ლადო სადღობელაშვილი – „ამხელა შეზღუდვები დაგვიწესეს იმის გამო, რაც არ არსებობს“

ლადო სადღობელაშვილი - „ამხელა შეზღუდვები დაგვიწესეს იმის გამო, რაც არ არსებობს“ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

“ახალი თაობის” კითხვებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.

– ლადო, პრემიერმა ეკონომიკური პაკეტი წარადგინა. ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან ამ გეგმას სერიოზული კრიტიკა მოჰყვა. რამდენად გამართული პროგრამა წარმოადგინა გახარიამ?

– როდესაც სახელმწიფო ადამიანებს შეზღუდვებს უწესებს და გადაადგილებას უკრძალავს დაახლოებით მარტის დასაწყისიდან, პრაქტიკულად, გამოვიდა ისე, რომ ორი თვის თავზე გვეუბნება სახელმწიფო, ჩვენ თქვენ დაგეხმარებით, მაგრამ ამ დახმარებას მოგცემთ კიდევ ერთ თვეშიო, ანუ სამი თვის თავზე თუ მოხდა ამა თუ იმ ადამიანების დახმარება, მოხდება მხოლოდ მაშინ, რაც საგადასახადო მთელ რიგ პროცედურებს ჩაატარებს, აღრიცხავს უმუშევრად დარჩენილებს და ასე შემდეგ.

– ანუ მაისშიც შესაძლოა ვერ მოხერხდეს დახმარებების გაცემა?

– სანამ ეს ხალხი აღირიცხება, ყველაზე ადრე, მაისის ბოლომდე არაფერი იქნება. ჩვენ თუ ვსაუბრობთ ხელისუფლების ეფექტიანობაზე, მაშინ ძალიან უარყოფითად შევაფასებდი ხელისუფლების ეფექტიანობას. ეს ყველაფერი უკვე დაგვიანებული და დროში გაწელილია, უბრალოდ გაწელილი კი არა – ძალიან გაწელილი. ფინანსთა მინისტრმა ამერიკის მაგალითი მოიყვანა და ამერიკას შეედარა. იქ ძალიან სწრაფად მოხდა ერთჯერადად 1.200 დოლარის ჩარიცხვა.

– 1.200 დოლარი და 200 ლარი ერთია? სასაცილოა ამ თანხების ერთმანეთთან შედარება.

– ზუსტად, თუმცა ეს კიდევ ცალკე თემაა. იქ წარმოება ერთი თვით დაიკეტა და იმ ერთი თვის ფული მისცეს. იქ მათი მუშაობის ზარალი ერთ თვეში შეფასდა 1.200 დოლარად და შენ გეუბნებიან, რომ 6 თვეში შეგიფასდება 1200 ლარად. ცინიზმია, როდესაც მინისტრი პარალელს ამერიკასთან ავლებს.

– დასცინიან მოსახლეობას?

– რა თქმა უნდა, ეს არის დაცინვა და მეტი არაფერი, თან რას გვეუბნებიან, ჩვენ მაისამდე კომუნალურებს გიხდით და, 200-ლარიან დახმარებას რომ მოგცემთ, იმით საკვებიც უნდა იყიდოთ და კომუნალურებიც გადაიხადოთო. მაშინ კომუნალურებიც გაეგრძელებინათ ექვსი თვით. კი, კარგია, რომ პენსიონერები გაითვალისწინეს და სოციალურად დაუცველებიც, მაგრამ, ვინც სამსახური დაკარგა, ეს იმათთვის არანაირი შვება არ არის.

ხელისუფლებას ამ პროგრამაში გამორჩა მარტოხელა დედები, ასევე – ერთი სერიოზული საკითხი.

– კერძოდ?

– ადამიანები, რომლებიც დაუსაქმებლები იყვნენ და არანაირი შემოსავალი არ ჰქონდათ. ასეთ ადამიანებს სახელმწიფომ მარტიდან აუკრძალა სახლიდან გასვლა და სამსახურის მოძიება. ასევე მთელი ექვსი თვით სახელმწიფო მიკრძალავს სამსახურის მოძიების პერსპექტივას. ამ კატეგორიის ადამიანებმა რა უნდა ქნან?! არც სამსახური აქვთ და არც არავინ დაეხმარება. ისედაც უმუშევარი ადამიანები ხელისუფლებამ, პრაქტიკულად, გაწირა.

– ისინი ვერანაირ სიაში ვერ მოხვდებიან?

