„გურამ დონაძე ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების გამო გამოუშვეს ციხიდან“

„გურამ დონაძე ოქრუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების გამო გამოუშვეს ციხიდან“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს „გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი პასუხობს

– ბატონო გურამ, 16 აპრილს გურამ დონაძემ დატოვა საპატიმრო. საუბარია, რომ მასსა და ხელისუფლებას შორის გარიგება შედგა. რა გარიგებაზეა საუბარი?

– მე ადრეც მითქვამს თქვენთან ინტერვიუში, რომ დაახლოებით ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყო ეს ამბავი, როდესაც ჩვენ გავაჟღერეთ ინფორმაცია, რომ ხელისუფლება სთავაზობდა გურამ დონაძეს გარიგებას, შეთანხმების გაფორმებას.

– ეს გარიგება შედგა ნოემბერში დონაძესა და ხელისუფლებას შორის?

– კი ბატონო, ასე იყო. დაიდო გარიგება, რომ დონაძეს ოქრუაშვილის წინააღმდეგ უნდა მიეცა ჩვენება და მას გამოუშვებდნენ. თუმცა ნოემბრიდან სასამართლო გაიჭიმა და სწორედ ეს დრო დაჭირდა. 6 აპრილს გაიმართა პროცესი, დაიკითხნენ დონაძე და მიქაძე.

მაშინ, როდესაც პანდემიაა გამოცხადებული, არც ერთი პროცესი არ ტარდება თბილისის საქალაქო სასამართლოში, ამ დროს კი ხელისუფლების ორივე ეს ოქროს მოწმე მოიყვანეს  სასამართლო დარბაზში და მათ მისცეს ჩვენება ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ, რომ მან დაავალა, მომხდარიყო გაყალბება მაშინ მომხდარი ფაქტისა, რომ არ შელახულიყო პატრულის იმიჯი და ეს დავალება მათ მიიღეს ირაკლი ოქრუაშვილისგან.

სინამდვილეში კი მათ ირაკლის წინააღმდეგ ცრუ ჩვენება მისცეს და სანაცვლოდ შეპირდნენ ციხიდან ვადაზე ადრე გამოშვებას.

– მიქაძესაც უშვებენ?

– ჩემი ინფორმაციით, გურამ დონაძე ციხიდან  გათავისუფლდა 15 აპრილს, ხოლო მიქაძეს გამოუშვებენ ივნისის დასაწყისში, როდესაც მას პატიმრობის 1,6 წელი შეუსრულდება. აი,აესეთი შეთანხმება შედგა.

– ანუ დამნაშავეებს უშვებს იმის სანაცვლოდ, რომ ოქრუაშვილი დასაჯოს?

– “ქართული ოცნება” ოქრუაშვილის დასჯას ბოლომდე ცდილობს. მე მგონი, კომუნისტების დროსაც კი არ მომხდარა მსგავსი რამ, რომ უკვე მისჯილი პატიმრისათვის აეკრძალოთ ოჯახის წევრებთან დარეკვა. შესაბამისად 14 აპრილს პროკურორმა ირაკლი ოქრუაშვილს სატელეფონო ზარებიც კი აუკრძალა, მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა წულუკიანმა, გააკეთა განცხადება და თქვა, რომ პატიმრებს მიეცემოდათ ოჯახებთან ტელეფონით საუბრის საშუალება, რადგან პანდემიაა და პაემნები შეიზღუდა.

– რატომ აუკრძალეს სატელეფონო ზარები, მოტივად რა დასახელდა?

– პირველი მიზეზი ის იყო, რომ როდესაც ირაკლის მიუსაჯეს 5 წლიანი პატიმრობა, მაშინ დამირეკა მე და უნდოდა ტვ პირველზე ჩართვა პირდაპირ ეთერში, როგორც კი ტვ პირველზე ზარი გავიდა, მაშინვე გაუთიშეს და ზარები აუკრძალეს ოფიციალურად. ხელისუფლებას არ სურს, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა კიდევ ერთხელ თქვას ის, რისი თქმაც მას უნდა და რაც აქვს სათქმელი. ცდილობენ, მაქსიმალურად მოახდინონ მასზე ზეწოლა და დატანჯონ ადამიანი. დაახლოებით 8 დღის წინ მისცა ირაკლის წინააღმდეგ ჩვენება გურამ დონაძემ და ერთ კვირაში გაათავისუფლეს კიდეც. საკმაოდ დაჩქარებული ვადებით ხელისუფლებამ აღუსრულა მას დანაპირები.

– ირაკლი ოქრუაშვილს 5 წელი უკვე მიესაჯა 20 ივნისის საქმეზე. გურამ დონაძის ჩვენების საფუძველზე რას ელოდებით? კიდევ რამდენ წელს დაუმატებენ?

– გურამ დონაძე არის ოქროს მოწმე ამ ხელისუფლებისათვის. ასევეა ზურაბ მიქაძეც. მათ ირაკლი ოქრუაშვილს დაადეს ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ყალბი ჩვენება და მთელმა საქართველო იცის, რომ ეს არის გამოგონილი ამბავი, რა ჩვენებაც მათ მისცეს, მიუხედავად ამისა, ხელისუფლებას აქვს კიდევ ერთი ბერკეტი, რომ ირაკლი ოქრუაშვილი კიდევ უფრო დიდი ხნით ჩასვას ციხეში.

– ამ 5 წელს რამდენი დაემატება?

– თუ არ ვცდები, ეს არის გაცილებით მძიმე დანაშაული, უფრო მეტი ხნით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას და ახლა უკვე აქვს 5 წელი მისჯილი და თუ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და ირაკლის არ გაათავისუფლებენ, პირობას არ შეასრულებენ, დაარღვევენ დასავლელ პარტნიორებთან დადებულ პირობას, ამ შემთხვევაში მათ ექნებათ საშუალება იმისი, რომ ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ დაუმატონ 3 წელი და 5 წლის ნაცვლად 8 წლით გამოკეტონ ციხეში!

– რა პოზიციას დაიკავებს ბუტა რობაქიძის ოჯახი? ისინი წლების განმავლობასი ითხოვდნენ როგორც გურამ დონაძის, ისე მიქაძის დაპატიმრებას.

– მუდმივად ვერიდებოდი ბუტა რობაქიძის ოჯახზე კომენტარის გაკეთებას. განსაკუთრებით მამამისია აქტიური და ის აქტიურობდა ამ თემაზე. 14 წლის შემდეგ დაიწყო სოსო რობაქიძემ აქტიურობა, თორემ მანამდე როდესაც ითხოვდა დონაძის, მიქაძის და კიდევ სხვების დაპატიმრებას, ამ სიაში ოქრუაშვილის გვარი არასდროს ყოფილა. რადგან ბუტას მამამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ირაკლი იყო აბსოლუტურად უდანაშაულო ამ საქმეში.

– რას ელოდებით?

– კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო ხელისუფლებას, ციხეს აქვს ორი კარები, ირაკლი ოქრუაშვილი როგორც შევიდა, ისევე გამოვა იქიდან ძალიან მალე. გურამ დონაძის და ზურაბ მიქაძისნაირ ვიგინდარებთან დადებული პირობის შესრულებას, ურჩევნიათ, რომ დასავლელ პარტნიორებთან დადებული პირობები შეასრულონ. თუ უნდათ, რომ მართლა წკეპლით არ გაყაროს საქართველოს მოსახლეობამ.