ლადო სადღობელაშვილი –  „არჩევნების გადადება ახლა ოპოზიციას აწყობს“

ლადო სადღობელაშვილი -  „არჩევნების გადადება ახლა ოპოზიციას აწყობს“„მთავრობის შეღავათები დისკრიმინაციულია“

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს.

– ლადო, პრემიერის განცხადებას, რომელიც მოსახლეობისთვის კომუნალურ გადასახადებზე შეღავათს ეხება, საზოგადოების მხრიდან აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საზოგადოების დიდი ნაწილი საუბრობს, რომ არასამართლიან პირობებში იქნა ჩაყენებული მოსახლეობა. რას იტყვით თქვენ?

– როდესაც ამ განცხადებას მოვუსმინე, კითხვა დამებადა, ნეტა თუ სწორად გავიგე-მეთქი. სერიოზულად დავეჭვდი, ასეთ სისულელეს როგორ იტყოდნენ-მეთქი. როგორც მე მივხვდი, ვინც მხოლოდ 200 კილოვატ ენერგიას წვავს და ვინც 200 კუბურ მეტრ გაზს მოიხმარს, მხოლოდ მათ ეხება ეს შეღავათები. და მე თუ 250 კილოვატს მოვიხმარ, ეს არ მეხება?!

– დიახ ასეა.

– ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მოსახლეობას ხელისუფლება დისკრიმინაციულად ექცევა და პირდაპირ მიუთითებს იმისკენ, რომ ასეთ კრიზისულ მომენტებში შეიქმნეს დემოგრაფიული პრობლემა. სამი ადამიანი რომ ცხოვრობს ოჯახში, ის უფრო ნაკლებს მოიხმარს ელექტროენერგიასაც და ბუნებრივ აირსაც. ნაკლებჯერ ბანაობს, უფრო ნაკლებჯერ ადგამს ქურაზე ჩაიდანს, ვიდრე მრავალსულიანი ოჯახები.

არსებობენ სოციალურად დაუცველები, ვისაც ისედაც აქვთ შეღავათები სახელმწიფოსგან. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ახლა ხდებიან სოციალურად დაუცველები, ამ ორი თვის განმავლობაში. ჩემს ოჯახში ორი პენსიონერი ცხოვრობს, ორი არასრულწლოვანი, მეუღლემ ამ სიტუაციის გამო სამსახური დაკარგა და რეალურად მარტო მე დამრჩა შემოსავალი. ჩვენც სოციალურად დაუცველების კატეგორიაში გადავდივართ და რა გამოდის, რომ ამ თვეების განმავლობაში, ჩვენ სახელმწიფო 30 ლარსაც კი არ გვჩუქნის სულზე?!

– ანუ ეს შეღავათები დიდ ოჯახებზე არ არის გათვლილი?

– ასე გამოდის. დღეს, მე სახელმწიფო მეუბნება, რომ ორი შვილის ნაცვლად უნდა გყავდეს ერთი, პენსიონერი მშობლები არ უნდა ცხოვრობდნენ შენთან და მაშინ ჩაჯდებოდით ამ სტანდარტებშიო. სწორი და სამართლიანი იცით, რა იქნებოდა?!

– რა?

– დავუშვათ მოვიხმარ 400 კილოვატს? ის 200 ჩამოეჭრა სახელმწიფოს, გაეკეთებინა ეს შეღავათი და დარჩენილს მე გადავიხდიდი.

– ანუ ყველასთვის თანაბრად უნდა ჩამოეჭრათ ის 200 კილოვატი?

– დიახ და ეს იქნებოდა სამართლიანი და ეს იქნებოდა არადისკრიმინაციული გადაწყვეტილება.

– უმადურები ხართ, ვინც ამის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებთო, უკვე მოვისმინე ასეთი შეფასებებიც.

– უმადურები და დეგენერატებიც არიან თვითონ! თვითონ აქვთ იმხელა შემოსავალი, რომ სულ ერთ ადგილას ჰკიდიათ, ეს შეღავათი იქნება თუ არა დაწესებული. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრია ისეთი ოჯახი, ვინც კვირიდან კვირამდე თითო ლარს ითვლის და ეს სწორედ ამ ხელისუფლების დამსახურებაა. ხელისუფლებას არ შეუქმნია სამუშაო ადგილები, რომ ხალხი დასაქმებულიყო.