– დიახ, ასეა. მე დაუსაქმებელი ვიყავი, ვალებში ვცხოვრობდი და, კაცმა არ იცის, კიდევ რამდენი ხანი მომიწევს ამ მდგომარეობაში ყოფნა. 6 თვის მერე, სახელმწიფო რომ ამუშავდება, ასე ადვილად გამოჩნდება სამუშაო ადგილები? ეს ხომ ზღაპარია.

– საუბარია იმაზეც, რომ გახარიამ ამ პროგრამის პრეზენტაციით აქტიურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია. ასეა?

– დიახ, ასეა. ხელისუფლებას სწორედ ახლა აწყობს არჩევნების ჩატარება და არ აწყობს ოპოზიციას.

– კორონავირუსის ასე გაწელვის პროცესი ხელს აძლევს ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ დაყვეს ეტაპებად და გაწელეს ამხელა დროზეო.

– რა თქმა უნდა, ასეა. ეს დაყოფა ეტაპებად რაღაც მოდური და ტრენდულია, ევროპის გამოცდილებიდან გამომდინარე, მაგრამ იქ, სადაც ასეთ დაყოფას იყენებენ, კატასტროფული მდგომარეობაა. ჩვენთან კი ეს ყველაფერი პრევენციისთვის ხდება, რომ დავიცვათ თავი მოსალოდნელი საფრთხისაგან.

წარმოგიდგენიათ, რა ხდება? ამხელა შეზღუდვებს გვიწესებენ იმის გამო, რაც არ არსებობს და არც ვიცით, ეს საფრთხე დაგვემუქრება თუ არა. ამ მიდგომებით სახელმწიფოს ანგრევენ მიზანმიმართულად. თუ მანამდე ცდილობდი, 50 ლარად გეყიდა ამ ხალხის ხმა, ახლა ისე დააბეჩავე, რომ 10 ლარადაც იყიდი. ეს ყველაფერი კი ხდება სახელმწიფოს ჩამოშლის ხარჯზე. გაჩერებულია ბიზნესი. ბიზნესის ამდენი ხნით გაჩერება კი არ შეიძლება. ზესახელმწიფოა ამერიკა და ერთ თვეზე მეტ ხანს ვერ შეიკავეს თავი. წარმოდგენაც არ მინდა, ჩვენთან რა მოხდება.

– ხელისუფლება მაქსიმალურად გაწელავს და ამ პერიოდს სათავისოდ გამოიყენებს? დაავადებულთა რიცხვის ზრდაც ამას ხომ არ უკავშირდება?

– რა თქმა უნდა. მე ამაზე მარტიდან ვსაუბრობდი. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო იმისთვის, რომ შეგნებულად მისულიყო ეს პროცესი სექტემბრამდე. მთელი ამ 6 თვის განმავლობაში ოპოზიცია არის ორმოში, ქუჩაში ვერ გამოდის, ვერ ახურებს პოლიტიკურ სიტუაციას. 2006 წლიდან მაქვს პატარ-პატარა აქციების მოწყობისა და შემდეგ ამ ყველაფრის დიდ აქციაში გადაზრდის გამოცდილება. ძალიან კარგად ვიცი, როგორ უნდა სიტუაციის ესკალაცია.

– ოპოზიცია განეიტრალებული ჰყავთ?

– მაგის თქმა მინდა ზუსტად, რომ ესენი ახლა განეიტრალებულები არიან, გამოკეტილები არიან სახლებში, ვერ აკეთებენ ვერაფერს. პარლამენტიც უფუნქციოა. საპარლამენტო ტრიბუნაც დახურულია საპარლამენტო ოპოზიციისთვის. აკრძალვების მოხსნის შემდეგ საზაფხულო არდადეგები ემთხვევა, საერთოდ აღარ მივლენ პარლამენტში და რა გამოდის?!

– შემოდგომაზე პირდაპირ არჩევნების წინაშე აღმოჩნდებიან?

– ასე იქნება. დღეს ხელისუფლება თამაშობს ერთ კარში, ურტყამს მხოლოდ საწინააღმდეგო მიმართულებით. ეს 6-წლიანი პატიმრობაც, რომელიც ასე ხმაურიანად შემოიღო მმართველმა გუნდმა, სწორედ ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია, ისე ხარ შეშინებული, რომ ვერ გაბედო ქუჩაში გამოსვლა და პროტესტი. ვის უნდა აუტკივარი თავის ატკივება ასეთ მძიმე პირობებში. ამიტომ ოპოზიციას ძალიან გაუჭირდება ქუჩაში ხალხის გამოყვანა.

– საგანგებო სიტუაცია საკუთარ თავზე მოირგეს და საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგეს?

