გიგლა ბარამიძე: „ქართულ ოცნებას“ საგანგებო მდგომარეობა გაუტკბა”

გიგლა ბარამიძე: „ქართულ ოცნებას“ საგანგებო მდგომარეობა გაუტკბა"მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა
გრძელდება საგანგებო მდგომარეობა და კამათი იმაზე, რამდენად სწორი და საკმარისია ხელისუფლების მიერ ხალხისათვის გამოყოფილი კომპენსაციები. ამ და სხვა საკითხებზე „ახალი თაობა“ ესაუბრა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურ მდივანს, გიგლა ბარამიძეს.
– ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მიზანია, გაუმჯობესდეს თითოეული მოქალაქის ცხოვრება. დაანონსებული ანტიკრიზისული გეგმით ეს შესაძლებელია?
– არა. საერთოდ გაუგებარია ამ გეგმით ტრაბახი. ხალხზე ზრუნვა ყველა ხელისუფლების ვალია. ისე წარმოგვიდგენენ, თითქოს მარტო ესენი ფიქრობენ ადამიანებზე და ახორციელებენ ანტიკრიზისულ გეგმას. ყველა მოქალაქის ცხოვრება ამ სოციალური ღონისძიებებით ვერ გაუმჯობესდება. ეს არ არის ის, რასაც ჩვენ ველოდით. ჩვენი აზრით, უნდა ყოფილიყო კომპლექსური პროგრამა თავისი სოციალური და ეკომომიკური ნაწილებით. რა მივიღეთ? დაპირება რამდენიმე თვის განმავლობაში დასაქმებულების 200 ლარით დაფინანსების შესახებ და თვითდასაქმებულთა ერთჯერადი კომპენსაციის თაობაზე. ის, თუ ვინ შედის ამ კატეგორიაში, დღემდე ვერ გაურკვევიათ.
– განსაკუთრებით, თვითდასაქმებულებშია არეულ-დარეულობა.
– დიახ. ჩვენ გვყავს 850.000-ზე მეტი თვითდასაქმებული. ხელისუფლება მათ დიდ ნაწილს არ ეხმარება. გარდა ამისა, მთავრობას გამორჩა საზოგადოების ის ნაწილი, რომელსაც დევნილები ჰქვია. ეს არც არის გასაკვირი.
– რატომ?
– იმიტომ, რომ, რეალურად, ამ ხელისუფლებას აფხაზეთი და სამაჩაბლო არ მიაჩნია ქვეყნის ტერიტორიებად. ამას ხმამაღლა არ აღიარებს, სინამდვილეში კი, ასეა. რას არ მიედ-მოედნენ, დევნილები კი დაავიწყდათ! არადა, აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გამოდევნილებისთვის ჯერ არ მოუგვარებიათ სოციალური და ბინის პრობლემები. ამ გეგმას ვუწოდებდი საარჩევნო ფაცი-ფუცს და საარჩევნოდ დახმარების დარიგებას. ახლა ტესტებზე ატყდა ალიაქოთი. მანამდე გვეუბნებოდნენ, რომ ტესტირება საჭირო არ არის.
– ხელისუფლება ამბობდა, რომ მიზნობრივ ტესტირებას ატარებდა.
– ტესტირება არსებობს მიზნობრივი და მასობრივი. ახლა რომ ჩინეთიდან ტესტები შემოვიდა, სხვანაირად ალაპარაკდნენ. თურმე, მართლები ვყოფილვართ, რომ ფართო ტესტირებას ვითხოვდით.
– ბოლო დროს მედიკოსების მიმართ კრიტიკა გამძაფრდა. ნიკა გვარამიამ პაატა იმნაძეს ხელისუფლების ტროლიც კი უწოდა.
– ჩვენი ექიმების მიმართ საყვედური არ გვეთქმის. ამ სამი-ოთხი ადამიანის გარდა, რომელიც კორონავირუსზე სისტემატურად ატარებს ბრიფინგებს, არიან სხვები – ექიმები, ექთნები, სანიტრები. ისინიც დიდ სამუშაოს ასრულებენ. მედპერსონალი ასრულებს თავის მოვალეობას, ისევე, როგორც ამას აკეთებენ მეპურეები. მეპურეს მადლობას არავინ უხდის. ყველა აკეთებს თავის საქმეს. ამ კორონავირუსის თემაზე უნიჭო კლიპების გადაღებაც არასწორია.
– სამეგრელოში რომ კლიპი გადაიღეს, იმაზე საუბრობთ?
– დიახ. უგემოვნო კლიპი გააკეთეს უნიჭო მუსიკით. ის ძალიან მაგონებს წინა ხელისუფლების ნაბიჯებს და კლიპს „მიშა მაგარია“. ექმიები თავის გამოსვლებში უნდა იყვნენ ზომიერები და არ უნდა დაემსგავსონ ხელისუფლების პრესსპიკერებს. მთავრობა კი, როცა გაუჭირდება, ექიმებს არ უნდა ამოეფაროს. უნდა გავზომოთ ხელისუფლების ნაბიჯები „კარანტინადან“ ტიკარაძის ზიარების კოვზამდე.
– რაზე საუბრობთ?
– საქართველოს დანიშნულმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საჯარო გამოსვლისას გამოიყენა სიტყვა „კარანტინა“. ამაზე კოშმარი იყო ჯანდაცვის მინისტრის გამოთქმა. ეს ქალბატონი, რომელიც გამოსვლების დროს თვალსაც არ ახამხამებს, აცხადებს, რომ ზიარების კოვზზე შეიძლება ჩატარდეს სამედიცინო კვლევა. მე მას (რასაკვირველია, ხუმრობით) მოვუწოდებ, დაიცვას დისერტაცია თემაზე: ზიარების კოვზის გავლენა მართლმადიდებელი ადამიანის ჯანმრთელობაზე. თუ ეს მოახერხა, ჯილდოს გავუგზავნი.
