ლევან ბერძენიშვილი – „ხელისუფლებამ თითო ოჯახზე 1.000-1.000 ლარი უნდა დაარიგოს“

ლევან ბერძენიშვილი - „ხელისუფლებამ თითო ოჯახზე 1.000-1.000 ლარი უნდა დაარიგოს“იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა

30 მარტს საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის გამო ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა. ქვეყანა თითქმის საკარანტინო რეჟიმზე გადავიდა. გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და გადაადგილება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მსუბუქი ავტომობილით, მათ შორის ტაქსითაც, ხოლო 70 წელს გადაცილებულებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ. ასევე იკრძალება 3 ადამიანზე მეტის შეკრება, ხოლო 21 საათიდან დილის 6 საათამდე მოქმედებს კომენდანტის საათი, რაც იმას ნიშნავს რომ გადაადგილება არ შეიძლება, ან სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი.

ამ სიმკაცრის მიუხედავად, ხელისუფლება ისევ ვერ ეუბნება მკაფიოდ სათქმელს ეკლესიას, რომ შეზღუდვები ეხება მათაც და უნდა აიკრძალოს ერთ სივრცეში – ეკლესიაში ათობით ადამიანის შეკრება და ასევე აღდგომის ღამეს გადაადგილება, რაც ითვლება ვირუსის გავრცელების ერთ-ერთ რისკფაქტორად.

რატომ ვერ ბედავს ხელისუფლება ეკლესიის ნების წინააღმდეგ წასვლას და რა ელის ხელისუფლებას იმ ვითარებაში, როდესაც ელემენტარული შემოსავლის გარეშე დარჩენილ მოსახლეობას ვერაფერს სთავაზობს? – ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი საუბრობს.

_ ხელისუფლება იღებს სხვადასხვა ზომებს, ამკაცრებს მათ, ეკლესიას უვლის გარშემო, მაგრამ მკაფიოდ მაინც ვერ ეუბნებიან სათქმელს. ამ კრიტიკულ სიტუაციაშიც არჩევნებზე ფიქრობენ თუ რატომ? რა შთაბეჭდილება გრჩებათ თქვენ?

_ ხელისუფლებას ეკლესიის ეშინია. დიდი ხნის მანძილზე ოპოზიციის ნაწილსაც ეშინოდა, მაგრამ, ხელისუფლებისგან განსხვავებით, ოპოზიციაში თანდათან სწორდება ვითარება.

მაგრამ, როგორც არ უნდა ეშინოდეს ხელისუფლებას ეკლესიის, მაინც იმოქმედებს ის წესები ეკლესიაზეც, რომელიც ახლა არის შემოღებული. ხელისუფლებას უნდა თუ არა, ეს მაინც მოხდება.

ეკლესიაში ერთი მხრივ აცხადებენ, ორ მეტრიან დისტანციას დავიცავთო, შემდეგ კი ერთი კოვზით აზიარებენ. ანუ დაგვცინიან. ამბობენ, თქვენ რწმენა არ გაქვთ, ჩვენ გვაქვს, ამიტომ უნდა დაგცინოთ. თქვენ ფრთხილობთ, მაშინ როცა საფრთხილო არაფერია, ქრისტეს სხეული და ა. შ. თითქოს ქრისტეს სხეულის გამო არ შეიძლება ეკლესიაში ინფიცირებული კაცი შევიდეს.

მათ ავიწყდებათ ერთი უბრალო იგავი: როდესაც უფალს შესთავაზეს, რომ მოდი ხალხი გავცხრილოთო, მან თქვა, რომ არა. ჯერ დაიხოცონ და მერე იქნება კეთილები ერთ მხარეს, ბოროტები მეორე მხარესო. ანუ, ის არ ერევა ამ ქვეყანაში. როგორ შეიძლება ეს არ იცოდნენ და სახარება არ ჰქონდეს წაკითხული მღვდელს, მაგრამ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ სინოდში და დაადგინეს, რომ მათი რწმენა ისეთი ძლიერია, რომ ახლა უნდა გამოიყენონ.

რაც უნდათ ის თქვან, წესები მაინც იმოქმედებს. გადაადგილება ღამით მაინც ვერ მოხდება. სადაც არ უნდა მიდიოდეს ადამიანი, გინდა ეკლესიაში მიდიოდეს და გინდა სამოთხეში. აღდგომის ღამეს თუ იმოქმედებს კომენდანტის საათი, ვერავინ ვერ გადაადგილდება. ხელისუფლებას უნდა თუ არა, ეშინია თუ არა, მას მაინც მოუწევს იზოლაციის წესების დაცვა.

