გიორგი ვაშაძე: „ოცნების“ პოლიტიკით მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, ღარიბები გაღარიბდებიან“

გიორგი ვაშაძე: „ოცნების“ პოლიტიკით მდიდრები კიდევ უფრო გამდიდრდებიან, ღარიბები გაღარიბდებიან“„ოცნებამ“ მანიპულაციისთვის ხვრელები დატოვა, რათა ფული თავის კოორდინატორებს მისცეს“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა
გასულ კვირაში საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა, თუმცა ეკონომისტების, პოლიტიკოსებისა და საზოგადოების ნაწილს, პასუხის გაცემის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი კითხვა გაუჩნდა.
რა კითხვები ჩნდება, რა ხარვეზები აქვს და არის თუ არა კორუფციის რეალური საფუძველი? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი გიორგი ვაშაძე საუბრობს.
– საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა კორუფციის რისკს ხომ არ შეიცავს? მით უმეტეს, რომ ჩნდება კითხვები და ბევრ საკითხში მკაფიოობა არ ჩანს.
– რაც ჩვენ მოვისმინეთ, ეს არ არის ანტიკრიზისული გეგმა, ეს არის საარჩევნო გეგმა, რომელიც დაწერილია „ქართული ოცნების“ მიერ და ფაქტობრივად ჩვენივე ფულით, სახელმწიფო ბიუჯეტით უნდათ დააფინანსონ საკუთარი საარჩევნო კამპანია და მიიღონ ხმები. თუ გავყვებით პუნქტებს, ეს აშკარაა.
ხომ ჩნდება კითხვა, რატომაა 1.200 ლარი გაწერილი 6 თვის განმავლობაში. 6 თვის თავზე არის არჩევნები. 300-ლარიანი დახმარება თვითდასაქმებულებისთვის რეალურად გათვლილია საკუთარი კოორდინატორების დახმარების მიზნით. ამას არავითარი კავშირი არა აქვს ანტიკრიზისულ ვითარებასთან. ეს პროცესი სრულდება 1 ნოემბერს, იმიტომ, რომ ოქტომბერში არჩევნებია. მორჩა და დამთავრდა. უფრო მეტიც, დავინახეთ, რატომ არ ატარებენ მასობრივ ტესტირებას და რატომ არიან ამ საკითხის მიმართ ასეთი გავეშებულები.
– რატომ?
– მარტივი მიზეზის გამო, რომ გაწელონ ეს შეზღუდვები და კარანტინი და მაქსიმალურად გაწელონ საკუთარი საზედამხედველო ფუნქცია. არ ანაღვლებთ, რომ ეკონომიკა განულებულია საქართველოში. ყოველდღე ვკარგავთ ფულს გაჩერებული ეკონომიკის გამო. იმიტომ არ ანაღვლებთ, რომ არჩევნებისთვის გადაგდებული 200-200 ლარით ჰგონიათ, შეინარჩუნებენ ხელისუფლებას.
– თუმცა მთავარი მიზანი ხომ არა ხელისუფლების მოგებაა, არამედ შენარჩუნება მეტ-ნაკლები დოზით ხალხის კმაყოფილების იმიტომ, რომ თუ არჩევნებს მოიგებენ და დაიწყება მასობრივი შიმშილობა, ეს უკმაყოფილებას გამოიწვევს, რაც ზრდის რევოლუციის რისკს.
– ნორმალური ხელისუფლება ასე ფიქრობს, როგორც თქვენ ამბობთ, მაგრამ ჩვენ ხომ ნორმალურ ხელისუფლებასთან საქმე არ გვაქვს! რამე რაციონალური ხდება?! მთელი მსოფლიო ამბობს, რომ საჭიროა მასობრივი ტესტირება. რა რაციონალიზმია ამაში, როცა პრემიერი ამბობდა, მასობრივი ტესტირება არ არის პანაცეაო და ამას იმეორებდა ყველა.
ისინი ფიქრობენ, რომ თუ დაკეტავენ ეკონომიკას და თუ გამოგვკეტავენ სახლებში, მათ ექნებათ სრული კონტროლის შესაძლებლობა საზოგადოებასა და მოქალაქეებზე. ფაქტობრივად, დიქტატურაა ქვეყანაში. კანონი მიღებულია და საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვცხოვრობთ.
