“მეგობრები იყვნენ და შელაპარაკება მოსვლიათ” – მესტიაში სასაზღვრო პოლიციელმა მეორე პოლიციელი მოკლა

"მეგობრები იყვნენ და შელაპარაკება მოსვლიათ" - მესტიაში სასაზღვრო პოლიციელმა მეორე პოლიციელი მოკლამესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მულახში მკვლელობა მოხდა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” მულახის თემის რწმუნებულმა სოსო ზურაბიანმა განუცხადა, შემთხვევამდე შელაპარაკება მოხდა თანამშრომლებს შორის, რომლის დროსაც სასაზღვრო პოლიციის ერთი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით გარდაიცვალა.

“სამწუხარო ფაქტი მოხდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები არიან ორივენი. ცეცხლსასროლი იარაღით მოხდა მკვლელობა. შელაპარაკება ჰქონიათ, გარდაცვლილი ნასვამი ყოფილა. გაისროლა თანამშრომელმა. ორივე სამსახურში იყო. ის მეორე არ არის დაკავებული. არავინ იცის, გაიქცა იქიდან სადღაც ტყეში გავიდა, ეძებენ და ვერ პოულობენ. 35-38 წლის ბიჭები იქნებოდნენ, მეგობრები იყვნენ”, – განაცხადა სოსო ზურაბიანმა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა მესტიის რაიონის სოფელ მულახში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 20 აპრილს, მესტიის რაიონის სოფელ მულახში, შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის მულახის მე-2 სასაზღვრო პუნქტის მესაზღვრემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ამავე სასაზღვრო პუნქტის თანამშრომელს ბ.ი.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, რის შედეგადაც ბ.ი. ადგილზე გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება გადაუდებელი და აუცილებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, ასევე დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით ხორციელდება შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.