ხატია დეკანოიძე – „ოცნების“ დეპუტატმა მკოიანმა დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ქუჩაში თავისუფლად დადის“

ხატია დეკანოიძე - „ოცნების“ დეპუტატმა მკოიანმა დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ ქუჩაში თავისუფლად დადის“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

ნაციონალური მოძრაობა „ქართული ოცნების“ წევრის, მაჟორიტარი დეპუტატის ენზელ მკოიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, მისთვის დეპუტატის იმუნიტეტის შეჩერებასა და მის დაკავებას მოითხოვს. საქმე ეხება 26 მარტს ახალქალაქში მომხდარ გარჩევას, რომელშიც ენზელ მკოიანი მონაწილეობდა. ამ გარჩევის გამო ხულიგნობის მუხლით დააკავეს პატრიოტთა ალიანსის წევრი სამველ პეტროსიანი და ასევე მკოიანის ძმისშვილი არმენ მკოიანი.  ამ თემაზე ბრიფინგი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გამართა.

„ახალ თაობასთან“ ინტერვიუში ხატია დეკანოიძე უფრო დეტალურად ყვება იმის შესახებ, თუ რაში იკვეთება მკოიანის სისხლის სამართლის დანაშაული, რატომ არის ის ხელშეუხებელი ფიგურა და რა ხდება პოლიტპატიმრების თემაზე, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე გაჩერდა.

_ რა გააკეთა ენზელ მკოიანმა ისეთი, რაც მის სისხლის სამართლის დანაშაულს გამოკვეთს?

_ როდესაც ქალაქში ხდება ცეცხლსასროლი იარაღით სროლა, რომელსაც ახორციელებს დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრია, ეს ნიშნავს, რომ მან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული. თან ეს ხდება მაშინ, როდესაც ამ დროს იქ ადამიანები დგანან.

თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ენზელ მკოიანი გამოირჩეოდა ძალადობით. გახსოვთ, რომ არჩევნების დროს ის შეიჭრა ჩვენს შტაბში და მაგან და მაგისმა ძმამ თავი გაუტეხეს ჩვენი შტაბის უფროსს. ეს არის ადამიანი, რომელიც განგსტერივით იქცევა.

საჯაროა ის მტკიცებულებები, რომლებიც 1 აპრილს გავიდა საინფორმაციო საშუალებებში. რას ნიშნავს ეს? ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია ჩადენილი და, სამწუხაროდ, დამნაშავე ისევ ქუჩაში დადის, ეს არის მთელი ამ დანაშაულის ანატომია.

_ ამბობთ, რომ ხელშეუხებელია ენზელ მკოიანი. რატომ?

_ იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ საყრდენია რეგიონში, საარჩევნო პერიოდში ტერორის და მთელი ამ კამპანიის გამტარებელია და მას საარჩევნოდ იყენებს ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ არის, რომ ხელშეუხებელია. როდესაც მან იძალადა ჩვენი შტაბის წევრებზე, მაშინ გიორგი გახარიამ თქვა, ჩვენი გუნდის გამორჩეული წევრიაო. ამ განცხადებაში ფაქტობრივად ყველაფერი ნათლად ჩანს, ამიტომ ნამდვილად არ გვიკვირს ეს ვითარება.

მაშინ როდესაც ქვეყანა პანდემიას უნდა ებრძოდეს, განსაკუთრებით კი ხელისუფლებასა და პარლამენტის წევრებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვთ, ადამიანების მიმართულებით სროლას ტეხს დეპუტატი, რაც სახელმწიფოს ჩამოშლაა.

_ ანუ გამოდის, რომ ამ კრიტიკულ ვითარებაშიც „ოცნებას“ არჩევნებისკენ აქვს სწორება? ვგულისხმობ იმას, რომ არაერთი დასკვნის მიხედვით, არჩევნების გაყალბება იქნება თუ ხმების მობილიზება სხვა საშუალებებით, აქცენტი რეგიონებზე კეთდება, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებზე. ეს გათვლა აქვს ხელისუფლებას?