– ანუ რა გამოდის, საარჩევნო კამპანიას ატარებს „ქართული ოცნება“ და ოპოზიციას ეს უფლება წართმეული გაქვთ?
– დიახ. საარჩევნო კამპანიას ატარებენ, კლიპებს იღებენ, შეკვეთილ სტატიებს წერენ უცხოურ მედიაში, რა მაგარია მათი ბრძოლის მექანიზმი კორონავირუსთან, მერე ამაზე სიუჟეტს აკეთებენ საკუთარ მედიასაშუალებაში. ამაზე მეტი რა არის საარჩევნო კამპანია?! გამოვიდნენ და გვითხრეს, რომ 3 თვე კიდევ დაკეტილი იქნება ყველაფერი ქვეყანაში. რატომ? იმიტომ, რომ კორონავირუსის გავრცელების პიკს ველოდებით შემდეგ 2-3 კვირაში. ეს 2-3 კვირაც აღარ დამთავრდა. რომელ 2-3 კვირაში ველოდებით?!
ეს ყველაფერი მარტივ რაღაცაზე მიუთითებს. მათ არ ადარდებთ არც ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში და არც შიმშილი. ერთადერთი, აღელვებთ ის, რომ საკუთარი სტრატეგია შეიმუშაონ ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით.
– თუმცა ხელისუფლება გეუბნებათ, შევძელით და შევაჩერეთ ვირუსის გავრცელება იმავე ევროპის ქვეყნებთან შედარებითო. ფაქტია, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის დაბალი. ამაზე რა პასუხი გაქვთ?
– ძალიან კარგი, რომ სიკვდილიანობა დაბალია. მაშინ მე კითხვა მაქვს, რატომ გავაჩერეთ ეკონომიკა. რატომ ვკარგავთ დღეს ამდენ ფულს, ახლა, როცა ვლაპარაკობთ, 10 მილიონი ლარი რატომ დავკარგეთ ამ 24 საათში, ჯამურად კი – 4 მილიარდი ლარი?! რომ გამოგვეყენებინა მასობრივი ტესტირება, ახლა ხომ გახსნილი იქნებოდა თავიდან ბოლომდე ეკონომიკა!
45 დღე არის მცირე და საშუალო ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობის დრო. ეს 45 დღე უკვე გავიდა და, თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი ისევ მოიქოქება საქართველოში, ძალიან ცდება. ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ეკონომიკური ციკლი უკვე მოკლული აქვს და მოუკლა ხელისუფლებამ. გაწყვეტილია ეს ჯაჭვი. კავშირი, რომელიც უნდა შეიქმნას ბიზნესსა და მოქალაქეს შორის, უკვე მკვდარია.
დაგვრჩა მსხვილი ბიზნესი – ეს არის ბანკები და სამედიცინო მონოპოლიური კომპანიები. შესაბამისად, მათ ჩაუვარდებათ მთელი ქონება ხელში. ღარიბი უფრო გაღარიბდება, მდიდარი უფრო გამდიდრდება. ადამიანს რომ აღარ ექნება ფული, 100.000 დოლარის ღირებულების ქონებას გაყიდის 30.000 დოლარად, იმიტომ, რომ საჭმელი ხომ უნდა ჭამოს? ვინ იყიდის ამ 30.000 დოლარად? მსხვილი ბიზნესმენები.
– სოციალური პაკეტები თუ არის მკაფიო თქვენთვის – ვის ეკუთვნის დახმარება, რა კრიტერიუმებით, ვინ არიან თვითდასაქმებულები, ვინც არაოფიციალურად იყვნენ დასაქმებული და დაკარგეს სამსახური, როგორ მისცემს მას დამსაქმებელი დამადასტურებელ დოკუმენტს და ა.შ?
– როგორ უნდა იყოს მკაფიო, როდესაც მთავრობამ გეგმა წარმოგვიდგინა საპრეზენტაციო ათი სლაიდის სახით! სერიოზული დოკუმენტი ვინმემ სადმე ნახა? ბიუჯეტი, რომელიც ამას უნდა მოჰყვებოდეს, ვინმემ სადმე ნახა?
