გიორგი ბარამიძე – „გახარიას განცხადება უტიფარი ტყუილი და უნამუსობაა”

გიორგი ბარამიძე - „გახარიას განცხადება უტიფარი ტყუილი და უნამუსობაა”იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

ნაციონალური მოძრაობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების საკითხზე ხელისუფლებას ახალ გეგმას სთავაზობს. პარტია მზად არის, ხელისუფლებას ფული გადაურიცხოს, ოღონდ იმ პირობით, თუ ხელისუფლება უკრაინულ ავიაკომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს. ხელისუფლების პასუხში მკაფიოობა ისევ არ იგრძნობა.

რატომ გადაიზარდა ერთი შეხედვით კეთილი საქმის კეთება ისევ ორპარტიულ პოლიტიკურ კინკლაობაში, ჰქონდათ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბარი და რა პასუხი აქვს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებებზე? _ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე საუბრობს.

_ ავიარეისების თემა რატომღაც პოლიტიკური კინკლაობის თემად იქცა, მაშინ როდესაც წესით უნდა ყოფილიყო კეთილი საქმე. თქვენც ახალი გეგმა შესთავაზეთ ხელისუფლებას, რომ თანახმა ხართ გადაურიცხოთ ხელისუფლებას ფული ოღონდ თუ გააფორმებენ ხელშეკრულებას უკრაინულ ავიაკომპანიასთან. რატომ არ მოდიან შეთავაზებაზე თუ მოდიან და ჩვენ არ ვიცით?

_ სრულად ვეთანხმები თქვენი კითხვის შინაარსს. ეს იყო კარგი საქმე და ამის ნაცვლად ეს საკითხი აქციეს საკინკლაო თემად. თუმცა, ყველაფერი ძალიან მარტივად შეგვეძლო მოგვეგვარებინა, გვეთანამშრომლა კარგა ხნის წინ, მაშინვე, როგორც კი ეს შევთავაზეთ. გაუგებარია მათი რეაგირება. მე შემიძლია ათასი უკმეხი სიტყვა და ეპითეტი გამოვიყენო ამ ხელისუფლების მიმართ, მაგრამ არ გვინდა ამ რეჟიმში და ამ ვითარებაში ყოფნა და გვინდა, რომ საქმე გამოვიდეს. პოლიტიკის დროც მოვა.

_ გახარიასთან ან სხვა მინისტრებთან პირდაპირი კომუნიკაციის მცდელობა არ გქონიათ, რომ დაგერეკათ და პირდაპირ გაგეკეთებინათ შეთავაზება?

_ დიახ. ითქვა ამის თაობაზე. გრიგოლ ვაშაძემაც თქვა, რომ იყო კომუნიკაციის მცდელობა. ჩვენი პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა კობა ნაყოფიამ პირადად დაურეკა ეკონომიკის მინისტრს და ესაუბრა ნათია თურნავას, რომელიც დაპირდა ჯერ კიდევ 3 აპრილს, რომ გადმოგირეკავთ და გეტყვით თქვენს შეთავაზებასთან დაკავშირებით ჩვენს პასუხსო, დღემდე ველოდებით მათ ზარს.

ამასთან, რომან გოცირიძეს ჰქონდა მცდელობა არჩილ თალაკვაძესთან დაკავშირების და რაც მთავარია თინა ბოკუჩავამ ნაციონალური მოძრაობის სახელით ოფიციალური წერილიც მიიტანა კანცელარიაში და სია იმ ადამიანებისა, ვინც ჩვენ დაგვიკავშირდა და გვთხოვს ჩამოყვანას. ჩვენგან იყო თხოვნა, რომ მზად ვართ, რომ დღეიდანვე შევხვდეთ იმ ადამიანებს, ვისაც მთავრობა გამოყოფს საორგანიზაციო ჯგუფს ამ სამაშველო ოპერაციის განსახორციელებლად, რათა ყველა ის ნაბიჯი განვიხილოთ ერთად, რომელიც გადასადგმელია ჩვენი მხრიდან და მთავრობის მხრიდან. რა უნდა გააკეთოს თითოეულმა უწყებამ – საგარეო უწყებამ, ეკონომიკის სამინისტრომ, საავიაციო დეპარტამენტმა… შემდეგ აქ როდესაც ჩამოვა ის ხალხი, კარანტინში ხომ არის განსათავსებელი და მერე თუ რამეში ვართ საჭირო, რა შეგვიძლია გავაკეთოთ – სასტუმროებიდან დაწყებული ტრანსპორტირებით გაგრძელებული და ა. შ. იმისათვის, რომ ჩამოყვანის შემდეგ ვინც სამკურნალოა ვუმკურნალოთ და სხვებს არ გადასდოს დაავადება.

მოგეხსენებათ, ყველა ეს საკითხი კომპლექსურად გასაკეთებელი თემაა.

ასევე წარმოვადგინეთ დოკუმენტაცია, რომელიც გავაკეთებინეთ ავიაკომპანიას, რა პირობები აქვთ მათ, რათა ელემენტარულად დაცული იყოს მგზავრთა გადმოყვანისას უსაფრთხოების წესები, რათა კარგი საქმის ნაცვლად ცუდი არ გამოვიდეს. შევადგინეთ გრაფიკები, მაგრამ ამას სჭირდება მთავრობასთან კონკრეტული თანამშრომლობა.

