ლადო სადღობელაშვილი – „მთავრობას უნდოდა, რომ პატრიარქს აღდგომაზე ხალხისგან სახლში დარჩენა მოეთხოვა“

ლადო სადღობელაშვილი - „მთავრობას უნდოდა, რომ პატრიარქს აღდგომაზე ხალხისგან სახლში დარჩენა მოეთხოვა“

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ “ახალი თაობის” კითხვებს ლადო სადღობელაშვილი პასუხობს. ინტერვიუ სააღდგომო ლიტურგიის ჩატარებამდეა ჩაწერილი.

– ლადო, ბოლო დღეებში იყო მოლოდინი, რომ სააღდგომოდ ტაძრები დაიხურებოდა. თუმცა მოვისმინეთ პრემიერის განცხადება, რომ მოსახლეობის კეთილგონიერების იმედი აქვს და ტაძრები არ დაიხურება. რას იტყვით თქვენ?

– სიმართლე გითხრათ, მე არც მჯეროდა, რომ ასეთი ბრძანება გაიცემოდა, რომ ტაძრები დაიხურებოდა. ეს არსად არ მომხდარა, არც ერთ ქვეყანაში და ჩვენთან რატომ უნდა მომხდარიყო?!

– სახიფათო ფაზაში შევდივართ და შესაძლოა სწორედ ახლა იყოს პიკი და აფეთქება.

– კორონავირუსის კუთხით, მსოფლიოში ყველაზე კარგ მდგომარეობაში ჩვენ ვართ. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, რომელმაც დახურა ჩინეთთან მიმოსვლა. ასევე ირანთან მიმოსვლა, იტალიასთან მიმოსვლა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ კატასტროფულ შედეგებს არ უნდა ველოდოთ.

მე აქ ყველაზე მეტად გული მწყდება თვითონ მიდგომაზე აღდგომის მიმართ. აღდგომა სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაულია. ძალიან ბევრი პროფესიის ადამიანისთვის არის დაშვებული მუშაობა. ასევე ასობით და ათასობით ადამიანი შედის იმ ჰიპერმარკეტებში, სადაც სულ ჭედვაა და იქ თუ არ არის საშიში, რომ დაინფიცირდებიან, მაინცდამაინც ეკლესიაა ასეთი საშიში?! მარტო ეკლესიაში მისვლა არ შეიძლება თურმე.

– ლადო, აქამდე არ ყოფილა შემთხვევა, მაგრამ ორი დღის წინ სასულიერო პირიც დაინფიცირდა, ასევე საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელი. იქნებ ამიტომ მოუწოდებენ მრევლს მეტი სიფრთხილისკენ?

– ახლა რა ვქნათ, ამის გამო ეკლესიები დავხუროთ და აღარ ვიაროთ ეკლესიებში?! ეს ხომ არალოგიკურია. კი ბატონო, გასაგებია, რომ სასულიერო პირს დაუდასტურდა, მანამდე ჯარისკაცს დაუდასტურდა, კიდევ უფრო ადრე დაცვის წევრს, ექიმს დაუდასტურდა… ასე შეიძლება ყველა პროფესიის წარმომადგენელს დაუდასტურდეს კორონავირუსი და აქედან გამომდინარე რა გავაკეთოთ? მოდი მაშინ და სასწრაფო აღარ გამოვიძახოთ, რადგან ექიმს დაუფიქსირდა კორონავირუსი?! ასეთი მიდგომა ხომ არ შეიძლება?!

მე მიმაჩნია, რომ სწორედ ხალხის სურვილზე უნდა იყოს მიშვებული აღდგომის დღესასწაული. იგივე ჟურნალისტების მხრიდან ეს ყოველდღიური თავდასხმა ეკლესიაზე უნდა შეწყდეს! ამ შემთხვევაში რამდენიმე ტელევიზიას ვგულისხმობ. ბოლო პერიოდია, მთავარ ამბად მხოლოდ ეს აქვს ზოგიერთ ტელევიზიას გამოტანილი, რომ სასულიერო პირს ვირუსი დაუდასტურდა.

– ლადო, ამით რისი თქმა გსურთ, რომ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს?

– ასეა. მთავრობის წარმომადგენლები როგორც კი შეხვდნენ საპატრიარქოში პატრიარქს და ვერ მიიღეს მისგან თანხმობა, წამოვიდა ეს კამპანია.