_ ფაქტია, რომ არჩევნებისთვის იყენებს ენზელ მკოიანს, მოძალადე ადამიანს, რომელსაც არანაირი უფლება არ აქვს, რომ იყოს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. მაშინ როდესაც ოპოზიციის წევრებს იჭერენ და ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები. მაშინ როდესაც პარლამენტმა ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა და სამაჯური დაადო ხელზე, როდესაც მას პოლიტიკური სასამართლო მოუწყვეს და პარლამენტიდან გამოაძევეს, ამ დროს მათ ჰყავთ ასეთი მოძალადე ადამიანები თავის რიგებში და ასეთი ადამიანები არიან ხელშეუხებლები.

_ თქვენ იმედი გაქვთ, რომ თქვენი ეს მოთხოვნა თუ წინადადება გათვალისწინებული იქნება და ექნებათ რაიმე რეაგირება ენზელ მკოიანთან მიმართებით?

_ არ ვიცი. პროკურატურაში სარჩელს შევიტან. პროკურატურისგან მოვითხოვ სამართლებრივ რეაგირებას და ვნახოთ, რა რეაქცია მოჰყვება მისი მხრიდან. იმედი ნამდვილად არ მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ თავის წევრს დასჯის. ამ მძიმე სიტუაციაშიც კი საშინლად იქცევიან და სახელმწიფოს შლიან.

_ თქვენი მოთხოვნა თუ არ იქნება გათვალისწინებული, თქვენი მხრიდან რა რეაგირება მოჰყვება ამ პროცესს?

_ ჩვენი რეაგირება ეს არის, რომ ჩვენ საჯაროდ შეგვიძლია, რომ ამ და სხვა ასეთი ფაქტების შესახებ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია. ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი რეაგირება არის ის, რომ არჩევნების შემდეგ ეს ადამიანები აღარ დარჩებიან ხელისუფლებაში.

_ საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია და ხომ არ მიგიწოდებიათ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია?

_ ეს იგეგმება. ჩვენ ასევე ვაპირებთ კომუნიკაციას საქართველოს სახალხო დამცველთან და, რასაკვირველია, საელჩოებთანაც გვექნება კონტაქტი.

_ ამ ფონზე, როდესაც ხელშეუხებელია ენზელ მკოიანი და ამ დროს არ ხდება დაპირების შესრულება პოლიტპატიმრების ნაწილში, რომელიც ამ კრიზისის საბაბით რატომღაც გაჩერებულია, რამდენად თანხვედრაშია ხელისუფლების ნაბიჯები?

_ ზუსტად მაგას ვამბობ, რომ როდესაც ადამიანები ხელშეუხებლები არიან და ამ დროს ჩვენ გვყავს პოლიტიკური პატიმრები და დღესაც სასჯელს იხდიან, ეს არის მართლმსაჯულების ძალიან მძიმე სახე საქართველოში. ესეც ადასტურებს, რომ მთლიანად მართლმსაჯულება, სასამართლოს და პროკურატურის ჩათვლით, მთლიანად ჩამოშლილია საქართველოში. ქუჩაში სროლა ნიშნავს სახელმწიფოს ჩამოშლას.

_ ხომ აღარ გქონიათ საუბარი იგივე აშშ-თან, იგივე სხვა აქტორებთან პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით?

_ ეს თემა არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. ისინი მუდმივად არიან კონტაქტზე. ქვეყანას აქვს ურთულესი პერიოდი, პანდემიასთან დაკავშირებული ბრძოლაა, მაგრამ ჩვენ ვნახეთ აშშ-ის საელჩოს განცხადება რამდენიმე დღის წინ და ორივე პირობა, განსაკუთრებით კი პოლიტპატიმრების თემა და  საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს.

_ ანუ სხვადასხვა საშუალებებით დიპლომატიურ კორპუსთან კომუნიკაცია გრძელდება?

_ რა თქმა უნდა.