ხატია დეკანოიძე – „გომელაური უნდა გადამდგარიყო ვაჟა-ფშაველაზე მკვლელობის შემდეგ“

ხატია დეკანოიძე - „გომელაური უნდა გადამდგარიყო ვაჟა-ფშაველაზე მკვლელობის შემდეგ“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

აღდგომის ღამეს მთელი საქართველო საზარელმა ამბავმა მოიცვა, პოლიციელის ბრმა ტყვიამ 50 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, თან იმ დროს როდესაც შუახნის ქალი საკუთარ სახლში ტელევიზორს უყურებდა. ტრაგედიას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ პოლიცია ამ დროს სპეცოპერაციას კი არ ატარებდა, ან რაიმე გადაუდებელი სიტუაციით კი არ იყო სროლა ნაკარნახევი, არამედ ნაქეიფარმა პოლიციელმა საკუთარი სახლიდან იარაღის სროლა დაიწყო.

როგორც ირკვევა, ეს არ ყოფილა პოლიციელის დროსტარების ერთადერთი შემთხვევა და მას სროლა აქამდეც აუტეხავს. სიტუაციას კიდევ უფრო აუტანელს ხდის ის ფაქტი, როცა ეს ხდება საგანგებო მდგომარეობისა და „კომენდანტის საათის“ დროს, როცა რიგით ადამიანს ქუჩაში გამოსვლაც კი აკრძალული აქვს. აქამდეც არსებობდა კითხვები საგანგებო მდგომარეობის შერჩევით შეზღუდვებზე, ამ შემთხვევამ კი ეს კითხვები კიდევ უფრო გაამძაფრა.

გაჩნდა თუ არა შერჩევითი სამართალის მკაფიო მინიშნებები საგანგებო მდგომარეობის დროსაც და რაში გამოიხატება ეს? რა კითხვები რჩება ამ საქმეზე და რით აიხსნება გაზრდილი კრიმინოგენური ვითარება? – ამ და სხვა აქტუალურ კითხვებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე საუბრობს.

_ რა დაგანახათ აღდგომის ღამის ტრაგედიამ, როდესაც ქალი საკუთარ სახლში პოლიციელის ბრმა ტყვიამ იმსხვერპლა? აჩვენა თუ არა ამან ის, რომ შერჩევითი სამართალი ხდება საგანგებო მდგომარეობის დროსაც კი?

_ რა თქმა უნდა, შერჩევითი სამართალი სახეზეა, ამ ძალიან მძიმე ტრაგედიით გამოჩნდა, რომ საქმე გვაქვს სრულ განუკითხაობასთან და უკონტროლობასთან. ამან დაგვანახა ის, რომ სისტემა თავიდან ბოლომდე ჩამოშლილია და საჭიროებს სრულ რეფორმას. როგორც ჩანს ეს ადამიანი მუდმივად ისროდა იარაღს, არ ვიცი, ტაბელურ იარაღს თუ არატაბელურ იარაღს. ამაზეც არ გვაქვს ზუსტი პასუხი და გაურკვეველია, ჩატარდა თუ არა ექსპერტიზა და რამდენად გამჭვირვალედ ჩატარდა გამოძიება.

კრიმინოგენური ვითარება მატულობს, ვხედავთ განუკითხაობას ირგვლივ. მე თვითონ ვნახე, როგორ დადის კრიმინალური პოლიცია, ასევე განუკითხაობაა შემოსავლის სამსახურის სუპერმარკეტებში შევარდნის თვალსაზრისითაც. ამ დროს მღვდლები დადიან ჯიპებით, რომლებსაც გადაადგილების უფლება აქვთ და როგორც ჩანს, მხოლოდ კანონმორჩილ მოქალაქეებზე ვრცელდება ეს შეზღუდვები, რაც ძალიან ცუდი ფაქტია.

_ კითხვა აქაც ჩნდება – ახსენეთ მღვდლების მაგალითი, რომელთა უფლებების განუზომლად დიდია და ჩვენ სახეზე გვაქვს ადამიანი, რომელიც 9 ტიტის გაყიდვისთვის დააჯარიმეს. ეს რაზე მიანიშნებს?

_ ეს მიანიშნებს იმაზე, რომ საგანგებო მდგომარეობა შერჩევითად არის გამოცხადებული. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ზუსტი სურათი არ გვაქვს. არ არსებობს მასობრივი ტესტირების სტატისტიკა. ექიმები გვეუბნებიან, რომ ჩატარდება… ჩემი დიდი პატივისცემა ექიმებს, რომლებიც იბრძვიან ყოველდღიურად ადამიანების გადასარჩენად და პირდაპირი მნიშვნელობით ბრძოლის ველზე არიან, მაგრამ თუ არ გვექნება ზუსტი ინფორმაცია, ეს შეზღუდვები შესაძლოა რეჟიმმა გამოიყენოს. თვითონ საარჩევნო კამპანია აქვთ გაჩაღებული და დანარჩენი ადამიანები გამოკეტეს და შიმშილისთვის გაწირეს.

მე ვფიქრობ, რომ ორი მიმართულებით არის სერიოზული პრობლემა _ არ არსებობს ანტიკრიზისული გეგმა ეკონომიკური მიმართულებით და ასევე არ არსებობს განუსაზღვრელი ძალაუფლების კონტროლი სამართალდამცავი უწყებების მიმართ, რაც ძალიან სერიოზული პრობლემაა. მით უმეტეს ამ სიტუაციაში, რომელშიც დღეს საქართველო იმყოფება და არის ჩრდილოვანი მმართველობის რეჟიმი. ეს არის ძალიან მძიმე.