ამნაირი უტიფრობა ვის გაუგია, როდესაც პრემიერი საგანგებო მდგომარეობის დროს გამოდის და ლაპარაკობს, რომ თუკი გინდათ ჩამოყვანა, ვინ გიშლით ხელს, ჩამოიყვანეთო. ეს არის უნამუსო ტყუილი. თვითონ მოაწერა ხელი იმ შეზღუდვებს და აკრძალვებს, რისი მოხსნაც მხოლოდ მთავრობას შეუძლია.

საგანგებო მდგომარეობისას კაცს ცოლი ვერ დაუსვამს საკუთარ მანქანაში გვერდზე, პოლიცია 3.000 ლარით აჯარიმებს და ესენი გველაპარაკებიან, რომ თურმე შეგვიძლია თვითმფრინავი ავავსოთ ხალხით ისე, რომ მთავრობასთან შეთანხმებები და შესაბამისი პროცედურები არ სჭირდება. შეიძლება ჭკუათმყოფელმა ადამიანმა ეს დაიჯეროს?! გამოდის ადამიანი და ამას ლაპარაკობს, თან ისე, რომ არც სრცხვენია.

_ თქვენი შეფასებით, ამით რის მიღწევა სურს ხელისუფლებას?

_ არ ვიცი. მათ უნდა ჰკითხოთ. ეს რომ უტიფარი ტყუილი და უნამუსობაა, ეს ფაქტია. რის მიღწევა სურს, ეს საზოგადოებამ გაარკვიოს. ჩვეულებრივ ვითარებაში ვერ გააკეთებ ასე მთავრობის ნებართვის გარეშე. ასე ხომ არ არის, რომ ვისაც უნდა დაქოქოს თვითმფრინავი და ვისაც უნდა წავიდეს და წამოვიდეს?! აბა რისთვის არსებობს საავიაციო და სხვა რეგულაციები?! ამ ვითარებაში ხომ ბევრად უფრო რთულია. მისი – გახარიას ხელმოწერილი რომ არ იყოს ეს დოკუმენტი კიდევ სხვაა. მათ გამოსცეს ეს განკარგულებები.

გამოდის კაცი, ამას ლაპარაკობს და ჩვენ აქეთ გვლანძღავს, რომ თურმე ჩვენ პოლიტიკას ვთამაშობთ და ათას ეპითეტებს იყენებს ძალიან უნამუსოდ და უტიფრად. ჯერ ერთი საჭიროა, რომ ყველა სახელმწიფოს ნებართვა სთხოვოს საქართველომ, რომ მათი საჰაერო სივრცე გაიხსნას, რადგან ყველა სახელმწიფოს საჰაერო სივრცე დაკეტილია, ასევე საჭიროა ამ რეისების დაკომპლექტება, საქართველოს საელჩოებმა უნდა შეადგინონ სია, ვინ უნდა ავიდეს თვითმფრინავების ბორტზე და ვინ უნდა მოხვდეს სოციალური სამართლიანობის პრინციპით, იმის გათვალისწინებით, ვინ მიმართა საელჩოებს და ა. შ.

_ გახარიამ ამაზეც თქვა, რომ თუ ორგანიზება არ შეუძლიათ, გაჩერდნენო.

_ ჩვენ ხომ არ ვართ საელჩო? ჩვენ დავწეროთ ეს სიები? ჩვენი ახლობლები და მეგობრები ხომ არ უნდა ჩამოვიყვანოთ? მათ არ უნდათ ამ საქმეში მონაწილეობა? ჩვენ ვამბობთ, რომ ვშოულობთ ავიაკომპანიას და ვიხდით ფულს, ხოლო საქართველოს მთავრობას მუშაობა არ უნდა?! აბა რისთვის გვყავს საელჩო და საკონსულო?!

_ პოლიტიკური ქულების დაწერაზეც გაკეთდა აქცენტი. თქვენ ცალსახად ამბობთ, რომ ამაში პოლიტიკური ქულების დაწერის კომპონენტი არაა და ეს მოტივაცია საერთოდ არ გაქვთ?

_ მე საერთოდ არ მიხსენებია პოლიტიკური ქულები არც ჩვენი მხრიდან და არც მათი მხრიდან. მე ვამბობ, რომ თქვენ თვითონ გააკეთოთ დასკვნები, რატომ აკეთებენ ამას. მე გეუბნებით, რომ ეს ტყუილია და რატომ აკეთებენ ამას, ეს თვითონ საზოგადოებამ განსაჯოს. ჩვენ ამდენი ხანია ამაზე ვსაუბრობთ, წარმოვადგინეთ კონკრეტული გეგმაც, სქემაც და დოკუმენტებიც. ესენი ამტკიცებენ, რომ თურმე შეგიძლია თვითმფრინავი აავსო ხალხით და ჩამოიყვანო, თან იმ დროს, როცა პანდემიის გამო, ყველა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაკეტილია.

ეს არის მტკნარი ტყუილი და უნამუსობა, დანარჩენზე კი დასკვნა ხალხმა გააკეთოს – რატომ და რა მიზნით კეთდება ეს.

ჩვენ არ გვინდა კონფრონტაციაში შესვლა და იმ ეპითეტების გამოყენება, რასაც იმსახურებენ. ამის დროც მოვა. ეს ხალხი ჩამოვიყვანოთ, გადავიაროთ ეს უბედურება, ერთად გავიტანოთ ერთმანეთი და ქვეყანა ამ განსაცდელისგან.

შეფასებებისა და პოლიტიკის დროც დადგება. საზოგადოება გააკეთებს ამ შეფასებებს.