უფრო მეტიც, ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებენ. ზოგი ამბობს, თვითდასაქმებულებმა მტკიცებულებები უნდა მოიტანონო, ზოგი ამბობს, გადარიცხვის ქვითრები უნდა მოიტანონო. ეს, იცით, რატომ ხდება? ბუნდოვანება არის კორუფციის მთავარი წყარო. ეს იმიტომ შექმნა ხელისუფლებამ, რომ ამ თანხას მისი კოორდინატორი მიიღებს.
– ზოგიერთმა თვითდასაქმებულმა რანაირად უნდა წარადგინოს თუნდაც ქვითარი?
– წარმოუდგენელია, რა ქვითარი და რა გადარიცხვები უნდა აწარმოოს. ამის მექანიზმი არ არსებობს. იმის ნაცვლად, რომ გამოეყოთ ჯგუფები, ვისაც დახმარება არ სჭირდება, მაგალითად, 40.000-ს ზემოთ შემოსავლის მქონე ადამიანები და ა.შ. და დანარჩენზე გადაენაწილებინათ ეს დახმარება, ეს გაწელეს 6 თვეზე და ძალიან დიდი შავი ხვრელი დაიტოვეს მანიპულაციისთვის. ასეთი რამე არ გვინახავს? ჩემიანი ხარ და „ქართულ ოცნებას“ უჭერ მხარს, გეკუთვნის 300 ლარი, არ ხარ და არ გეკუთვნის. ეს არის მარტივი რაღაც, რაც მათ დაუდეს საფუძვლად.
იმდენად საშინლად და დანაშაულებრივად იქცევიან, რომ მარტო ეს არ იკმარეს და ნახეთ, რა გააკეთეს – გამოვიდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და 20 მაისიდან დავიწყებთ იმ ადამიანების რეგისტრაციას, ვისაც დახმარება უნდაო. 20 მაისამდე შიმშილით დაიხოცონ? 20 მაისიდან რომ დაიწყება, შემდეგი 10 დღე განხილვის დროა. ვთქვათ და დარეგისტრირდა 1 მილიონი ადამიანი, რამდენ ხანში განიხილავენ ამ ერთ მილიონ განცხადებას? გამოდის, რომ კიდევ უფრო მშიერ ადამიანებს დატოვებენ. რა არის მათი მიზანი და რატომ სჭირდებათ მშიერი ადამიანები? მშიერი ადამიანების მოსყიდვა უფრო იაფი დაუჯდებათ არჩევნებზე.
– რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ?
– მე და ჩემი გუნდი ერთადერთი ვართ საქართველოში, ვინც წერილობით გამოაქვეყნა კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის გეგმა, რომელიც შეტევაზეა ორიენტირებული, ანუ თავდასხმა უნდა გააკეთო კორონაზე. ეს არის მასობრივი ტესტირება და ალგორითმი გვაქვს გამოქვეყნებული, 17 დღეში როგორ შეგვიძლია შევზღუდოთ კორონავირუსის გავრცელება, 100.000-ზე მეტი ტესტი ჩავატაროთ და გავხსნათ ეკონომიკა. ეს გეგმა გამოვაქვეყნეთ 24 მარტს. მას შემდეგ ამ მიმართულებით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა და დღესაც იგივე პრობლემაა.
პირველი, მაქსიმალურად სწრაფად უნდა გავხსნათ ეკონომიკა, მეორე, დღეს რაც გვაქვს, იმ ფარგლებში სწრაფად უნდა დავეხმაროთ ადამიანებს, რათა შიმშილით ქუჩაში გამოსული არ ვნახოთ ისინი. მესამე არის სწრაფი ეკონომიკური რეფორმები, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად წარმოვადგენთ შიდა ეკონომიკის გახსნის შემდეგ.
„ქართულმა ოცნებამ“ რეალურად მოკლა ქართული ბიზნესი. ჩვენ უნდა შევქმნათ ეს ბიზნესი ხელახლა და კვლავ განვავითაროთ.