მაპატიეთ ამ ჟარგონისთვის, მაგრამ იცით, რა გამოდის, რომ „მაზოლზე“ წიხლს გვაჭერენ. იმ მტკივნეულ ადგილას გვირტყამენ, სადაც ყველაზე მეტად გვტკივა. არ ჭამოთ, არ იბანაოთ, არ გათბეთ და მოკვდით და ჩაძაღლდით ცოცხლადო.

სააკაშვილი იცით როგორ იქცეოდა? სულზე აკეთებდა 20 ლარიან ვაუჩერს. ამათმა კი რა ქნეს, რა არის, ეს რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ?! მე მაინც ვიმედოვნებ, რომ ეს დაიხვეწება და ცოტა აზრზე მოვლენ.

უკვე ისე არიან დაღორებულები, რომ ვერ საზღვრავენ იმას, ვის უჭირს და ვის არ უჭირს. ეს ყველაფერი შეუტრიალდებათ მათ!

– აცხადებთ, მათვე შეუტრიალდებათო, თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ ხელისუფლება ამ ნაბიჯებით ქულებს იწერს წინასაარჩევნოდ.

– შეიძლება ჯანდაცვის მხრივ რაღაც გაფართხალდნენ, თუმცა ჯანდაცვაშიც სერიოზული  გარღვევები აქვთ, როგორც მე ვხედავ. თუნდაც იგივე ტესტებთან დაკავშირებით. ჩვენმა ხელისუფლებამ მოსახლეობა მიაგდო ბედის ანაბარა. თან ეუბნება, ახლა როგორც გინდათ ისე გამოძვერით ამ სიტუაციიდან და რომ გამოძვრებით, მერე ისევ ჩვენ დაგვიჭირეთ მხარიო. ვერ მივართვით! აი, ასე ვეტყვი.

– ტესტებზე დიდი ამბავი იყო ატეხილი გასულ კვირას. თქვენ რა გარღვევებზე საუბრობთ?

– ამ დღეებში მე გადავიტანე სეზონური ვირუსი. მქონდა 38-მდე სიცხე და გამიჩნდა იმის შეგრძნება, რომ კორონავირუსი ხომ არ ავიკიდე-მეთქი. ჩემს ოჯახში არიან უფროსი თაობის წარმომადგენლები და მათ გამო უფრო შემეშინდა. დავრეკე 115-ში, 115-მა გადამამისამართა ოჯახის ექიმთან. ოჯახის ექიმმა მითხრა, რომ იცი რა, ერთი კვირა შენ კარანტინში ჩაჯექი, ვეუბნები, რომ ერთი კვირაა, ისედაც ვზივარ ამ კარანტინში, მაგრამ ეს გაუგებარია მათთვის. დაწერილი ტექსტი აქვთ და რაც უწერიათ ფურცელზე, იმას კითხულობენ ყველა პაციენტის მიმართულებით. ე.ი. შეხება თუ არ გქონდა და მოგზაურობის ისტორია, მაშინ მე არ მეკუთვნის ლუგარში ტესტის ჩაბარება.

– ახლა უკვე შიდა გავრცელებაა დაწყებული და…

– მეც სწორედ მანდ ვარ. თან იმას გვეუბნებიან, რომ შიდა გავრცელებაა და თან მოგზაურობის ისტორია თუ არ გაქვს, სახლში ჩაჯექიო. ეს რა მიდგომებია. მე არ მინდა ისე გამომივიდეს, რომ ნაცმოძრაობის მხარდამჭერი ვარ, არა, ბატონებო, არ ვარ, არც არასდროს ვყოფილვარ და ღმერთმა დამიფაროს. მარტო ნაცმოძრაობამ კი არ გაავრცელა ეს ინფორმაცია სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით. ეს ხალხმა თქვა და მოითხოვა. ვინც აზროვნებს ყველამ თქვა. გერმანია ამით გადარჩა, იმით, რომ სწრაფი ტესტები დაუშვა თავიდანვე. იანვრის ბოლოდანვე დაუშვა სწრაფი ტესტები. სწორედ ამიტომ არის, რომ ევროპაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სიკვდილიანობის.

ხელისუფლება რომ ბლოკავს უკვე თვეზე მეტია ამ სწრაფ ტესტებს, მიჩნდება ეჭვი იმისა, რომ შეგნებულად ბლოკავს.

– ეს რაში ჭირდებათ?