ასევე არის კორუფცია. ყველაფერს სათავისოდ იყენებენ. ასევე არის ის მომენტი, როდესაც პრივილეგირებული ფენა სარგებლობს, მათ შორის გადაადგილების უფლებით. მათ შორის ადამიანს არ აქვს უფლება, რომ საკუთარი ავტომობილით მარტო გადაადგილდეს. ამ დროს ჩვენ ვხედავთ, რომ საპატრიარქოს წარმომადგენლებს სრულად აქვთ გადაადგილების უფლება. ახლაც კი, როდესაც რელიგიური დღესასწაულები დამთავრდა.

_ რატომ ხდება ეს? რა პასუხი გაქვთ ამაზე?

_ იმიტომ, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდა პრინციპული პოზიცია. იმიტომ, რომ რეალურად დაუშვა შერჩევითი მიდგომა და ეს შერჩევითი მიდგომა ზუსტად იმიტომ დაუშვა, რომ ხმებისთვის იბრძვის.

_ იქიდან გამომდინარე ხდება ეს, რომ საარჩევნო წელია?

_ დია,ხ რა თქმა უნდა. აქ ადგილი აქვს ფარისევლობას და მე ძალიან ვნერვიულობ იმაზე, რომ სურათი არ გვაქვს და რეალურად არ ვიცით, როდის იქნება რეალურად პიკი, როდის დადგება პლატო, როდის წავა მრუდის მიმართულებით და ა. შ. ორშაბათს მოვისმინეთ, რომ უახლოესი 2-3 კვირა არის კიდევ მძიმე პერიოდი და ამ განცხადებას ვისმენთ ჩვენ უკვე 2 თვეა. ეს უკვე არასერიოზულად მეჩვენება.

ამიტომ, ქვეყანა ძალიან ბევრი მიმართულებით არის საფრთხის ქვეშ. ეკონომიკის მიმართულებით, ასევე განუკითხაობის მხრივ და სამართალდამცველთა განუზომელი ძალაუფლების მიმართულებით. რეალურად რეჟიმი ყველაფერს სათავისოდ იყენებს.

_ კრიმინალის მატება რა მიზეზებით აიხსნება?

_ კრიმინალი კიდევ უფრო მოიმატებს. ეს ჩვეულებრივი მომენტია. ვინც იცის და შეხება ჰქონია ანტიკრიზისულ მდგომარეობასთან, მან კარგად იცის ამის შესახებ. როდესაც არის საშინელი ეკონომიკური გაჭირვება და განუკითხაობა, მათ შორის ქაოსი, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია, მაშინ კრიმინალი მატულობს. აქამდე შემცირებული იყო კრიმინალი, მაგრამ ახლა იქნება სერიოზული ზრდა. ამიტომ, ჩვენ ხელისუფლებას სერიოზული პასუხები უნდა მოვთხოვოთ. ამაში განსაკუთრებული როლი მედიას ენიჭება, იმიტომ, რომ ეს კითხვები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.

_ დავუბრუნდეთ პოლიციელის საქმეს, სწორად აღიძრა საქმე, როდესაც გაუფრთხილებლობის მუხლით დაიწყო გამოძიება?

_ რასაკვირველია არა. როგორც ირკვევა თურმე ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როდესაც იარაღს ისვრის ეს ადამიანი. არ ვიცი ტაბელურ იარაღს, გადაუფორმებელს, ადამიანი ამბობდა, რომ კონდინციონერს მოხვდა მისი გასროლილი ტყვია. ეს არ არის გაუფრთხილებლობა, ეს არის შემთხვევა, როდესაც ადამიანმა იცის, რომ შესაძლოა მისმა ქმედებამ გამოიწვიოს სხვისი სიცოცხლის მოსპობა. ამიტომ, თუ შიდა პატიმრობა მიუსაჯეს მას, ეს იქნება წარმოუდგენლად არაპროპორციული სასჯელი. თუ მოხდა ისე, რომ პატიმრობა შეუფარდეს, მაგრამ შემდეგ გაათავისუფლეს პირობითი მსჯავრით, ესეც ძალიან არაპროპორციული სასჯელი იქნება.

_ ხელის დაფარების მცდელობა ამ საქმესთან დაკავშირებით უკვე დაინახეთ?

_ არა მხოლოდ ამ საქმესთან დაკავშირებით. ძალიან ბევრ საქმესთან დაკავშირებით დავინახე ეს მართლმსაჯულებაში და განსაკუთრებით როცა პოლიციელებს ეხება საქმე, გამოძიება არ დგება ობიექტურად. ეს არის ძალიან მძიმე და ტრაგიკული მოვლენა, როდესაც კომენდანტის საათის დროს პოლიციელები ღრეობენ და შემდეგ ამ ღრეობას ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.  წარმოუდგენელი რაღაც არის ეს. ასეთ ვითარებაში შინაგან საქმეთა მინისტრები პოსტს ტოვებენ ხოლმე.

_ ამ ვითარებაში გომელაური უნდა გადადგეს?

_ ახლა, გომელაური არ დატოვებს იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი არ უბრძანებს ამას.

_ იმ შემთხვევას ვგულისხმობ, როგორც ხდება დემოკრატიული და ცივილიზებული ქვეყანა რომ გვქონდეს უნდა გადამდგარიყო?

_ ცივილიზებულ ქვეყანაში კი. სადაც ოლიგარქს არ ემორჩილება ყველა ინსტიტუცია, მაშინ კი, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას იღებენ პოლიტიკური თანამდებობის პირები. სანამ ამ დონემდე არ მივალთ, ამ ქვეყანაში მართლმსაჯულებას არაფერი არ ეშველება.