ლევან ალაფიშვილი – “არჩევნები შეიძლება დეკემბრის ბოლოს ჩატარდეს”

ლევან ალაფიშვილი - "არჩევნები შეიძლება დეკემბრის ბოლოს ჩატარდეს"ნათია ხურცილავა, ახალი თაობა

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

– ბატონო ლევან, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე ოპოზიციამ არგუმენტები მოითხოვა. ასეთ დროს, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის მხარდაჭერა?      

– ნებისმიერი კრიზისის დროს, მარტოდ დარჩენილი, ყველასგან გამიჯნული მთავრობა, წარუმატებლობისთვის არის განწირული. კონსოლიდაცია, გახსნილობა და ამით თუნდაც საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გადანაწილება, სხვაზე გადანაწილებაც კი, არის ყველაზ გონივრული გადაწყვეტილება!

პირველი: ამით უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალობა, ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათთვის ვისაც ამის სურვილი და მზაობა აქვს. მეორე, ამით გამოირიცხება შეცდომები და სუბიექტური გადაწყვეტილებები.

მაგალითად, მთავრობის მიერ შექმნილმა სისტემამ ვიღაცეებს მისცა საშუალება, რომ კანონს მიღმა დამდგარიყვნენ. დღეს, ვიღაცეებმა “იჩალიჩეს” და სრული კარანტინის პირობებში ვხედავთ, როგორ დადიან მანქანებით. მსგავსი არაერთი მაგალითის დასახელება შეიძლება.

– თქვენ პოლიტიკური კონსენსუსის მნიშვნელობაზე საუბრობთ?   

– რასაკვირველია, რაც ასეთი მნიშვნელოვანია ამ დროს. მთავრობა უნდა იყოს მოწადინებული, რომ პოლიტიკური მმართველობა დააფუძნოს კოალიციურ მოდელზე. მე არ ვსაუბრობ მომავალზე, დღესვე უნდა გააკეთოს ეს მოქმედმა ხელისუფლებამ.

– ეს რამდენად შესაძლებელია ჩვენი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით? 

– თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რამდენიმე პოლიტიკურ ძალას, გნებავთ ლიდერს საჯაროდ აქვს გაცხადებული მთავრობასთან თანამშრომლობის მზაობა კრიზისის დასაძლევად, რატომაც არა.

– კონკრეტულად ვის გულისხმობთ?

– თანამშრომლობის ფორმატებზე ღიად საუბრობენ “ლელო”, “ევროპული საქართველო”, ნიკა მელიამაც ისაუბრა ასეთ ფორმატზე. ამაზე საუბრობს ოპოზიცია, მაგრამ მთავრობის მხრიდან პასუხი არ არის ან არის მხოლოდ იარლიყების მიწებების დონეზე.

– ამ ფონზე, არჩევნების გადაწევის საკითხი რამდენად რეალურია?

– კონსტიტუციით არჩევნების თარიღი განსაზღვრულია და ეს ოქტომბრის ბოლოა. ერთადერთ შემთხვევას უშვებს კონსტიტუცია, რომ ეს თარიღი შეიცვალოს. ეს არის საომარი და საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში. თუკი 31 ოქტომბერს საგანგებო ან საომარი მდგომარეობა იმოქმედებს, მაშინ კონსტიტუცია არჩევნების თარიღის გადაწევას უშვებს. თუმცა, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან არჩევნები არაუადრეს 45 დღისა და არაუგვიანეს 60 დღისა ტარდება.

უარესი სცენარით რომ წავიდეთ, დეკემბრის ბოლო არის ის კონსტიტუციური ვადები, როდესაც ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.