– პირველი, არ უნდა იმიტომ, რომ გაჟღერდეს, რომ საქართველოს  რეალურად მოედო ეს პანდემია, ამის დამალვას ცდილობენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ძალიან ბევრმა გადაიტანა მსუბუქ ფორმაში და ამას არც მიაქცია ყურადღება. მხოლოდ ერთეულებს გაურთულდათ და ის ერთეულები აღმოჩნდნენ საავადმყოფოში. არ უნდათ ამის გამჟღავნება.

– რატომ არ უნდათ?

– იმიტომ, რომ არა აქვთ შესაბამისი ჯანდაცვა, რომ ამ ხალხს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ.

სწორედ აქ დაინახეს საფრთხე, რომ მე რომ აქ 2 ათასი კაცი მომასკდეს, მედპერსონალი არ მყავს და როგორ მოვუარო მათ. ამიტომაც აკრძალეს ეს სწრაფი ტესტები და მკურნალობენ მხოლოდ მძიმე პაციენტებს.

გააჩერეს ყველაფერი, გაჩერდა სახელმწიფო, მაგრამ მერე რას შვრებიან? მერე სად დაემალებიან ამდენ გაღარიბებულ და გაჭირვებულ ადამიანს. ამ ქვეყანაში ცხოვრება აღარ უნდათ?!

– ამ ფონზე გამუდმებით ისმის კითხვა, სად არის ბიძინა ივანიშვილი, რატომ არ ჩანს?

– მე არ მესმის ამ ხალხის, ვინც ბიძინა ივანიშვილს კითხულობს. რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?! ბიძინა ივანიშვილი გამოვა ტელევიზიით თუ არა, ჩემთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ივანიშვილი არც ჩვენი სულიერი მამაა და არც _ დაქირავებული მოხელე.

– ხალხი მას აღიქვამს რეალურ მმართველად.

– ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე. მისი პასუხისმგებლობა, რაც ხალხის წინაშე აქვს აღებული, გამოიხატება იმ მთავრობაში, რომელიც დღეს არის.

მის გამოსვლას აჯობებს, პატრიარქი გამოვიდეს ხოლმე ხშირად, ამას უფრო დიდი დატვირთვა აქვს ჩემთვის. რისთვის გვინდა ბიძინას გამოჩენა, ფული რომ გვაჩუქოს?! გამოჩენის გარეშეც შეუძლია ეს.

– არჩევნებს ძველი სისტემით ჩაატარებენ თუ გადაწევენ თარიღს?

– ბიძინა ივანიშვილმა ძალიან კარგად იცოდა უკვე იანვრის თვეში, რომ ეს ვირუსი ჩვენც შემოგვიტევდა და ეს კრიზისი ჩვენთანაც დადგებოდა. მან ყველაფერი გათვალა და სწორედ ამიტომაც დაიწყო დათმობა.

იანვრამდე “ოცნების” განცხადებები იყო ძალიან ხისტი და იანვრის ბოლოდან კი ეს მიდგომა შეიცვალა და წავიდნენ დათმობაზე. ზოგმა ეს ამერიკის სენატორებს დააბრალა, ხომ გავიგეთ, რაც ყოფილა რეალური მიზეზი?! ივანიშვილმა იანვრის ბოლოდან უკვე იცოდ,ა რომ ეს კორონავირუსი თავის ეფექტს გამოიღებდა მსოფლიო დონეზე და ამიტომაც წავიდა ამ დათმობებზე. კიდევ ერთი ტრიუკი ჩაუტარა ოპოზიციას.

რა არჩევნები უნდა ჩატარდეს, სრულიად არათანაბარი პირობებია. ფული მხოლოდ “ოცნებას” აქვს და ბოლო ერთი თვეა და ალბათ ასე იქნება რამდენიმე თვე, მხოლოდ ხელისუფლება ჩანს ტელეეკრანებზე. არჩევნებსაც ის იგებს, ვინც ხშირად ჩანს და ვისაც ბევრი ფული აქვს.

ასე რომ, არჩევნების გადადება ოპოზიციას ნამდვილად უნდა აწყობდეს. რომელი ჭკუათმყოფელი პარტია წაყვება ამ პირობებში არჩევნებზე. პირველ რიგში ოპოზიცია უნდა იყოს წელს არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი. თუ ტვინი შერჩა.

ამ მომენტისთვის ხელისუფლება ოპოზიციას მაგრად უგებს. ამიტომ ძველი სისტემით იქნება თუ ახალი სისტემით, ამას არსებითი მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან ოპოზიცია მაინც წააგებს!