– აი, ზუსტად! რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხდება ბიუჯეტის ხარჯზე, მაშინ, როდესაც უნდა დახარჯულიყო თუნდაც შავი ფული იმისთვის, რომ ეს არჩევნები მოეგო ამა თუ იმ პარტიას, კერძოდ, სამთავრობოს.

ის ამ ყველაფერს ახერხებს ბიუჯეტის ხარჯზე. როდესაც დახმარებებზე ვსაუბრობთ, აქ საუბარი იყო 3 მილიარდ ევროზე, საერთაშორისო დახმარებას ვგულისხმობ. ეს თანხა 10 მილიარდი ლარია. 10 მილიარდი ლარიდან მხოლოდ 2 მილიარდამდე ლარს რომ ხარჯავ, დანარჩენი სად მიგაქვს?!

კი, ბიზნესსაც უჭირს, მაგრამ ყველაზე ცუდ დღეში ის ადამიანები არიან, რომლებმაც სამსახური დაკარგეს, ასევე ისინი, ვისაც არც მაშინ ჰქონდა სამსახური და ამის პერსპექტივა მინიმუმ ერთი წლით ესპობათ. ამ ხალხმა რა ქნას?! ამ 2 მილიარდიდანაც მხოლოდ ნაწილი ხმარდება მოსახლეობას, 1 მილიარდიც კი არა! დანარჩენი სხვა პროგრამებისთვის არის გათვალისწინებული. ეს ძალიან დიდი შეცდომაა!

– ხელისუფლება კორონავირუსის მონაცემებს მალავს და მარინა ეზუგბაიას წამოცდენაც სწორედ ამას მოწმობსო, აცხადებენ ოპოზიციონერი ლიდერები. თქვენ რას იტყვით ამის შესახებ?

– ერთი კვირის წინ ჩემი სოციალური გვერდი ავაფეთქე იმ მონაცემებით, რომლებიც ოფიციალურად იდებოდა, რომ თურმე საქართველოში ჩატარებული იყო 5.000 საერთო რაოდენობის ტესტი და აქედან მხოლოდ 1.200 იყო ინდივიდუალური, ანუ 5 ათას კაცს ჩაუტარდა ჯამში, ზოგს ორჯერ, ზოგს სამჯერ და ამიტომ მიიღეს 5.000 რაოდენობა ტესტების. წარმოგიდგენიათ, 3,5 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 1.200 ადამიანს ჰქონდა ტესტი ჩატარებული. თავიდან, ალბათ, პანიკის ასაცილებლად, იმ მიზეზით, რომ ეს პანიკა არ გადატეხილიყო ჯანდაცვაზე, არ ჩაატარეს ტესტირებები და მალავდნენ პასუხებს. მათ სურდათ, ინფიცირებულების რაოდენობა არ ყოფილიყო ბევრი და არ გადავსებულიყო საავადმყოფოები დაინფიცირებულებით. ამიტომ იკავებდნენ თავს მასობრივი ტესტირებისგან.

– ახლა რა შეიცვალა?

– ახლა შეიცვალა ის, რომ ეს 6 თვე რამენაირად უნდა გამართლდეს. ეს 6 თვე რომ გამართლდეს, ამისთვის საჭიროა, დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს. ამ რიცხვს გაზრდიან დაახლოებით 1.500 კაცამდე, მერე ნელ-ნელა წამოვლენ ქვევით და ეს დროც გავა. აი, რა არის მათი გეგმა.

მე მინდა, საზოგადოებას გავახსენო ჩვენი ჯანდაცვის მინისტრის არაკომპეტენტური განცხადებები, როდესაც ის ამბობდა, 2.000 სასუნთქი აპარატი გვაქვსო. ახლა გავიგეთ, რომ თურმე 400 გვქონია.

ჯანდაცვის მინისტრი ინფორმირებული არ არის, რა ხდება ქვეყანაში. წარმოგიდგენიათ, რა უსუსურია ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, მაშინ, როდესაც ბიუჯეტიდან ერთ-ერთ ყველაზე დიდ დაფინანსებას იღებს. სად მიდის ამხელა ფული?!

იპოვეს გარღვევა, თუ საიდან შეიძლება ფულის ჭამა და დაასხდნენ წურბელებივით. ამხელა თანხებს ვიხდით ჯანდაცვაში და სახელმწიფოს ჯანდაცვა არ არის მზად იმისთვის, რომ გაუმკლავდეს, პრაქტიკულად, ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას, სეზონური ვირუსის მახასიათებელ კორონავირუსს. ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ კორონავირუსს სეზონურ გრიპზე უფრო დაბალი სიკვდილიანობა და გავრცელების არეალი აქვს.

ღრმად ვარ დარწმუნებული, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად გაკეთდა და ამის აჟიტირება მოხდა.