან დაკავშირებული პროცესები თვითდინებაზე იყოს. ამიტომ დაბრუნდა, ამიტომ ვერ ტოვებდა ის პოლიტიკას. ერთი სიტყვით, ის პოლიტიკას იძულებით უბრუნდებოდა.

დღეს ხედავს, რომ ეს არ არის საჭირო. ის დღეს არ არის იძულებული, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში, მე ასე ავხსნიდი მის პასიურობას. ჯერ-ჯერობით ამ პროცესს გახარია თავს ართმევს და ბუნებრივია, რომ ივანიშვილი უკანა პლანზე გადავიდეს. ახლა რომ გამოვიდეს და თქვას, ხედავთ, რა კარგი შედეგები აქვს ჩემს პარტიას, მთავრობას, მთელი ეს პროცესი უკუშედეგს გამოიწვევს. ყველა პოლიტიკური პარტია გამოვარდება და ქულების გადანაწილებას დაიწყებს.

ახლა ივანიშვილის ჩრდილში ყოფნა სრულად ცლის ამ პროცესს პოლიტიკისგან და ეს კარგია.