ახლა ჩვენ შევდივართ კრიტიკულ მეექვსე კვირაში, გაიზრდება ინფიცირების რიცხვი და გაიზრდება შიში, რაც დაძლევს ეკლესიის შიშს. ხელისუფლებაშიც არ არის ერთგვაროვანი სურათი, არიან ეკლესიასთან ენის მოჩლექვით მოლაპარაკენი და არიან ისინიც, რომლებიც ენის მოჩლექვით არ ლაპარაკობენ. ამიტომ, გაძლიერდება ის ფრთა, ვინც იცის, რომ ქვეყნის უსაფრთხოება და სახელმწიფო ინტერესები უფრო მაღლა დგას, ვიდრე ეკლესიის და პატრიარქის მიმართ შიში ან მოკრძალება.

_ რატომ ეშინიათ ეკლესიის?

_ რატომ ეშინიათ, მათ უნდა ჰკითხოთ. მე არ მეშინია და ამიტომ გელაპარაკებით ასე. იმათ იმიტომ ეშინიათ, რომ არ დაკარგონ ავტორიტეტი. ხალხში დიდია რწმენა ამ ინსტიტუციისა, საარჩევნო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილად მიაჩნიათ და ა. შ.

_ არჩევნებში ეკლესიას განიხილავენ პარტნიორებად?

_ დიახ, შეიძლება პარტნიორებად განიხილავენ, მაგრამ მე ერთი რამე მინდა გითხრათ. ჩვენი ეკლესია თავის თავს თვითონ უკეთებს დისკრედიტაციას. ეს ყველაფერი წინ დახვდებათ და იმათაც წინ დახვდება, ვისაც ეკლესიის წინაშე არ შეუძლია დაიცვას კანონი. კანონი ყველასთვის საერთოა. სამი კაცი არ შეიკრიბოს, ეს ნიშნავს, რომ არსად არ უნდა შეიკრიბოს, არც ეკლესიაში, არც სუფრაზე და არც არსად.

_ როგორ აღსრულდება კანონი?

_ მაგას გეუბნებით ზუსტად, რომ ეს კანონი აღსრულდება. იმიტომ, რომ შიში კორონავირუსის მიმართ უფრო ძლიერია, ვიდრე შიში პატრიარქის მიმართ. ხელისუფლებას მოუწევს ამის გაკონტროლება. ეკლესია კარგი რამეა, მაგრამ კორონა უფრო ძლიერია. თუ დროზე არ დავძლევთ ამ კრიზისს, ხელისუფლება ეკლესიასთან ერთად ყველაფერს დაკარგავს. ხალხი თუ მშიერი დარჩა, ამ ხელისუფლებას არავინ არ აირჩევს.

კორონავირუსის შედეგები ისეთი იქნება, რომ ხელისუფლებას ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ დარჩება. ეს ხელისუფლება გამოიცვლება იმიტომ, რომ მთლად დადებითად ვერ გამოვა ამ კრიზისიდან. იმედია, ხალხი არ დაგვეხოცება, მაგრამ, მოგეხსენებათ, მერე თავს იჩენს ეკონომიკური პრობლემები.

_ სწორედ აქ ჩნდება კითხვა. კი გვეუბნებიან და სწორია, რომ სახლში უნდა დავრჩეთ, მაგრამ ადამიანებს, რომლებიც დარჩნენ ელემენტარული ლუკმა-პურის გარეშე, რას სთავაზობენ?

_ მაგას ვამბობ სწორედ, რომ ვერაფერს შესთავაზებენ და ამიტომ დაემხობა ეს ხელისუფლება. როდესაც უნდა ჩატარდეს არჩევნები, ის ხელისუფლებას უკვე წაგებული აქვს, რადგან ამ კრიზისიდან გამოსავალს ეს ხელისუფლება ვერ იპოვის, მას არ აქვს ამ კრიზისიდან გამოსასვლელად არც ფული და არც სხვა რესურსი, რომ ეს საკითხი გადაწყვიტოს. ერთადერთი არის ის, რომ ის მილიარდერი რომ ჰყავთ, შეელიოს მილიონებს და დაურიგოს ხალხს, მაგრამ ის ამას არ იზამს.

იმიტომ, რომ ახლა, როდესაც მე და თქვენ კორონავირუსზე ვმსჯელობთ, ის ხეებზე ფიქრობს და მის ამოთხრაზე. იმიტომ, რომ არაადეკვატურია, ფსიქიკურად ჯანსაღი არ არის და ყველა, ვინც მას ემორჩილება, ამას ან ჩაწვდება ან ვერა, მაგრამ ფაქტია ერთი, რომ ხალხისთვის ხელისუფლებამ ჯერჯერობით ვერაფერი ვერ გაიღო. იმ ხალხს, ვინც სამსახური დაკარგა, არც ფული მისცა და არც კომპენსაცია. ერთადერთი ბანკებმა გადაუვადეს სესხები, თუმცა პროცენტი შეინარჩუნეს, მაგრამ მაინც შეღავათია ესეც. მაგრამ ხელისუფლების მხრიდან არც ვაუჩერზეა ლაპარაკი, არც დენზე, არც გაზზე…

ხელისუფლება არავის არ გვეხმარება და შესაბამის პასუხს მიიღებენ არჩევნებზე, ყველამ იცის როგორც ხდება ხოლმე.