– საკმაოდ ხანგრძლივი მოლაპარაკებები მიმდინარეობდა…

– დიახ, მეც მაქვს ეს ინფორმაციები. თუმცა ვერ მიიღეს პატრიარქისგან თანხმობა და სწორედ ამის შემდეგ წავიდა მიზანმიმართული პრესინგი მთავრობის მხრიდან. ტელევიზიების უმეტესობა მთავრობის ინტერესების გამტარებელია. ის ტელევიზიები, რომლებიც ასე თავდასხმას ახორციელებენ ეკლესიაზე, პირდაპირ გეუბნებით, არიან სახელმწიფოს მხრიდან მომართულები.

ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, წავა თუ არა ტაძარში. პირადად მე თუ წავედი, არც ვაპირებ კანონის დარღვევას და ვინც წავა, ყველა ასე მოიქცევა. ტაძარში ყველა ზედმიწევნით იცავს წესებს და დისტანციას. ნეტა ასე სხვა დაწესებულებებში იცავდნენ.

– თუმცა ვნახეთ, რომ ბზობაზე არც ისე კარგი სიტუაცია იყო…

– კი, შესაძლოა, რამდენიმე ტაძარში იყო უწესრიგობა, მაგრამ ძალიან ბევრგან სამაგალითო წესრიგი იყო.

– ლადო, რა ულტიმატუმი წაუყენა ხელისუფლებამ საპატრიარქოს და რა პასუხი მიიღო? ტაძრების დაკეტვაც მოითხოვეს?

– არა, აქ საუბარი არ ყოფილა ტაძრების დაკეტვაზე. ღმერთმა დაგვიფაროს ტაძრის დაკეტვისგან. ასეთი ბრძანება კომუნისტებს არ გაუციათ. ასეთი რამ რომ ვინმემ იკადროს, ჩათვალეთ, რომ დამთავრებულია იმ ხელისუფალის საქმე.

აქ საუბარი იყო იმაზე, რომ პატრიარქი უნდა გამოსულიყო და ხალხისთვის გაეკეთებინა მოწოდება, სახლში დარჩენილიყვნენ, არ მისულიყვნენ ტაძრებში და ასე ჩატარებულიყო აღდგომა, მაგრამ ამაზე მიიღეს უარი.

ცხადი იყო, რომ პატრიარქი და მღვდელმთავრები ამ მოწოდებას არ გააკეთებდნენ და ამაზე ვერ შეთანხმდნენ. თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანია ერთდროულად დიდ ჰიპერმარკეტებში. იქ არ არის საფრთხე დაავადების და ვირუსის გადადების?! თუნდაც ავიღოთ კარფური. ასობით ადამიანი დგას იქ ერთ სივრცეში და იქ არ არის იმის ალბათობა, რომ დაინფიცირდეს ხალხი?! მაშინ რატომ არ ხურავენ კარფურს?! ყველა პატარა მაღაზიები დახურეს და კარფურს არავინ ეხება.

– ლადო, თავად გადახვედით ამ თემაზე და აქვე გკითხავთ. გამოიკვეთა ვიწრო ბიზნესინტერესები, ხდება ბიზნესების გამსხვილება, საშუალო და მცირე ბიზნესის ჩაძირვა. ასეა?

– ზუსტად ასეა! თითქოს კონცენტრირება ხდება რომელიღაცა ბიზნესზე. თუნდაც ავიღოთ ჰიპერმარკეტები. ვერ ეხებიან ორ ნაბიჯს და ვერ ეხებიან კარფურს. მიუხედავად იმისა, რომ ორი ნაბიჯი პატარა მაღაზიების ქსელია, მაინც ვერ ეხებიან. ამის მიზეზი იცით, რა არის?!

– რა?

– არის საუბარი იმაზე, რომ ივანიშვილის ოჯახის წევრების არის ეს ქსელი და ვერ ეხებიან ორ ნაბიჯს. ორ ნაბიჯს რომ ვერ ეხებიან, სწორედ ამიტომ ვეღარ ეხებიან ნიკორას და სპარს, რომ მერე არ ატყდეს ამაზე დიდი ამბავი.

