გიორგი ვაშაძე – „ვინმე ამიხსნის კომენდანტის საათის აზრს?! საღამოს 9-დან დილის 6-მდე კორონავირუსიანი ხალხი დადიოდა გარეთ?!“

გიორგი ვაშაძე - „ვინმე ამიხსნის კომენდანტის საათის აზრს?! საღამოს 9-დან დილის 6-მდე კორონავირუსიანი ხალხი დადიოდა გარეთ?!“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს გიორგი ვაშაძე პასუხობს.

– ბატონო გიორგი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. ასევე კომენდანტის საათიც. რა უნდა გაკეთდეს და არ კეთდება? თქვენ აქტიურად აწვდით რეკომენდაციებს ხელისუფლებას და ამის გამო სერიოზული კრიტიკაც დაიმსახურეთ.

– ამ კრიტიკას ავიტან რამენაირად. სამწუხაროდ, ჩვენმა ხელისუფლებამ ფატალური შეცდომა დაუშვა. დიაგნოსტიკის შესაძლებლობები არ გვაქვს ქვეყანაში და აქედან გამომდინარე გვიწევს ყოველდღე უფრო და უფრო აგრესიული ღონისძიებების მიღება. მთელს მსოფლიოში, მხოლოდ საქართველოს ჰყავს ისეთი მეთაური, რომელიც ამბობს, რომ დიაგნოსტიკა და სწრაფი ტესტები არ არის აუცილებელი კორონავირუსთან ბრძოლაში. დანარჩენი მსოფლიოს ყველა ლიდერი თავის ქვეყანაში სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს. იმიტომ, რომ არ გვაქვს დიაგნოსტიკა, ახლა გამოვაცხადეთ კომენდანტის საათი.

– არ უნდა გამოეცხადებინათ?

– რა, ღამე გადაადგილდებოდა კორონავირუსიანი ხალხი თუ რას უშველის კომენდანტის საათი?! დღე რატომ არა და ღამე რატომ კი?! ელემენტარული შეკითხვაა. ძალიან მძიმე ვითარებაა ქვეყანაში. მე ორ კვირაზე მეტია ვითხოვ ხელისუფლებისგან ანტიკრიზისულ გეგმას, მაგრამ არ წარმოუდგენიათ. მე გასულ პარასკევს წარვადგინე ანტიკრიზისული გეგმა, როგორც მოსამზადებელი სამთვიანი ფაზა, ასევე 14 დღიანი იმპლემენტაციის ფაზა.

მთავარი შეცდომა არის ის, რომ თავდაცვა-შეკავების სტრატეგიაზეა აწყობილი ყველა ნაბიჯი, არადა უნდა იყოს აგრესიული შეტევის სტრატეგია. იმიტომ, რომ მხოლოდ ინ ქვეყნებმა გაიმარჯვეს კორონავირუსზე, ვისაც ჰქონდა აგრესიული შეტევის სტრატეგია.

იტალიამ აირჩია ზუსტად ის გზა, რომელიც დღეს საქართველოშია.

– რომელი გზა?

– დიაგნოსტიკა-ტესტირებას უკეთებს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც აქვს მკვეთრად გამოკვეთილი სიმპტომი და საბოლოო ჯამში სადამდე მივიდა იტალია, ჩვენ ყველანი ვხედავთ.

– იგივე გვემუქრება?

– მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი გენეტიკური გამძლეობა მაინც გვიშველის, რომ არ დაავადდება ბევრი ადამიანი საქართველოში.

– გამკაცრებული ზომები რამდენად ეფექტური და შედეგის მომტანი იქნება?

– რა შედეგის მომტანი უნდა იყოს, ვინმე მეტყვის კომენდანტის საათის აზრს?! გამაგებინოს ვინმემ, საღამოს 9-დან დილის 6-მდე კორონავირუსიანი ხალხი დადიოდა გარეთ?! ის მაინც ეთქვათ, კრიმინოგენური სიტუაციის გამო ხდება ეს ყველაფერიო და გავიგებდით ამას. ხოლო კორონავირუსი რა შუაშია შუაღამეს გადაადგილებასთან, ამიხსნას ვინმემ! მე ნამდვილად არ მესმის.

– მაშინ რა იყო ამის რეალური მიზეზი?

– არაფერი. მძიმე ვითარებაა ქვეყანაში და კიდევ უფრო ამძიმებენ ამ გადაწყვეტილებებით. პოლიტიკური ბენეფიტებისთვის და კეკლუცობისთვის აკეთებენ ამ ყველაფერს. სხვა არაფრისთვის.

– ეკონომიკური გეგმა თუ არსებობს, როგორ უნდა დააღწიოს მოსახლეობამ თავი უკიდურეს გაჭირვებას და შიმშილს?

– ხელისუფლება რას აპირებს, ეს არ ვიცით. ამაზე არ საუბრობენ, არ აქვთ გეგმა. მე კი მინდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ნამდვილად მაქვს ამის გეგმა თუ როგორ უნდა გამოვიდეთ ამ კრიზისიდან, მაგრამ ყოველი დღე დაგვიანებული დიაგნოსტიკის და აგრესიული ტესტირების არის მინუს 70-80 მილიონი ლარით გაღარიბება ქართულ ეკონომიკაში.

