ლაშა ჩხარტიშვილი – “1.000 ლარი ყველა ოჯახზე უნდა გაიცეს, ვისაც 40 ათას ლარზე ნაკლები წლიური შემოსავალი აქვს»

ლაშა ჩხარტიშვილი - "1.000 ლარი ყველა ოჯახზე უნდა გაიცეს, ვისაც 40 ათას ლარზე ნაკლები წლიური შემოსავალი აქვს»ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში პრემიერ გიორგი გახარიას მიერ გახმოვანებულ სოციალური მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრობს.

– ლაშა, როგორ აფასებთ მთავრობის სოციალური მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს? 

– ჩვენ ვითხოვდით კომუნალური ვაუჩერების გაცემას მოსახლეობისთვის და ფულად კომპენსაციას. კარგია, დაგვიანებით, მაგრამ მაინც დაიძრა ყინული. ჩვენ ოჯახზე ათასლარიან დახმარებას ვითხოვთ. ამ მიმართულებით ბრძოლა მოგვიწევს. რაც შეეხება კომუნალურ ვაუჩერებს, ისინი კარგია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი.  განსაკუთრებით დენის ნაწილში. ვისაც გაზი არ აქვს და ასეთი ბევრი ოჯახია, ის დენით თბება. ამიტომ, ვითხოვთ ამ მიმართულებით პოზიციის გადახედვას. დენის ნაწილში გაზრდა უნდა მოხდეს.

რაც შეეხება ფულად კომპენსაციას, აუცილებელად უნდა გაიცეს.

– ვისზე? 

– 1.000 ლარი ყველა ოჯახზე უნდა გაიცეს, ვისაც 40 ათას ლარზე ნაკლები წლიური შემოსავალი აქვს. ხელისუფლებას შეუძლია ამ თანხის გამონთავისუფლება. არსებული რეალობიდან გამომდინარე საკამათო პროექტები უნდა გაუქმდეს და ეს ფული ხალხს უნდა მოხმარდეს.

თუ ეს არ მოხდება, მაშინ ერთდროულად მოხდება ქვეყანაში სოციალური და ეპიდემიური აფეთქება. ადამიანები შიმშილის ზღვარზე არიან და მათ მხოლოდ ვაუჩერები ვერ უშველით, თუმცა, ეს რასაკვირველია წინგადადგმული სწორი ნაბიჯია. ბიუჯეტში ფული არის და ეს ფული პირველ რიგში ადამიანებს უნდა მოხმარდეს და არა _ იმ საკამათო პროექტებს, რომელთა მიმართაც უამრავი კითხვა ისმის.

ადამიანები არ უნდა დარჩნენ არჩევანის წინაშე _ ინფიცირება თუ შიმშილი! ამიტომ არის საჭირო ფულადი კომპენსაციების დროულად გაცემა.

– შს მინისტრი გომელაური აცხადებს, რომ საპატრიარქოსთან კოორდინაციით დაიგეგმება აღდგომის დღესასწაული. რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, თქვენ რას ურჩევდით?  

– სანამ ეპიდემიური ვითარება არ გამოსწორდება ყველა სახის შეკრება უნდა იყოს თავიდან აცილებული. ეს ეხება რელიგიურ რიტუალებსაც. ასევე, როგორც ეპიდემიოლოგები აცხადებენ, ერთი კოვზით ზიარება სახიფათოა ვირუსის გავრცელების კუთხით. თეოლოგი არ ვარ, მაგრამ აქ მთავარი კოვზის იდეა კი არ არის, მთავარი ღვინო და პურია ანუ ქრისტეს სისხლი და ხორცი. ამიტომ, უკიდურესად სახიფათო მგონია ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ეს ყველაფერი.

ხელისუფლებას კი ვურჩევდი, კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს, ყოველგვარი გამონაკლისების გარეშე! არ შეიძლება ვხედავდეთ ერთი მხრივ,  როგორ აკავებენ მაგალითად, გოგი წულაიას მხოლოდ იმისთვის, რომ ბრიფინგი ჩაატარა, რომლითაც სავალუტო ჯიხურების დახურვა გააპროტესტა და მეორე მხრივ კანონით აკრძალული იყოს სამ ადამიანზე მეტის შეკრება და ათობით ადამიანი იყრიდეს თავს ერთ სივრცეში.

ეს არის ორმაგი სტანდარტი, სხვა კი არაფერი. ბრიფინგების აკრძალვამდეც მივიდა ხელისუფლება. თუ ორმეტრიანი დისტანცია იქნება დაცული, მასშინ საპროტესტო აქციაც იყოს დაშვებული.

– საგანგებო მდგომარეობის დროს პროტესტის უფლება აკრძალულია. ასეთია განმარტება.

– ეს დათქმაა, ასე ჩაწერეს დადგენილებაში. ეს ძალიან ცუდ ეჭვებს ბადებს, მითუმეტეს გოგი წულაიას დაკავების შემთხვევაში. ვეჭვობ, ეს არ იქნება ბოლო. შეიძლება მეც აღმოვჩნდე ანალოგიურ ვითარებაში.

ბრიფინგის აკრძალვას მე ნამდვილად არ ვაპირებ შევეგუო. მაშინ, გამოდის, რომ სიტყვის თავისუფლება იზღუდება. არადა გვითხრეს, სიტყვის თავისუფლებას არანაირი შეზღუდვა არ ეხება. შემოვლითი გზით, როგორც ჩანს, ამას გვიკრძალავენ.

რასაკვირველია, სოლიდარულები უნდა ვიყოთ იმ ადამიანების მიმართ, ვინც რეალურად ეპიდემიას ებრძვის, პირველ რიგში ექიმებს, პროფესიონალებს ვგულისხმობ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გადამეტებული უფლებები მივცეთ ან პრემიერს ან მთავრობის რომელიმე წევრს.

ამის ნიშნები გამოჩნდა, როდესაც პრემიერი გახარია საჯარო ინფორმაციის გაცემაზე, საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს ამბობდა. გეგონება, თუ ტესტებზე ინფორმაციას დამალავს, ტესტების რაოდენობა გაიზრდება ან პირიქით დაიკლებს ქვეყანაში.

რაც მეტი კრიტიკა იქნება კანონისა და ლოგიკის ფარგლებში, მით უფრო იძულებული იქნება მთავრობა, ფორმაში იყოს, იყოს უფრო მობილიზებული და უფრო მეტი აკეთოს. არ მოდუნდეს. ვერ ხვდებიან, რომ ჯანსაღი კრიტიკა პირიქით, საშური საქმეც კია. ისე არ უნდა მოხდეს, რომ ჩვენ ხელიდან მთავრობა, ხელისუფლება გამოგვეცალოს, რომელიც ხალხს ემსახურება და მივიღოთ ავტორიტარიზმი.

აქვე არ შემიძლია არ ვიკითხო: რას ემსახურება ღამის კომენდატის საათი?! თუ დღეს არ ეხება შეზღუდვა, ღამეს რატომ ეხება?! მე იმედი მაქვს, რომ საპატრიარქო შექმნილი ვითარების უფრო ადეკვატური გახდება და მთავრობას არ მოუწევს ასეთი შემოვლითი გზებით სიარული.