ამ ინფორმაციას რომ არ გაეჟონა ორ ნაბიჯზე, მე დარწმუნებული ვარ, რომ ნიკორაც დაიხურებოდა და სხვა პატარა ქსელური მარკეტებიც. სხვადასხვა სადეზინფექციო მაღაზიებს რომ ხურავენ, იგივე სუფთა სახლს, ესეც ხომ ნიშანია იმის, რომ ხალხს შეგნებულად აიძულებენ, რომ, მაგალითად, წავიდნენ და იყიდონ კარფურში.

გაუგებარ რაღაცეებს სჩადიან. მთელ მსოფლიოში, ყველგან შეიძლება პარკებში სეირნობა, საქართველოში არ  არის ეს დაშვებული. ჩვენ პრაქტიკულად პატიმრებზე უარეს დღეში გვაგდებენ. გამოკეტილები ვართ ჩვენს სახლებში.

– დარჩი სახლში სწორედ ამას გულისხობს…

– ასეც არ შეიძლება, მზის სხივი თუ არ მოხვდა ადამიანს, დე ვიტამინს ვერ გამოიმუშავებს. დე ვიტამინი, ისევე, როგორც ცე ვიტამინი, აუცილებელია ადამიანის იმუნიტეტისთვის. ეს როგორ უნდა გამოვიმუშავო, თუ მზეზე გასვლა არ შემიძლია?!

– ეს რომ დაუშვან, ხალხმრავლობა იქნება და ვირუსიც მარტივად გავრცელდება.

– აბა ცოტა ჰაერის შესუნთქვა არ გვჭირდება?! ძალიან ბევრი უაზრო რეგულაციებია. ჩვენ ოთხნი ვართ ოჯახში და ერთ ავტომობილში სამზე მეტის ჩაჯდომა არ შეიძლება, რა ვქნათ?! კარგი, ეს გადავყლაპე, გადავყლაპე ისიც, რომ 9-ის მერე კომენდანტის საათია, თუმცა ესეც გაუგებარია, რაში სჭირდებოდათ კომენდანტის საათის შემოღება, მაშინ როდესაც ნახევარი თბილისი მაინც მოძრაობს. იმიტომ მოძრაობს, რომ ე.წ. ნარუშილოვკები ამათ ნათესავებს აქვთ ისევ და ამათი შვილები და შვილიშვილები და მეგობრები მოძრაობენ ღამის თბილისში.

– ამაზეც მოქმედებს სანაცნობო წრე?

– რა, არ იცოდით?! 10 დღის წინ, არ დავასახელებ შეგნებულად გამგეობას, ერთ-ერთი გამგეობის წევრი ქალბატონი, რომელიც იმ გამგეობაში არ წარმოადგენს არაფერს, არ არის მაღალ დონეზე მომუშავე ადამიანი, არის რიგითი საბუთების ჩამბარებელი, აი, ეს ადამიანი დავინახე, ფოტოებით თავს იწონებდა ღამის პირველ საათზე ერთ-ერთ უბანში. თანაც ფოტოებს ზემოდან ეწერა, დარჩი სახლშიო! ღამის პირველ საათზე ფოტოს დებს და იძახის, დარჩი სახლშიო. დაგვცინიან თუ რა ხდება, ვერ გავიგე?!

ამის შემდეგ მივყევი და გადავედი რამდენიმე პარლამენტარის და მინისტრის შვილების ფეისბუქგვერდებზე.

– არც ისინი იცავენ შემოღებულ წესებს?

–  ხომ იცით, თბილისია და აქ არაფერი არ იმალება. მქონდა გარკვეული ინფორმაციები და გადავამოწმე. რას ვხედავ, ეს პატარა გოგო-ბიჭები, რომლებიც ზოგი ამის შვილია, ზოგი იმის, ზოგიც ახლობელ-მეგობარი, არაფერს არ წარმოადგენენ, მაგრამ მათ აქვთ იმის უფლება, რომ ღამე იმოძრაონ ქუჩში. ჩვენ კი 5 წუთი თუ გადაგვიცდა 9 საათს, 3 ათასი ლარით გვაჯარიმებენ. ამიხსნას ვინმემ, რატომ დააწესეს ეს კომენდანტის საათი, კაფეში წავიდოდით თუ რესტორანში? ხომ ვიცით, რომ ყველაფერი დაკეტილია. მართლა ვერ გავიგე აზრი, რაში სჭირდებოდათ კომენდანტის საათის დანიშვნა.

– საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 10 მაისამდე გახანგრძლივდა. რამდენად გვიშველის ეს შეზღუდვები და რეგულაციები?

