ლენტეხი მთლიანად ჩაიკეტა

ლენტეხი მთლიანად ჩაიკეტამთავრობის გადაწყვეტილებით, ლენტეხი საკარანტინო ზონად გამოცხადდა და ჩაიკეტა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჩიქოვანის თქმით, ლენტეხში დაწესდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც ბოლნისისა და მარნეულში მოქმედებს.

„დღეს ლენტეხის რაიონში დაფიქსირდა შიდა გადაცემის ოთხი ახალი ფაქტი, რაც გვაძლევს იმის გათვლის საშუალებას, რომ ჩვენ უფრო ოპერატიული და პრევენციული ღონისძიებები ჩავატაროთ ამ რაიონში. შესაბამისად, ეპიდემიოლოგების და მედიკოსების რჩევით, ასევე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდეს სრული კარანტინი, რაც გულისხმობს იმას, რომ ლენტეხის რაიონში ამოქმედდება ზუსტად ის რეჟიმი, რაც დღესდღეობით არის ბოლნისისა და მარნეულის რაიონებში. ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შევზღუდოთ შიდა გავრცელება და, შესაბამისად, არ მოხდეს ამ კერის უფრო გაფართოება“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ლენტეხის რაიონის შესასვლელ პუნქტებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალები გააკონტროლებს. ადგილზე მხოლოდ ადგილობრივი მედიასაშუალებები დაიშვებიან.

„დღეიდან, საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების გარდა, ლენტეხში აკრძალული იქნება შესვლა და გამოსვლა. მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას ექნება საშუალება, რომ გადაადგილდეს იმ აუცილებელი საჭირობებისთვის, როგორიც არის საკვების, წამლების შეძენა ან სამედიცინო მომსახურების მიღება.

ისევე, როგორც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში, სპეციალური პროტოკოლის გათვალისწინებით და სპეციალური რეჟიმის დაცვით ამ რაიონის მოსახლეობას ექნება საშუალება, აწარმოონ საგაზაფხულო სამუშაოები.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ლენტეხის რაიონში იმოქმედებენ ადგილობრივი მედიასაშუალებები, ხოლო სხვა მედიასაშუალებებს, ისევე როგორც ბოლნისსა და მარნეულში, საშუალება ექნებათ, გამოიყენონ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოწოდებული მასალა.

ბოლნისის და მარნეულის მსგავსად, ლენტეხის რაიონის შესასვლელ პუნქტებს გააკონტროლებს შინაგან საქმეთა სამინისტრო და თავდაცვის ძალები“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, დაწყებულია აქტიურო თერმოსკრინინგიც.

„ასევე უკვე დაწყებულია ადგილზე აქტიური თერმოსკრინინგი, რომელშიც მონაწილეობენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სამედიცინო პერსონალი. მოხდება თითოეული მოქალაქის შემოწმება და შესაბამისად გამოვლენა, ვინაიდან იცით, რომ ამ ღონისძიებებმა ძალიან დადებითი ეფექტი გამოიღეს ბოლნისის და მარნეულის შემთხვევაში,“ – განაცხადა ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ ლენტეხში კორონავირუსით ინფიცირების სულ 5 შემთხვევა გამოვლინდა. თავდაპირველად, 8 აპრილს კოვიდ19-ით ინფიცირება 53 წლის მამაკაცს დაუდგინდა, რომელიც ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში გადაადგილდებოდა. დღეს კი ლენტეხის მუნიციპალიტეტში კიდევ 4 შემთხვევა გამოვლინდა, რომელთა შორის 1 არასრულწლოვანია.