საერთოდ, ამ ვირუსის შემდეგ ვერცერთი ხელისუფლება ვერ დარჩება მმართველობაში და არა მხოლოდ საქართველოში. ვერც ამერიკის ხელისუფალი დარჩება, ვერც ინგლისის და ვერც საფრანგეთის. იმიტომ, რომ ისეთი კრიზისია, რომელიც აუცილებლად ხელისუფლებას დაბრალდება. როდესაც გამოვალთ კრიზისიდან, ოპოზიცია ამოიღებს ხმას, რადგან, მიღებული წესის თანახმად, არავინ არ ერჩის ხელისუფლებას და ყველა ელოდება, რომ რამე გააკეთოს მან.

როდესაც კრიზისი დამთავრდება და ხალხი მშიერი დარჩება, ხომ იცით, რომ მერე ყველა ხმას ამოიღებს და შესაბამისი ამბები მოხდება. ეს ესმის ხელისუფლებას კარგად და ამიტომ მგონია, რომ ეკლესიას აღარ მოერიდება, რადგან მას უფრო დიდი პრობლემები აქვს.

_ იტალიის ხელისუფლებასაც წასვლა მოუწევს?

_ საერთოდ, ასეთი კრიზისის შემდეგ ვერცერთი ხელისუფლება ვერ რჩება ხოლმე, ამას გვაჩვენებს ისტორია. ინგლისში მოგებული ომის შემდეგ ვერ დარჩა ჩერჩილი. იმიტომ, რომ კრიზისი ხალხს ცუდად ამახსოვრდება და ის უკავშირდება ხელისუფლებას.

ჩვენი ხელისუფლება კორონავირუსთან მიმართებაში იქცევა სწორად, მაგრამ მოსახლეობასთან მიმართებაში _ არასწორად. იმიტომ, რომ ერთი თეთრი არ გამოიყო იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი ხალხისთვის რამე გაკეთდეს. არ არის პროგრამა დასახული და არ აპირებენ ამას. თუ ამას არ აპირებენ, ვიცით, რითიც დამთავრდება ეს _ მშიერი ხალხი მათ არ აირჩევს.

_ დღეს ივანიშვილისგან იმართება მთავრობა თუ თვითდინებაზე მიუშვა და თავად დამალულია?

_ შთაბეჭდილება ასეთია, რომ დღეს პრემიერ-მინისტრს აქვს იმაზე მეტი უფლებები, ვიდრე აქამდე ჰქონია. ასეთი შთაბეჭდილებაა, მაგრამ რა და როგორ არის, ეს ჩვენ არ ვიცით. მაგრამ ის, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გამოვიდა ივანიშვილი და ხალხს რაღაცას ეხვეწებოდა და ასეთ დროს არ გამოდის, იმის ნიშანია, რომ ის ან შეშინებულია, ან იმაზე ფიქრობს, რომ თუ ახლა რამე მოუვათ, რა ჩემი პრობლემა არისო.

ახლა კარგად ჩანს, რომ ის არ არის ქვეყნის ხელმძღვანელი და ავტორიტეტი. მისი იმედი არავის არ აქვს. მას ჰგონია, რომ თუ გამოჩნდება, ფულს მოსთხოვენ და ფულის გადახდა არ უნდა. ისე კი ვალშია ჩვენ წინაშე და სწორედ მაგან უნდა ამოიღოს 200, 300 თუ 500 მილიონი და გადაიხადოს. ჩემი აზრით, სწორი ტაქტიკა ეს იქნებოდა. შეიძლება საარჩევნოდ ამით ვერ უშველოს თავის თავს, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ ეს გასაკეთებელი აქვს. მაგრამ ის ამას არ გააკეთებს.

_ ლოგიკურად უნდა გააკეთოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დროს ვალების ჩამოწერის ინიციატივით გამოვიდა, ახლა უფრო სჭირდება ქვეყანას. ასე არაა?

_ იმ ვალების ჩამოწერისგან მისგან არაფერი არ წასულა. ახლა კი რეალურად ჯიბიდან უნდა ამოიღოს და დახარჯოს. მაშინ ზარალი მას არ უნახავს, ზარალი ბანკებმა ნახეს. ახლა კი ლაპარაკი იმაზეა, რომ რეალური ფული უნდა გაიღოს.

რაზეც საუბარია, რომ კორონავირუსის ფონდში 16 თუ 17 მილიონი შევიდა, ეს სასაცილო თანხებია. ამ დაავადებასთან ბრძოლის პირველ ეტაპსაც კი არ ეყოფა, მერე და მერე არ ეყოფა. მოსახლეობას და ადამიანებს მით უმეტეს არ ეყოფა და წესით კომპენსაცია უკვე უნდა იყოს დარიგებული 1.000-1.000 ლარი მაინც თითო ოჯახზე.

იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი დარჩა უმუშევარი და მათ შემოსავალი არ აქვთ.