– ჩვენ გაგებით შევხვდით საგანგებო მდგომარეობას და აკრძალვებს. ხომ არ მოვიდა დრო, ეკონომიკური აქტივობა წესების დაცვის გათვალისწინებით აღდგეს? თორემ, გაეროს მიერ რამდენიმე თვის შემდეგ პროგნოზირებული ბიბლიური შიმშილი საქართველოში უკვე დადგა და ამას კომპენსაციები ვერ შველის.
– ახლა გამახსენდა რამდენიმე თვის წინანდელი პერიოდი, როცა რუსთაველზე საპროტესტო აქციებს ვატარებდით, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ვირთხებივით შეიპარებოდნენ ხოლმე პარლამენტში. ახლა სხვა გარემოებაა. როგორც ვატყობ, „ქართულ ოცნებას“ საგანგებო მდგომარეობა გაუტკბა. ეს ადამიანები ძალიან კარგად გრძნობენ თავს. თვითონ არაფერი აკლიათ. უფრო რიხიანადაც გამოიყურებიან. სხვებს ზღუდავენ. გამაგებინონ, რატომ ჩაგვიკეტეს სასაფლაოები? კარგი, აღდგომას და მის მეორე დღეს დაიხურა ეს ტერიტორიები, შემდეგ რა მოხდა? სასაფლაოები ყველაგან ღია სივრცეა. ისეთი რა საშიშროება დგას, რომ ღია სივრცეს კეტავენ?! ხელისუფლების წარმომადგენლების მაღაზიების ქსელი დაკეტილი სივრცეა, შენობებშია განთავსებული, მაგრამ იქ ხალხი თავისუფლად დადის. ამ ხელისუფლების სახეა ფარცხალაძე, მისი ყოფილი პროკურორი. იმ დროს, როცა მთელ საქართველოს მოძრაობა აეკრძალა, ფარცხალაძე თავისი ჯიპით ჯირითობდა თბილისის ცენტრში. ხელისუფლებასთან დაახლოებულ ხალხს საშვებიც განაღდებული ჰქონდა და სხვა ყველაფერიც აქვთ. მოვუწოდებ ხელისუფლებას, მიხედოს თავის თავს და ყველაფერზე ოპოზიციისკენ ნუ იშვერს ხელს!
– რა გაქვთ მხედველობაში?
– კრიტიკას ვერ იტანენ. აუჩემებიათ, ოპოზიცია ჭკუას გვასწავლისო. აბა, არ უნდა ამოგვეღო ხმა, კარანტინის წესების დარღვევისთვის 6-წლიან პატიმრობას რომ აკანონებენ?!
– ამაზე დიდი უკმაყოფილება იყო.
– მეც ამაზე ვლაპარაკობ. ჯერ გამოვიდა მდინარაძე და ბრიფინგზე გვითხრა, რომ ამას აპირებენ. ამის შემდეგ, თავზე რომ დაახურეს ყველაფერი, გამოვიდა „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერი და თქვა, ეს ომიანობის დროს იმოქმედებსო. ზედ ეტყობათ, რომ ომიანობა ენატრებათ, რომ რეპრესიები მოუწყონ ხალხს. პარლამენტში რომ ხალხი ჰყავს „ქართულ ოცნებას“, ის თავისით არ შესულა პარლამენტში. აიღეს და დადეს. ნუ დაავიწყდებათ, რომ ხალხი შეიძლება ისევ გამოვიდეს ქუჩაში! ამათი ამოცანა ასეთია – გაგრძელდეს ეს ვითარება. „ქართულ ოცნებას“ აწყობს, რომ საგანგებო მდგომარეობიდან არჩევნებამდე რაც შეიძლება ნაკლები ვადა იყოს. ხალხს უნდა დაამახსოვრდეს ის, რომ ხელისუფლება ხალხს სოციალურად ეხმარება.
– რატომ ფიქრობთ, რომ ხელისუფლება ხალხს მოიმადლიერებს? დაზარალებულთა კატეგორია იზრდება. მაგალითად, აპრილის ხელფასს ვერ უხდიან იმ დასაქმებულებსაც, რომლებიც მუშაობას აგრძელებენ და დროებით უმუშევრად არ ითვლებიან.
არ ვფიქრობ, რომ ხელისუფლება ბევრს მოიმადლიერებს. ყოველ შემთხვევაში, ის ეცდება, რომ საგანგებო მდგომარეობა არჩევნებს დაუახლოვოს და მათ შორის მანძილი შეამციროს. ეს ის ხელისუფლებაა, რომელმაც მსოფლიო მოატყუა, როცა პროპორციული არჩევნების დაპირება უკან წაიღო. მერე ამის გამო ყბაში მოხვდა. ახლა ეცდება, ისარგებლოს შექმნილი მდგომარეობით. ჩვენ ინფექციის გამო სოლიდარობა და ლოიალურობა გამოვიჩინეთ და დროებით ხელისუფლების კრიტიკა შევწყვიტეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ამას გადავაყოლოთ ქვეყანა! საზოგადოებაზე ძალიან კარგი წარმოდგენის ვარ, მაგრამ ზოგიერთმა თვალი უნდა გაახილოს! ისიც არ შეიძლება, მაგალითად, ადამიანმა ქრისტე დაივიწყოს და სააკაშვილს სცეს თაყვანი.