თუ იმ გზით წავედით, რასაც დღეს გახარია გვთავაზობს, ეს ნიშნავს იმას, რომ ღარიბი უფრო გაღარიბდება, მდიდარი უფრო გამდიდრდება. ერთი გეგმაც კი არ გვინახავს, ნაბიჯ-ნაბიჯ რის გაკეთებს აპირებენ.

– გამოსავალს რამდენად ხედავთ ამ სიტუაციიდან?

– რა თქმა უნდა, გამოსავალი არსებობს და ეს არის აგრესიული და მკვეთრი რეფორმები. ჯერ პირველი ფაზის ამოცანა, რაც ჩვენს გეგმაში გამოვაქვეყნეთ, არის კორონავირუსის გავრცელების საქართველოს შიგნით შეკავება და შიდა კარანტინის მოხსნა. მეორე ფაზა არის საზღვრების გახსნა და მესამე ფაზა არის მძლავრი ეკონომიკური რეფორმები.

ამაზე მე ვმუშაობ ჩემს ჰარვარდელ კოლეგებთან ერთად, ძალიან ბევრი რამ იწერება მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტების მიერ და მე სერიოზული გეგმა მაქვს, ფუნდამენტი უკვე მოხაზული მაქვს, რა ღონისძიებები უნდა გატაროთ, რომ სწრაფად დავძლიოთ ეს შიმშილი, რომელიც ქვეყანაში გვექნება. მე არ ვიცი, რა გეგმა აქვს მთავრობას. სამწუხაროდ, არაერთი მცდელობის მიუხედვად, ისინი არ გვისმენენ.

– არ იზიარებენ ოპოზიციონერი ლიდერების შეთავაზებებს?

– არათუ არ იზიარებენ, რაღაცა ცინიკურად და დამცინავად საუბრობენ. ეს ყველაფერი ქვეანას აზიანებს, თორემ ჩვენს დაცინვას ავიტანთ როგორმე. საჯაროდ რასაც ვამბობ, ამას იზიარებენ.

– კერძოდ, რა გაიზიარეს?

– მაგალითად, გახარია გამოვიდა და განაცხადა, ოჯახის ექიმებთან კომუნიკაციას ავაწყობთო. ტელეფონის ნომერი გექნებათ, დაურეკავთ და გაივლით რეკომენდაციებსო. მე რა პუნქტებიც გავუგზავნე, იქ ეწერა ეს და მიხარია, რომ გაითვალისწინეს. კარგია, რომ ასე პატარ-პატარა პუნქტებს მაინც ითვალისწინებენ. იგივე იყო სამთავრობო ბრიფინგებზე, იგივე იყო, უფრო მკაფიო რომ უნდა იყოს მესიჯები და ბოლო ორი დღეა, უფრო მომზადებულები ჩანან.

– გაგინაწყენდნენ მედიკოსები, ყველამ თავის საქმე აკეთოსო…

– მე რა გამინაწყენდნენ, ხელისუფლება ამოეფარა ექიმებს,ეს მოხდა რეალურად, მე კი არ გამინაწყენდნენ. არაერთხელ მივმართე, რომ საერთოდ დაანებონ თავი ჩვენთან კამათში შემოსვლას და თავის საქმე აკეთონ. ხოლო თუ რამე მხარდაჭერა სჭირდებათ, ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ. ჩვენ რა, მკურნალობის გაიდლაინში შევედით ოდესმე თუ რა?! რატომ გვინაწყენდებიან. აქ არის საუბარი კრიზისული სიტუაციების მართვაზე. ამაზე კი პასუხისმგებელია გახარია და არა რომელიმე ექიმი. ესეც კარგად უნდა გვესმოდეს. სამწუხაროდ, გახარიამ და მთავრობამ გამოიყენეს ეს ადამიანები თავის სასარგებლოდ. იმის ნაცვლად, რომ თვითონ გაეცა პასუხი, ამ ხალხს ამოეფარა უკნიდან.

არც ერთხელ ჩვენ ექიმები არ გაგვიკრიტიკებია, მათ თავის საქმეს უნდა მიხედონ. აქ კრიტიკული სიტუაციის მართვაზეა საუბარი. მსოფლიოში გვყავს ერთადერთი პრემიერ-მინისტრი, ვინც დღესაც ამტკიცებს, რომ არ გვჭირდება სწრაფი დიაგნოსტიკა. ეს არის კატასტროფა!

– კორუფციის ნიშნებია ამ ყველაფრის უკან?

– მოვა დრო და გავარჩევთ მერე, ვინ რა ფულის კეთებას აპირებდა. ახლა ამის დრო არ არის და ამაზე საუბარიც ნაადრევია. დღეს ჩვენი გენეტიკა თუ გვიშველის, რომ მალე გამოვჯანმრთელდეთ, თორემ დიაგნოსტიკის კუთხით კატასტროფა გვაქვს.