– სანამ ამაზე ვისაუბრებ კიდევ ერთ საინტერესო დეტალს მინდა რომ შევეხო. კვირა საღამოს რომ შევხედე კორონავირუსით დაავადებულთა სტატისტიკას, იყო 240 ადამიანამდე. 15 აპრილს დილით კი უკვე 306 იყო-.

– ამით რისი თქმა გსურთ?

– ამით იმის თქმა მინდა, რომ ბოლო სამ დღეში მიზანმიმართულად დაამძიმეს სიტუაცია, რომ ხალხი დააშინონ. ხაზგასმით ვამბობ, რომ სტატისტიკის რაოდენობა შეგნებულად გაიზარდა. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ჩვენ არ გამოვთქვათ პრეტენზია იმაზე, რომ გაახანგრძლივეს საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი, არ გამოვთქვათ პრეტენზია, რომ ჩაიკეტა დიდი ქალაქები.

– რას ნიშნავს მიზანმიმართულად დაამძიმეს? იმალებოდა აქამდე სტატისტიკა თუ გაბერილია ეს რიცხვი?

– მე რისი თქმა მინდა იცით, რომ ადრე არ ხდებოდა ხალხის დატესტვა, როცა დატესტვა არ ხდება, ვერც გამოავლენ დაავადებულს. ახლა კი შეგნებულად კეთდება ეს ყველაფერი, რომ რაც შეიძლება მეტი გამოავლინონ და გაამართლონ საკუთარი ქმედებები. სხვანაირად როგორ შეიძლება ორ დღეში ასე გაზრდილიყო მაჩვენებელი?!

ახლა გადავიდნენ ფსიქოლოგიურ ტერორზე. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ აღდგომამდე გარდაცვლილთა რიცხვიც გაზარდონ. ეს კი სჭირდებათ პანიკის შესაქმნელად, რომ ხალხი სახლებში გამოამწყვდიონ და აღდგომას არავინ გაბედოს ტაძარში წასვლა.

ესენი რატომ წელავენ ასე საგანგებო მდგომარეობას, როცა პირველ მაისს ამერიკა ხსნის ამ შეზღუდვებს, მაშინ როცა საფრანგეთი გადადის ჩვეულ რეჟიმში და სკოლებს და საბავშვო ბაღებს ხსნის. ჩვენთან კი იმის მაგივრად, რომ ნელ-ნელა მოიხსნას შეზღუდვები, პირიქით გვიხანგრძლივებენ. სკოლაზე კი საუბარი საერთოდ არ არის. გამოკეტეს ბავშვები სახლში. საშინელებაა დისტანციური განათლების მეთოდი! აი, ასეთ დღეში უნდა გვამყოფონ და რატომ აწყობთ ეს ყველაფერი?!

– რატომ?

– ეს ყველაფერი პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე ხდება. ბიზნესი და პოლიტიკა. ეს ორი ბმაშია ერთმანეთთან. აქ იმხელა ფული კეთდება, რომ შესაძლოა ზოგმა არც იცოდეს, რა ხდება. გამოგვკეტავენ 9 საათზე სახლში და მერე რა შავბნელი საქმეები იხლართება, კაცმა არ იცის!

იგივე კარფურის თემაც. წარმოგიდგენიათ, ბაზარი დახურეს და კარფური ღია დატოვეს. იქ სუფთა ჰაერზე მაინც იყიდება პროდუქტი. აქ კი ამ დახურულ სივრცეში ამდენი ხალხია. კარფურში უფრო დიდი არ არის იმის ალბათობა, რომ დაავადდე?!

სამწუხაროდ, ასეთი მიდგომები გვაქვს. რასაც უნდათ, იმას აკეთებენ. ხომ ვნახეთ, სათავისოდ იყენებენ ამ სიტუაციას. იქ ოქრუაშვილს შეუფარდეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. ხალხს არ აქვს საშუალება, რომ გამოვიდნენ და გააპროტესტოს ეს ყველაფერი.  აი, ასეთი საქმეებისთვის ჭირდებათ. მაქსიმალურად იწელება დრო და ასეთ დროს უფრო მეტი პიარი მოდის ხელისუფლების წევრებზე, ვიდრე ოპოზიციაზე.

ხელისუფლება ამ დროს სათავისოდ იყენებს.