გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები – ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარტნიორებს ღია წერილით მიმართავენ

გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები - ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარტნიორებს ღია წერილით მიმართავენოპოზიციური პარტიები საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავენ. ოპოზიციური ძალები პარტნიორებს მოუწოდებენ, რომ საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა შეახსენონ. როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, „როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოქტომბერში დანიშნული არჩევნების წინ“.

„მაშინ, როცა მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოს ცდილობს გაუმკლავდეს უპრეცედენტო პანდემიას, ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, გვსურს მოგაწოდოთ ბოლო ინფორმაცია 2020 წლის 8 მარტს საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების განხორციელების შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პატიმართა გათავისუფლება აღნიშნული შეთანხმების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. სამწუხაროდ, 13 აპრილს, ირაკლი ოქრუაშვილს, რომლის გათავისუფლებაც გათვალისწინებული იყო 8 მარტის შეთანხმებით, ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა, რაც შეთანხმების სულისკვეთებისა და ტექსტის დარღვევა და უკან გადადგმული ნაბიჯია.

14 აპრილს, შეერთებული შტატების საელჩომ და ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა გააკეთეს განცხადებები, სადაც მათ გამოთქვეს შეშფოთება ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯის გამო და შეთანხმების სრულად განხორციელებისკენ მოუწოდეს. ამის საპრისპიროდ, ოპოზიცია შეთანხმებას ზედმიწევნით იცავს. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საკონსტიტუციო ცვლილებების კომისიის შექმნას პარლამენტში და მონაწილეობას ვიღებთ დისკუსიებში საარჩევნო კოდექსის შესახებ.

მიუხედავად ამისა, აღიშნული ძალისხმევა შეიძლება ფუჭი აღმოჩნდეს თუ პოლიტიკური პატიმრები – გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი – არ გათავისუფლდებიან. როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოქტომბერში დანიშნული არჩევნების წინ. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს არ მოხდეს. საგანგებო სიტუაციები არასდროს არ უნდა იქნას გამოყენებული დემოკრატიის დასაზიანებლად. დღეს, როცა თქვენ ფოკუსირებულნი ხართ თქვენი ქვეყნების პანდემიასთან ბრძოლაზე, მოგმართავთ თხოვნით, რათა საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა შეახსენოთ“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ : „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ , „სამოქალაქო მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“, „ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“, „საქართველოს პარლამენტართა საზოგადოება“, „ქრისტიან-კონსერვატიული პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ვემსახურები საქართველოს“, „საქართველო ლიდერთა შორის“, „მოძრაობა სამართლიანობისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „კანონი და სამართალი“, „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა“, „გამარჯვეული საქართველო“, „ახალი საქართველოსთვის“, დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე“.

აღნიშნული წერილი „ევროპული საქართველოს“ „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.